უმალ გამახსენდა 2011 წელს საევრობასკეტოდ დაწერილი წიგნი "მეშვიდე ცაზე, მეშვიდე ცდაზე". მართლაც, განსაკუთრებით გემრიელია რამდენიმეწლიანი უიღბლობის შემდეგ (ზედიზედ ექვსი ფინალის წაგება, აბა, სხვა რას უნდა მიეწეროს?) სანუკვარი ჯილდოს დაუფლება.
თასის მოპოვებას მეტი "სიმსუყე" შემატა სანახაობრივმა ფინალმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ოლიმპსა" და "შსს აკადემიას" შორის გამარჯვებულის გამოვლენას ძირითადი დრო არ ეყო. ბოლო წამების ქრონოლოგიაზე ქვემოთ შევჩერდებით. მანამდე შეხვედრის სცენარს
ერთ ეპიზოდში ოლიმპელი სტევან მილოშევიჩის ზურგსუკან მდგარმა შსს-ის მეფარე კირკ არჩიბეკმა თანაგუნდელ ილია ლონდარიძეს ხმამაღლა დაუძახა. ილიაც მილოშევიჩის წინ გაჩნდა. ამის გარეშეც ცხადი იყო, რომ აკადემიელები მაღალი დონის ცენტრის, სტევანის წინააღმდეგ ორმაგ დაცვას მიმართავდნენ.
ასეთ დროს ერთი ოლიმპელი ყოველთვის თავისუფლდებოდა. ეს რიგ ეპიზოდებში კარგად გამოიყენა ლიტველმა მარტინას ანდრიუკაიტისმა, რომელმაც საბოლოოდ 6 სამქულიანი ჩააგდო. მას თანაგუნდელებმა შორეულ ტყორცნებში მხარი სათანადოდ ვერ აუბეს.
პირველ ტაიმში "ოლიმპმა" ფარქვეშიდან მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, ხოლო მილოშევიჩი 2 ქულასა და 3 მოხსნას დასჯერდა.
როცა დაცვაში საქმე კარგად მიდის, შეტევაშიც ყველაფერი რიგზეა, - ეს ბოლომდე ვერ გამართლდა "შსს აკადემიას" შემთხვევაში, რადგან თავის მხრივ, "ოლიმპიც" მტკიცედ იდგა დაცვაში.
პირველ ტაიმში შსს-ელები, უმთავრესად, ვონისა და მოუხელთებელი ილია ლონდარიძის წყალობით აგროვებდნენ ქულებს. მეორე მეოთხედში მათ ამერიკელი ფორვარდი ჩად პრევიტი დაუშავდათ და მატჩი ვეღარ განაგრძო.
მესამე პერიოდში აკადემიელთა დაცვის სიმტკიცემ პიკს მიაღწია და გუნდმა 22:9 მოიგო. მეოთხე რაუნდის დასაწყისში სამქულიანით თავი გამოიჩინა შსს-ს ახალგაზრდა გამთამაშებელმა რევაზ როგავამ, რომლის ტყორცნის შემდეგ გუნდი 52:38 დაწინაურდა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ ტემპს უმატა "ოლიმპმა".
რეზოს არ ჩამორჩა ასევე ახალგაზრდა ოლიმპელი ირაკლი მიქელაძე... მისსა და ლევან ფაცაციას შორეულ ტყორცნებს ანდრიუკაიტისმა კიდევ ერთი სამიანი მიაყოლა და ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა - 58:58.
ოვერტაიმში კი სამქულიანების ფეიერვერკი ვიხილეთ: ვონმა ორი, ლომოურმა ერთი სამიანი ჩააგდო და დამატებითი დროის დასრულებამდე 1:27 წუთით ადრე შსს 69:58 დაწინაურდა. გია კაზანჯიანის შეგირდებმა ისევ სამქულიანებით სცადეს სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ...
