კოტე ტუღუში: სიკვდილის ჯგუფში ფავორიტად ყველა "არმიას" მიიჩნევს

AutoSharing Option
ევროჩელენჯის 2012-13 წლების გათამაშების წილისყრის შედეგები ცნობილია და დარწმუნებულნი ვართ, მკითხველს "არმიას" მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის მოსაზრება ძალიან აინტერესებს.

6 ივლისს, წილისყრის დამთავრებიდან რამდენიმე საათში გერმანიაში ბატონ კოტეს დავუკავშირდით და ვილაპარაკეთ როგორც მეტოქეებზე, ასევე "არმიაზე".

- ჩვენს ჯგუფში თანაბარი ძალის გუნდები შეიკრიბნენ. არადა, იყო ზოგიერთი ისეთი კლუბი, რომელთანაც "არმია" შეიძლებოდა ფავორიტადაც ჩათვლილიყო.
- თითქმის ყველა ჯგუფში ერთი გამოკვეთილი ლიდერია, ჩვენთან კი ამას ვერავისზე ვიტყვით. წლევანდელ გათამაშებაში არაერთი დებიუტანტი გუნდი გამოდიოდა, რომლებთან შეხვედრაც ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ბელგიის "ანტვერპენი", გერმანიის
"ტელეკომი" და ისრაელის "ჰაპოელი" შეგვხვდა.

წინასწარ ძნელი სათქმელია, რომელია ფავორიტი და რომელი - აუტსაიდერი. საერთოდ კი, H ჯგუფი სიკვდილისად მონათლეს.

- წილისყრის შემდეგ მეტოქეების წარმომადგენლებს თუ შეხვდით?
- სამივე კლუბის მესვეურს ვესაუბრეთ და რამდენადაც მოულოდნელი უნდა იყოს, ფავორიტად ყველა "არმიას" მიიჩნევს, ორგანიზებული და ძლიერი გუნდიაო.

"ჰაპოელის" წარმომადგენლებმა მითხრეს: წილისყრამდე ღონისძიების ორგანიზატორებს ველაპარაკეთ, კლუბები განვიხილეთ და გვისურვეს, "არმიას" არ შეხვედრილიყავითო.

საბოლოოდ, "ჰაპოელი" და "არმია" მაინც ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ და, ვფიქრობ, საინტერესო ორთაბრძოლები გველის.

- გერმანელები ყოველთვის ცდილობენ შემადგენლობის შენარჩუნებას. რა თქვეს, გასული სეზონის შემდეგ გუნდში სერიოზული ცვლილებები თუ იგეგმება?
- "ტელეკომმა" ახლახან დაიმატა პატრიკ იუინგის ვაჟი, შემადგენლობა თითქმის ბოლომდეა შევსებული. როგორც მითხრეს, მხოლოდ ორ კალათბურთელს ეძებენ: მსუბუქ ფორვარდსა და მეფარეს.

სხვათა შორის, "ტელეკომის" წარმომადგენლები შარშანდელი წილისყრისას გავიცანი. მაშინ მათ ჯგუფში "სუხუმი" უნდა მოხვედრილიყო და თბილისის შესახებ მკითხეს. ამჯერად ბონელები ჩვენთან აღმოჩნდნენ და კლუბის წარმომადგენლებთან ერთადაც ვისადილეთ.

ისიც შევიტყვე, რომ გერმანიაში წესი შეცვლილა და თითოეულ გუნდს შეუძლია განაცხადში 6 უცხოელი ჰყავდეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ ევროჩელენჯზე შიდა ჩემპიონატების წესები ვრცელდება. მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატში ხუთი ლეგიონერის დამატების უფლება გვაქვს.

სწორედ ამდენი დაგვეხმარება მომავალი სეზონში როგორც ევროჩელენჯზე, ასევე საქართველოს პირველობაზე.

- ბელგიურ "ანტვერპენზე" რა ინფორმაციას ფლობთ?
- ბელგიელებმა შეხვედრისთანავე გვკითხეს - უილიამ ტომასი გაისადაც თქვენთან ითამაშებსო? იგი საქართველოში ჩამოსვლამდე ბელგიის "ოოსტენდეს" ღირსებას იცავდა და იქაურები კარგად იცნობენ.

როგორც ყოველთვის, ბელგიური კლუბები სტაბილურობით გამოირჩევიან. გასულ სეზონში, ბელგიის რეგულარულ ჩემპიონატში "ანტვერპენმა" "შარლერუას" გაასწრო და მეორე ადგილი დაიკავა. გუნდს კარგი მწვრთნელი ჰყავს - ედი კასტელსი, რომელიც პარალელურად ბელგიის ნაკრების თავკაცია.

- ჩვენთვისაც საინტერესოა, რა უთხარით მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლებს "არმიას" შესახებ...
- ვესაუბრე შემადგენლობაზე, თუმცა ჯერჯერობით ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. მაგალითად, ჯერემი რიჩარდსონი NBA-ს საზაფხულო ლიგაზე "ფილადელფიაში" ითამაშებს. დიდი სურვილი აქვს, კარიერა ამერიკაში განაგრძოს.

- უილიამ ტომასისა და ბენჟამინ ვუდსაიდის დაბრუნებას თუ აპირებთ?
- დიდი სურვილი გვაქვს, რიჩარდსონთან ერთად ბენიც და უილიც "არმიაში" დავიბრუნოთ, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

ვეცდებით, ისეთი გუნდი შევკრათ, ქართველი ქომაგის იმედებს რომ გაამართლებს.

ვინ არის ფავორიტი სიკვდილის ჯგუფში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროჩელენჯი 2012-13. "არმიას" სამი სამიზნე: გერმანია, ბელგია, ისრაელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული