არმია-გოტინგენი 82:76 - "არმიამ" ევროჩელენჯი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
8 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე
არმია-გოტინგენი 82:76
23:14, 20:20, 15:14, 24:28
8 000 მაყურებელი
მსაჯები: სეფი შემეში (თურქეთი), დიმიტარ გოლოგანოვი (ბულგარეთი), საშა პეტეკი (სლოვენია)

ტა, ტა, ტა, მოვიდა სანდიატა!

- აგერ გვყოლია კარგი ბიჭი - მომავალ შესარჩევში საქართველოს ნაკრებში სანდიატა გეინსი ვათამაშოთ. ფიზიკურადაც ძლიერია, სისწრაფეც აქვს, აზროვნებაც, პასიც იცის და ბურთის ჩაგდებაც. ახალგაზრდა შემონდ უილიამსია, - მითხრა ჩემმა კოლეგამ "არმია"-"გოტინგენის" მატჩის დასრულების შემდეგ (თუმცა საკითხავია, თავად გეინსს სურს ქართული პასპორტი?).

კალათბურთელის გადამეტებული ქება არ ღირს, მაგრამ გუშინ მოედანზე გეინსი მთავარი მოქმედი
პირი იყო.

მან პირველ ტაიმშივე გამოავლინა მაღალი კლასი: 3-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 15 ქულით გავიდა. შეხვედრის ყველაზე ეფექტური ეპიზოდიც გეინსზე მოდის: მესამე პერიოდის დასრულებას წამები უკლდა, იგი საკუთარი ნახევრიდან "გოტინგენის" ფარქვეშ თვალის დახამხამებაში შეიჭრა და უილიამ ტომასს ისეთი პასი გაუკეთა, ჩატენვის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა. უილმა ერთი საჯარიმოც მიაყოლა და მესამე პერიოდის წინ "არმია" ათით დააწინაურა - 58:48.

ბოლო წუთებზე, როცა გერმანელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და მთელი დარბაზი სუნთქვაშეკრული შესცქეროდა თამაშს, გეინსმა შორეული სამქულიანი მშვიდად ისროლა და, რა თქმა უნდა, ჩააგდო - 78:71 (სირენამდე 1:14 წუთით ადრე). ეს უკვე გამარჯვების ტოლფასი იყო.
გეინსი მატჩის ბომბარდირი გახდა, 24 ქულა მიითვალა (7-დან 5 სამქულიანი).

"არმიის" ამერიკელ გამთამაშებელზე ბევრი კი ვილაპარაკეთ, მაგრამ გუშინდელი გამარჯვება ერთ კალათბურთელს არ მოუტანია - 82:76 გუნდის მონაპოვარია. მართალია, რიგ ეპიზოდებში ჯერემი რიჩარდსონი აჩქარდა, მაგრამ როცა შეხვედრის ბედი სასწორზე აღმოჩნდა, საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობა სრულად გამოავლინა. თავად განსაჯეთ: რიჩარდსონს საწყის სამ პერიოდში 8 ქულა ჰქონდა, მეოთხე რაუნდში კი 9 მიამატა და სულ 17 მოუგროვდა. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

სანდიატა გეინსს გამთამაშებლის პოზიციაზე ზოგჯერ ცვლიდა გილერმო დიასი, თუმცა პუერტო რიკოელი ძირითადად მსროლელის ფუნქციებს ასრულებდა. სროლის სიზუსტით ჩვეულად ვერ გამოირჩა, მაგრამ გუნდისთვის მეტად სასარგებლო იყო, რაზეც თუნდაც 8 შედეგიანი გადაცემა მეტყველებს.

- დიასს საკუთარი შესაძლებლობები ჯერ არ უჩვენებია, მაღალი კლასის უკანახაზელია, გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, - აღნიშნა მატჩის შემდეგ "არმიას" მეორე მწვრთნელმა ვაჟა მხეიძემ.

არმიელებს ფარქვეშ დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რაც მოხსნებში გამოიხატა, გერმანელებს ამ კომპონენტში 51:30 ვაჯობეთ. სამი პერიოდის შემდეგ ფარქვეშიდან ჩაგდებული ბურთებით ჩვენი გუნდი 20:14-ს იგებდა. ეს ყველაფერი მძიმე ფორვარდის უილიამ ტომასის და ცენტრის იოაკიმ შელბომის დამსახურებაა. მათ ერთობლივად 28 მოხსნა მიითვალეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გოტინგენელები სამწამიან ზონაში ქვითკირის კოშკებივით მტკიცედ იდგნენ და მასპინძელ მეფარეებს ბურთის ჩაგდება უჭირდათ. ტომასმა ყველაზე მეტი, 40 წუთი ითამაშა, რაც მის ღირებულებაზე მიუთითებს.

მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა მხოლოდ სამი ქართველი ათამაშა: ანატოლი ბოისა 11 წუთით, დავით საყვარელიძე - 3 წუთით, ზვიად ბაბიაშვილი - 5 წუთით. დათომ და ზვიადმა ბევრი ვერაფერი მოასწრეს, ანატოლიმ კი თავი ენერგიული თამაშით დაგვამახსოვრა, შეტევაშიც აქტიური იყო.

მატჩის შემდგომ მთავარ მწვრთნელს ქართველ კალათბურთელებზე ვკითხეთ:

- დღეს ევროჩელენჯზე პირველი თამაში ჩავატარეთ, საწყისი შეხვედრა ყოველთვის მძიმეა. ამიტომ ძირითადად ლეგიონერებს დავეყრდენი, მომდევნო მატჩებში ქართველები მეტად დაიტვირთებიან.

"არმიას" კალათბურთელებზე ინდივიდუალურად ვილაპარაკეთ, ახლა შეხვედრის ზოგადი სურათი მოვხაზოთ.

ვერავინ წარმოიდგენდა, "გოტინგენი" ასე კარგად თუ დაიცავდა თავს: გერმანელებს ჩვენები სათანადოდ ჰყოლიათ შესწავლილი და მაქსიმალურად ცდილობდნენ ინდივიდუალური მოქმედებები შეეზღუდათ - მასპინძლებს მთელი თამაშის განმავლობაში მათსავე მოედანზე ხვდებოდნენ და ერთმანეთსაც კარგად აზღვევდნენ. პირველ რიგში, სწორედ ამის ბრალია 6-ზე მეტი სხვაობით რომ ვერ მოვიგეთ. მატჩზე დამსწრე გერმანელმა ჟურნალისტმაც აღნიშნა, ამ სეზონში ასე კარგად თავს პირველად იცავენო.

ვერ ვიტყვით, რომ "არმიის" დაცვა არანაკლები იყო, ერთადერთი, პირველ ტაიმში რობერტო მაფრას შეკავება გაჭირდა. "გოტინგენის" მეფარე მაფრა ფარქვეშ ვერ შედიოდა, ამიტომ მან სამწამიანი ზონის გარეთ "გაშალა აფრა" და სამი პერიოდის შემდეგ მის ანგარიშზე 16 ქულა იყო (მეოთხე პერიოდში აქტივს მხოლოდ ერთი ორქულიანი შემატა).

როგორც გითხარით, "გოტინგენს" ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება უჭირდა, ამიტომ საშუალო და სამქულიან ტყორცნებზე ჰქონდა აქცენტი აღებული. საბოლოოდ 10 სამქულიანი ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. თუ მცირე ღრიჭო ჩნდებოდა, გერმანელთა სწრაფი უკანახაზელები ფარქვეშ შეჭრას არ ერიდებოდნენ. ამიტომაც დაფიქსირდა სამწამიანიდან რეალიზებულ ქულებში თანაბარი ანგარიში - 26:26.

"არმიას" შეტევა უფრო მრავალფეროვანი იყო, გარედანაც აგდებდნენ, საშუალო მანძილიდანაც და ფარქვეშიდანაც. თუმცა გუნდს კიდევ სჭირდება შეთამაშება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ერთ ან თუნდაც 2 თვეში გუნდური თამაშის დახვეწა წარმოუდგენელია.

აქამდე "არმიას" საქართველოს ჩემპიონატის გუნდებთან უწევდა დაპირისპირება და ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. სერიოზულ მეტოქეს ჩვენი ჩემპიონი პირველად გადაეყარა და ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა. იგივე შეიძლება ითქვას გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელ კოტე ტუღუშზე, რომლისთვისაც მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ გუშინ შედგა. დასაწყისი კარგია.

შესაძლოა, თავად მწვრთნელსაც სურდა უფრო დიდი სხვაობით მოგება, მაგრამ როგორც ვთქვით, სადებიუტო მატჩი ყოველთვის მძიმეა. ბურთების საერთო შეფარდებაზე ფიქრი კი ნაადრევია, რადგან ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი გუნდია (თურქული "ბეშიქთაში" და ჰოლანდიური "ლეიდენი") და თითოს კიდევ ხუთი მატჩის ჩატარება მოუწევს. მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გადის.

* * *
მატჩის შემდგომ ორივე გუნდის მწვრთნელმა ემოციურად ილაპარაკა. "არმიის" დამრიგებელი კოტე ტუღუში გახარებული იყო:

- ევროპის საკლუბო ტურნირებში ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, ამიტომ დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა გვქონდა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩს შინ ვატარებდით და მრავალრიცხოვანი პუბლიკის წინაშე წაგება არ შეიძლებოდა. გამოუცდელობამაც იჩინა თავი. თუმცა მომდევნო შეხვედრის წინ თავდაჯერება შეგვემატა და ვიმედოვნებ, უკეთესადაც ვითამაშებთ.

გამარჯვებული მწვრთნელი მეტოქესაც შეეხო:

- მესმოდა რეპლიკები, თითქოს, "გოტინგენი" არასერიოზული მეტოქეა. ამის საფუძვლად გუნდის გერმანიის ჩემპიონატში გამოსვლა სახელდებოდა. თუმცა რეალურად რა ძალისაა "გოტინგენი", ყველამ კარგად დავინახეთ. მის დასამარცხებლად დიდი შრომა დაგვჭირდა.

ქართველთა კაპიტანმა ზვიად ბაბიაშვილმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა:

- საინტერესო შეხვედრა გამოდგა და დაძაბულობა ბოლომდე გაჰყვა. გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

მოვუსმინოთ მატჩის ბომბარდირ სანდიატა გეინსს:

- წინასწარ ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქესთან გვქონდა საქმე. "გოტინგენმა" მართლაც კარგად ითამაშა, თუმცა ჩვენც სათანადოდ გავისარჯეთ. მეოთხე პერიოდში, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა, ზუსტად ვისროლეთ და შედეგი ამან განაპირობა. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ სამშაბათს "ბეშიქთაში" გველის. ვფიქრობ, მეორე შეხვედრას პირველზე უკეთ ჩავატარებთ.

გერმანელთა დამრიგებელი სტეფან მიენაკი ძირითადად ქართულ გუნდზე ლაპარაკობდა:

- თბილისში ძლიერი მეტოქე დაგვხვდა, ატმოსფეროც შესანიშნავი იყო. ჩვენც მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვიდა. გადამწყვეტი როლი ითამაშეს არმიელთა სნაიპერებმა ჯერემი რიჩარდსონმა და სანდიატა გეინსმა. ბოლო მომენტში მათი შეჩერება ვერ მოვახერხეთ. ამ წაგებით დაკარგული არაფერია, ჯგუფში თანაბარი ძალის გუნდები არიან შეკრებილნი და არავინ იცის, მომდევნო მატჩებში მოვლენები როგორ განვითარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა უბედურებაა-გოტინგენი? უმლაუტი როგორ გადმოდის ქართულში? იქნებ გოეთეც დაწეროთ, როგორც გოტე?
goka
16:14 09-11-2011
0

სიახლეები პოპულარული