მატჩის საუკეთესო კალათბურთელ დეონტა ვონს კალათბურთის ფედერაციამ სპეციალური ჯილდო გადასცა, ხოლო ტელეწამყვანმა ჯამლეტ ხუხაშვილმა - ლეგენდარული კომენტატორის, კოტე მახარაძის სახელობის გარდამავალი თასი.
27 იანვარი. თბილისი, სპორტის სასახლე
შსს აკადემია-ოლიმპი 79:69
18:14, 13:14, 18:8, 9:22, 21:11
შსს აკადემია: ვონი (27ქ, 10მ, 5პ), როგავა (9ქ, 3ჩ), პრევიტი (5ქ), ანთაძე (2ქ, 5მ), არჩიბეკი (12ქ, 21მ), ჩიტაშვილი, ბოქოლიშვილი (5ქ), ლონდარიძე (16ქ), ლომოური (3ქ), ბექაური, რეიმონდი.
ოლიმპი: სოკი (12ქ, 8მ, 5პ), ფაცაცია (12ქ, 11მ, 5პ), ბერიშვილი (6ქ, 5მ), დვალიშვილი (2ქ, 6მ), მილოშევიჩი (10ქ, 10მ, 3დ), გულისაბედაშვილი, ტომარაძე (2ქ), მიქელაძე (3ქ), ანდრიუკაიტისი (22ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ზ. მაჩალაძე.
ნამატჩევს
საპრესკონფერენციო დარბაზში "შსს აკადემიას" წევრები თასებით ხელდამშვენებულები შემოვიდნენ.
მთავარმა მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა საქართველოს თასს ხელი დაადო და თქვა:
"თბილისში პირველად ზუსტად ერთი წლის წინათ, 28 იანვარს ჩამოვედი. წამოსვლის წინ ჩემს ქალიშვილსა და მეუღლეს დავპირდი, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩემი გუნდი, მინიმუმ, ფინალში ითამაშებდა.
ამ ჯილდოს მათ ვუძღვნი, ასევე, ჩემს მეგობარ მწვრთნელ ჰელიოს კუფოსს, რომელმაც გულზე ოპერაცია გაიკეთა და კარიერას ვეღარ აგრძელებს.
რაც შეეხება შეხვედრას, მინდა აღვნიშნო, რომ "ოლიმპმა" მაღალ დონეზე ითამაშა. მეტად სანახაობრივი ფინალი გამოვიდა. ბევრი მეკითხება, რატომ გავუშვი გამთამაშებელი ლარი ბლერი და მის ნაცვლად დეონტა ვონი ჩამოვიყვანე. ვფიქრობ, პასუხი დღესაც მივიღეთ. ვონმა გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა."
"ოლიმპის" თავკაცმა გია კაზანჯიანმა მოკლე, მაგრამ საფუძვლიანი ანალიზი გააკეთა:
"ველოდით, რომ ჩვენი ცენტრის, მილოშევიჩის წინააღმდეგ "აკადემია" ორმაგ დაცვას მიმართავდა. საპასუხოდ, პერიმეტრზე უპირატესობა უნდა შეგვექმნა, მაგრამ ჩვენმა მსროლელებმა სამქულიანები დაბალი შედეგიანობით ისროლეს. თუნდაც სამით მეტი ტყორცნა რომ გამოგვეყენებინა, სხვა სურათი გვექნებოდა. მილოშევიჩმა ნახევარფინალში ფეხი იტკინა და, ალბათ, ამიტომაც ვერ ითამაშა ჩვეულად."
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი დეონტა ვონი:
"ოლიმპელებს სუპერლიგის პირველ წრეში ვეთამაშეთ და დავმარცხდით. მათ კარგად ვყავდი შესწავლილი. ამ შეხვედრისთვის კი მაქსიმალურად მოვემზადეთ და შედეგიც ნახეთ. ვფიქრობ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო. თუმცა დღეს გუნდური თამაშით გავიმარჯვეთ."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"