"არმია": მომდევნო ეტაპზე გასვლა გვეკუთვნოდა, ოღონდ არა ასეთი თამაშით

AutoSharing Option
ევროჩელენჯის პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩი ჰოლანდიურ "ლეიდენსა" და "არმიას" შორის გუშინ გვიან ღამით დასრულდა, ამიტომ მხოლოდ მოკლე მიმოხილვა შემოგთავაზეთ (76:59 "ლეიდენის" სასარგებლოდ). არაფერი გვითქვამს მატჩისშემდგომ ამბებზე.

თამაშის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს როგორც მწვრთნელებმა, ასევე კალათბურთელებმა. ყველაზე მეტად, ალბათ, ქართველთა მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის მოსაზრება გაინტერესებთ. აი, რა თქვა მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:
- დღეს მეტოქემ ჩვენზე უკეთესად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. "ლეიდენის" კალათბურთელებმა პირველი პერიოდი ძალიან კარგად ჩაატარეს. ამის შემდეგ დაცვაში და შეტევაში თამაშის გამოსწორება შევძელით, რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო. სწორედ
ამიტომ, მეოთხე პერიოდის პირველ წუთებამდე მჯეროდა, რომ მატჩის შემოტრიალება შეგვეძლო, მაგრამ... ჩვენი დღე არ იყო.

მოვუსმინოთ "არმიას" ქართველ კალათბურთელ დავით საყვარელიძეს:
- იმედგაცრუებული ვარ. ძალიან ცუდად გავისარჯეთ. ტურნირის მსვლელობას ზოგადად თუ გადავხედავთ, ჩემი აზრით, "არმია" მომდევნო ეტაპის საგზურს იმსახურებდა, მაგრამ არა ასეთი თამაშით.

საპირისპირო განწყობა იყო ჰოლანდიელთა ბანაკში. მათ ხომ ევროჩელენჯზე კიდევ ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევთ (ჯგუფში ფრანგულ "როანთან", ლატვიურ "ვენტსპილსთან" და გერმანულ "ოლდენბურგთან" მოხვდნენ). "ლეიდენის" მთავარი მწვრთნელი ტონ ვან ჰელფტერენის მოსაზრებასაც გავეცნოთ:
- "არმიას" თამაში კარგად გვქონდა გაანალიზებული. ვიცოდით ქართული გუნდის დადებითი და უარყოფითი მხარეები. პირველივე წუთებიდან გუნდური და ენერგიული თამაში ვუჩვენეთ, რამაც შედეგი მოგვიტანა. ჩემი შეგირდების მიმართ კომპლიმენტებს არ დავიშურებ. მათ მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს.

მწვრთნელის მოსაზრებას დაეთანხმა მოჰამედ კერაზი:
- პირველი პერიოდი საოცარი სანახავი იყო, ვუჩვენეთ ის კალათბურთი, რომელსაც ჩვენი გულშემატკივარი ელოდა. ქომაგობამ მართლაც დიდი ენერგია შეგვმატა და საწადელს მივაღწიეთ. მომდევნო ეტაპის საგზური, პირველ რიგში, გუნდური თამაშის წყალობით მოვიპოვეთ.

ასე და ამგვარად, "ლეიდენმა" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. პარალელურად, "ბეშიქთაშმა" "გოტინგენს" 96:59 აჯობა და ექვსი მოგება მოუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული