ფინალური შეხვედრა საწყისი წუთებიდანვე კოტე ტუღუშის შეგირდების კარნახით წარიმართა. მასპინძლები ყველა ასპექტში სჯობდნენ მეტოქეს და ანგარიშს თანდათან სოლიდურ სახეს სძენდნენ. პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 12 ქულით მოიგეს (22:10), შემდეგ 26 ქულამდეც გაზარდეს სხვაობა, დიდ შესვენებაზე კი 24-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 45:21.
პირველ ტაიმში საუკეთესო ქუთაისელთა ფორვარდი გიორგი ბარბაქაძე იყო,
მატჩის ბედი, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი იყო და მეორე ტაიმში მასპინძლები ცოტა მოეშვნენ. "არენამ" მცირედით კი შეამცირა სხვაობა, მაგრამ შემდეგ საქმეში აკაკი ლომოური ჩაერთო, მისი ზუსტი სროლების შედეგად "ქუთაისმა" მეტოქეს ოდნავ მიახლოების საშუალებაც არ მისცა და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით გაიმარჯვა.
ქუთაისელთა რიგებში 18 ქულით საუკეთესო მაჩვენებელი აკაკი ლომოურს ჰქონდა, ერთით ნაკლები ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ. არენელთა რიგებში კი ორმაგი დუბლით (15 ქულა, 16 მოხსნა) ალექსანდრე რიხლიუკი გამოირჩა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. მემორიალის საუკეთესო მწვრთნელი "ქუთაისის" დამრიგებელი კოტე ტუღუში გახდა, რომელიც ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელისთვის დაწესებული პრიზი ზურაბ საკანდელიძის ძმამ, ანზორ საკანდელიძემ "ქუთაისისა" და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძეს გადასცა. საუკეთესო ფორვარდად დასახელდა გიორგი ბარბაქაძე, რომელიც ვეტერანმა კალათბურთელმა ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვა.
ქუთაისის მერიის მიერ დაწესებული პრიზი ქალაქის მერმა აკაკი ლომოურს გადასცა. ბოლოს, ანატოლი ბოისამ ზურაბ საკანდელიძის მეუღლისგან, ქალბატონ მაცაცო საკანდელიძისგან ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი ჩაიბარა და თანაგუნდელებთან ერთად ფოიერვერკის ფონზე აღმართა.
მატჩის შემდეგ
კოტე ტუღუში:
- მივულოცავ ქუთაისელ გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში გვიდგას და გვეხმარება იმაში, რომ წარმატებულები ვიყოთ. ქორქია-საკანდელიძის თასის გათამაშება ძალიან საინტერესო და პრესტიჟული ტურნირია. ამ ორი ლეგენდარული კალათბურთელის მემორიალზე გამარჯვება ქუთაისელებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
აღნიშნული ტურნირი მეორე წელიწადია ქუთაისში იმართება. მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მეორედ მოვიგეთ ეს ტიტული და მინიმუმ ერთი წლით ქორქია-საკანდელიძის სახელობის თასს "ქუთაისი" დაიტოვებს.
იოლი გზა ნამდვილად არ გაგვივლია, საკმაოდ საინტერესო, სანახაობრივი და დაძაბული ტურნირი გამოვიდა, რაც მომავალი დაპირისპირებებისთვისაც ძალიან გამოგვადგება. რამდენიმე დღეში სუპერლიგაში მე-3 წრე იწყება, სადაც გამოსასწორებელი გვაქვს სატურნირო მდგომარეობა და ვეცდებით, რომ წარმატებით ვითამაშოთ.
ანატოლი ბოისა:
- ჩვენთვის ყველა მოგება ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის - იმ ორი ლეგენდარული კალათბურთელის მემორიალის ზედიზედ მეორედ მოგება, რომლებმაც აქ დაიწყეს კალათბურთის თამაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატში ასეთი ამაღლებული განწყობით გავაგრძელებთ თამაშს, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და სეზონს ჩემპიონობით დავაგვირგვინებთ!
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2017. ფინალი
ქუთაისი-არენა 80:58
22:10, 23:11, 13:14, 22:23
ქუთაისი: ცეკვავა (6ქ), ფაშაევი (8ქ,7მ,9პ), გ.ბარბაქაძე (17ქ), ტუბაკი (8ქ,6მ), ბექაური (7ქ,6მ), ბოისა (7ქ), ჭეიშვილი, წივწივაძე (2ქ), ქადარია (2ქ,7მ), ცინცაძე (5ქ), ლომოური (18ქ)
არენა: ლუისი (11ქ), კოპალიანი, ალექსისი (9ქ,8მ), რიხლიუკი (15ქ,16მ), აბაიშვილი (6ქ), ჩაჩიბაია (3ქ), ბიწაძე (5ქ,15მ), ყველაშვილი, მაისურაძე (4), მეგენეიშვილი (5ქ)
მსაჯები: ი.ბერიშვილი, ზ.მაჩალაძე, დ.ბერეკაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"