ეს სათქმელად იოლია, მაგრამ მისია არცთუ იოლი შესასრულებელია, რადგან მეტოქედ თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი "ბეშიქთაში" ჰყავს.
მართალია, NBA-დან ჩამოყვანილი ვარსკვლავები, დერონ უილიამსი და სემიჰ ერდენი თურქეთიდან ამერიკეში გაემგზავრენ და თბილისში ვერ ითამაშებენ, მაგრამ მათ გარეშეც "ბეშიქთაში" მაღალი კლასის კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუნდაც ევროლიგაზე გამოცდილი დევიდ ჰოუკინსისა და მარსელიუს კემპის (რომელსაც ტრავმა აქვს და "არმიასთან" თამაში საეჭვოა) ხსენებაც საკმარისია.
დანაკლისია
ეს სერიოზული თავსატეხია, მაგრამ არმიელებს შევსებაც აქვთ, თანაც ისეთი, რომ ნამდვილად შეიძლება გვქონდეს "ბეშიქთაშთან" გამარჯვების იმედი. გუშინ, "არმიას" ღია ვარჯიშზე ექვს უცხოელს ველოდით (რიჩარდსონს, ტომასს, ფრეიეს, ჰოუკინსს, შელბომსა და დიასს, რომელიც არ ვარჯიშობდა), თუმცა ერთით მეტი ლეგიონერი დაგვხვდა - პირველი ვარჯიში ჩაატარა ახალწვეულმა ბენ ვუდსაიდმა. იგი ახალგაზრდა გამთამაშებელია, სლოვენიის "ოლიმპიაში" გამოდიოდა. სხვათა შორის, ბენმა ოლიმპიელთა მაისურით ევროლიგის მატჩი გასულ კვირასაც ითამაშა, თუმცა სლოვენიელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და ვუდსაიდმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ასე და ამგვარად, იგი კარგ ფორმაშია, თუმცა მთავარია, გუნდთან მეტ-ნაკლებად კარგად მოასწროს ადაპტაცია.
არმიელთა შემადგენლობაში ივარჯიშეს ერთი კვირის წინ ჩამოსულმა კლიფ ჰოუკინსმა და მეტიუ ფრეიემ. როგორც ჩანს, ისინი გუნდს უკვე გაუშინაურდნენ, თუმცა რამდენად კარგად შეეწყვნენ ტაქტიკურად ხვალ ვნახავთ.
არმია
ვარჯიშის ბოლოს "არმიას" ქართველმა უკანახაზელმა ანატოლი ბოისამ დაგვაიმედა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ძალას არ დაიშურებენ წარმატების მისაღწევად:
- შინ ვთამაშობთ, რაც დიდ უპირატესობას გვაძლევს, თუმცა მეტოქესაც უნდა ვცეთ პატივი - "ბეშიქთაში" ჯგუფის ლიდერია და მასთან გამარჯვება ჯერ ვერავინ მოახერხა. თავს არ დავზოგავთ, რათა ჯგუფიდან გასვლა პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გავინაღდოთ.
რამდენიმე კითხვით მივმართეთ მასპინძელთა მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს. პირველ რიგში ახალწვეულით, ბენ ვუდსაიდით დავინტერესდით.
- მართალია, იგი ახლა შემოგვიერთდა, მაგრამ კარგ ფორმაშია. გასულ სეზონში ვუდსაიდი ევროჩელენჯზე ფრანგული "გრაველინის" ღირსებას იცავდა. შეჯიბრების ლიდერებში მესამე იყო - საშუალოდ 18.5 ქულას აგროვებდა. პასებში მეორე გახლდათ. ბენი მიმდინარე სეზონში სლოვენიის "ოლიმპიაში" თამაშობდა, თუმცა უფროსობასთან მცირე უთანხმოება მოუვიდა და გუნდი დატოვა.
- შეცვლიან სრულფასოვნად სანდიატა გეინსსა და გილერმო დიასს კლუფ ჰოუკინსი და ბენ ვუდსაიდი?
- გეინსი მზადების დასაწყისიდან ჩვენთან იყო და ბევრი რამ მასზე ავაწყეთ. კარგად მოგეხსენებათ, რა როლი აკისრია გამთამაშებელს ნებისმიერ გუნდში. მისი სრულფასოვანი შეცვლა ვერ მოხერხდება, თუმცა მოკლე დროში გეინსის შემცვლელი კალათბურთელიც მოვძებნეთ და ტაქტიკურ სქემებშიც შევიტანეთ ცვლილებები.
- გილერმო დიასი როდის განაახლებს ვარჯიშს?
- ერთი რამ ცხადია - იგი "ბეშიქთაშთან" არ ითამაშებს. ექიმები გვაიმედებენ, რომ მომდევნო სამშაბათის, "ლეიდენთან" გასვლითი მატჩისთვის მწყობრში იქნება.
- უშუალოდ მატჩზე რისი თქმა შეიძლება?
- ჩვენი მეტოქე არა მხოლოდ ჯგუფის, ევროჩელენჯის წლევანდელი გათამაშების ფავორიტია. ასე რომ, ურთულესი ბრძოლა გველის. მართალია, "ბეშიქთაშს" მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს, მაგრამ არა მგონია, საქართველოში სასეირნოდ იყოს ჩამოსული.
ბეშიქთაში
თურქული გუნდის ვარჯიში 20 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ 21 საათზე დაიწყო. ამის მიზეზი თვითმფრინავის დაგვიანება გახლდათ - როგორც "ბეშიქთაშის" თავკაცმა, ერგინ ატამანმა გვითხრა, მათმა თვითმფრინავმა ორი საათით დააგვიანა.
მწვრთნელმა მოედანზე კალათბურთელებს რომ უხმო, სრული შემადგენლობა არ შეიკრიბა. "ბეშიქთაში" ისედაც 10-კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა და მათგან ერთ-ერთ ლიდერ მარსელიუს კემპს ტრავმის გამო არ უვარჯიშია (ყოველ შემთხვევაში, ვიდრე დარბაზში ვიყავით კემპს ექიმები დასტრიალებდნენ, 15 წუთის შემდეგ კი ვარჯიში მედიისთვის დაიხურა).
პრესისთვის მოიცალა მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა:
- ჯგუფში ორი ლიდერია, "არმია" და "ბეშიქთაში". ამ გუნდებს შორის თურქეთში 21-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. რეალურად ძალთა თანაფარდობაში ასეთი სხვაობა არ არის, უბრალოდ სტამბოლში "არმიას" წინააღმდეგ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ.
- განმეორებით მატჩზე რას იტყვით?
- ფავორიტი "არმიაა". ჯერ ერთი იმიტომ, რომ შინ თამაშობს. თბილისური მატჩების ვიდეოჩანაწერები ვნახე და ვიცი, რა მხარდაჭერა ექნება თქვენს გუნდს. ამასთან, ისიც არაა დასამალი, რომ შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვედით: NBA-ს დაუბრუნდნენ სემიჰ ერდენი და დერონ უილიამსი. მათ შემცვლელებს ვეძებთ, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვნეთ. ამიტომ, საქართველოში 10 კაცით ჩამოვედით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლოა, ცოტა რელაქსაცია გვჭირდება, მაგრამ როგორც ყველა მატჩში, თბილისშიც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
- ზაზა ფაჩულიაზეც გკითხავთ, რომლის დამატებაც თითქმის გადაწყვეტილი იყო.
- ბოლო მომენტში ტრანსფერი არ შედგა. ამერიკიდან ასევე კობი ბრაიანტის ჩამოყვანა გვსურდა, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა. სამაგიეროდ დერონ უილიამსი და სემიჰ ერდენი დავიმატეთ, რომელებმაც დიდი სამსახური გაგვიწიეს. 1999 წელს ზაზა თურქეთში ახალი ჩამოსული იყო, "ულქერში" მასთან მუშაობა რომ მომიწია. ძლიერი კალათბურთელი და კარგი პიროვნებაა. ასევე ვიცნობ ვლადიმერ ბოისას და საერთოდ, საქართველოს ნაკრებს. გასულ ევროაბსკეტზე საინტერესო თამაში უჩვენეთ.
შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"