- ჯერ პირველ მატჩზე ვთქვათ, "რუსთავთან" რთულ ბრძოლაში მოიგეთ.
- ეს სეზონის პირველი შეხვედრა იყო და მოსალოდნელიც იყო, რომ იოლად ვერ მოვიგებდით. კარგია რომ გაგვიჭირდა, რადგან ბიჭები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ სუსტი მეტოქე არ არსებობს. შესაბამისად, მომდევნო შეხვედრაზე სათანადოდ კონცენტრირებულები გამოვლენ.
- "სამედიცინო" საბოლოოდაა დაკომპლექტებული, თუ მემორიალის მერე ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
- ჩემპიონატის დაწყებამდე კალათბურთელთა დამატება შესაძლებელია. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ესაა გუნდის
- რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით განვლილი მოსამზადებელი პერიოდით?
- სექტემბერში თურქეთში ვიყავით. ჩვენი უნივერსიტეტისა და ერზრუმის ათათურქის სახელობის უნივერსიტეტის რექტორებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და თურქეთში სწორედ უნივერსიტეტის ბაზაზე ვვარჯიშობდით. იდეალური პირობები გვქონდა შექმნილი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენი სასწავლებლის რექტორ ზურაბ ვადაჭკორიას, კანცელარიის ხელმძღვანელ ზურაბ ორჯონიკიძესა და გუნდის პრეზიდენტ გია აბესაძეს. თურქეთში შეკრების გარდა კულტურული ტურიც გვქონდა - მოვინახულეთ ბანასა და ოშკის მონასტრები.
- ერზრუმში საკონტროლო მატჩები თუ გამართეთ?
- ოთხი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაგან სამში გავიმარჯვეთ.
- ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბრძანდებით და ეროვნული გუნდის გამოსვლაზე უნდა გკითხოთ.
- ჩვენი ნაკრების თამაში დადებითად უნდა შეფასდეს, ამის თქმის საფუძველს ნაჩვენები შედეგი მაძლევს - ევროპის საუკეთესო 12 გუნდს შორის მოვხვდით.
- როგორ ფიქრობთ, რესურსი ბოლომდე იყო ათვისებული?
- ჩემი აზრით, იმ შემადგენლობით, რაც იგორ კოკოშკოვის განკარგულებაში იყო, მაქსიმუმი გაკეთდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"