"ენერჯიმ" საპატიო თასი მეხუთედ აღმართა

AutoSharing Option
დუდუ დადიანის მემორიალი 2002 წელს დაარსდა. საწყის ხუთ გათამაშებაში გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელშიც გიორგი მარკოიშვილი თამაშობდა ("დინამო", სტუ - ორჯერ, "ავიამშენი" და "ენერჯი"). 2007 წლიდან დადიანის სახელობის თასს რუსთაველები აღარავის უთმობენ, თუმცა ბოლო სამი წელია, მარკოიშვილს ეს ჯილდო არ მოუგია. ასე რომ, გუშინ შსს-ს აკადემიის დარბაზში საინტერესო დუელი ვიხილეთ: მარკოიშვილი-"ენერჯი". თუ გიორგის შსს იმარჯვებდა, მარკოიშვილი ექვსგზის გამარჯვებული და ამავე დროს რეკორდსმენი გახდებოდა. თუ "ენერჯი" მოიგებდა, მაშინ ორი რუსთაველი კალათბურთელი, გოგა ცეკვავა და ჟულივეტ ტუჯანი მეხუთედ მოიპოვებდა დადიანის თასს და მარკოიშვილს
გაუთანაბრდებოდა. მოვლენებს გავუსწრებთ და გეტყვით - ბევრისთვის მოულოდნელად, მემორიალის ფინალში "ენერჯიმ" გაიმარჯვა და მეხუთედ აღმართა საპატიო თასი. ძნელი სავარაუდოა, ახლო მომავალში რომელიმე გუნდმა რუსთაველთა რეკორდი მოხსნას, რადგან "ენერჯის" შემდეგ ყველაზე მეტჯერ მემორიალი სტუ-ს აქვს მოგებული - ორჯერ.

შარშან ამ დროს რომ დაგვეწერა, რუსთაველებმა ფინალში ბევრისთვის მოულოდნელად მოიგესო, ზოგიერთ კრიტიკოსს სალაპარაკოდ გემრიელ ლუკმას მივცემდით. თუმცა დღეს სხვა სიტუაციაა: ჩემპიონი "ენერჯიდან" რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი წავიდა - კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, ზვიად ბაბიაშვილი, მიხეილ ჭოჭუა, აკაკი დვალიშვილი (ერთი სრულყოფილი ხუთეულია)... მათ ნაცვლად "ენერჯიში" ჩაირიცხნენ სამუელ ლამუ და ბექა წივწივაძე. ფაქტია, რომ გუნდი დასუსტდა.

შსს-ში კი გამოცდილ მოთამაშეებს შარშანდელი სეზონის შემდეგ ბესიკ ლეჟავა, დათო ბარბაქაძე, დათო იმნაძე, კოკა ტომარაძე და ტროი კოტონი შეემატნენ. შესაბამისად, ფინალის წინ ფავორიტად შსს ითვლებოდა. რატომ ვერ მოახერხა თასის დაუფლება, ამის ახსნას ქვემოთ შევეცდებით.

დავიწყოთ ფსიქოლოგიური ფაქტორით. რუსთაველებმა მემორიალი არცთუ დამაჯერებლად დაიწყეს, ახალგაზრდული "აგრარულის" ძლევა გაუჭირდათ. "სოხუმთანაც" კინაღამ წააგეს. შსს-მ კი ერთმანეთის მიყოლებით ოთხი მატჩი მოიგო, თამაშს დღითი დღე აუმჯობესებდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება თავად ძალოვნებსაც ეგონათ, რომ შემადგენლობით შესუსტებული "ენერჯი" თსუ-ზე დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. თავის მხრივ კი, ქვემოქართლელებს ყოველგვარი წნეხი მოხსნილი ჰქონდათ. ეს მატჩის დასაწყისშივე ნათლად გამოჩნდა: პირველ ტაიმში გოგა ცეკვავამ და ბექა წივწივაძემ სამქულიანები შედეგიანად ისროლეს. პირველმა 6-დან 3 ჩააგდო, ხოლო მეორემ - 7-დან 3. აბაიშვილმა სულაც ერთი სამქულიანი ისროლა და ისიც კალათში მოათავსა. მაშინაც კი, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, ლამუმ და არწივიძემ შორეული ტყორცნები აუღელვებლად შეასრულეს: მეოთხე პერიოდი სწორედ მათი სამქულიანებით გაიხსნა და "ენერჯიმ" ორქულიანი ფორა 8-ქულიან უპირატესობად აქცია (64:56). აქვე იმასაც გეტყვით, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში შსს-მ ერთი სამქულიანიც ვერ ჩააგდო, გადამწყვეტ ეპიზოდშიც არაერთი შორეული ტყორცნა გააცუდა, არც ფარქვეშიდან უადვილდებოდა სტუმართა კალათის დალაშქვრა.

...მივადექით "ენერჯის" წარმატების მეორე მიზეზს - დაცვას. თუ ჯგუფური ეტაპის მატჩებში რუსთაველთა გუნდს აქა-იქ ჩავარდნები ჰქონდა, ფინალში დაცვა წამითაც არ მოდუნებულა. წინახაზელები ფარქვეშ მტკიცედ იდგნენ, ხოლო უკანახაზელები მეტოქეებს კარგად მეურვეობდნენ, შსს-ელებს სწრაფი იერიშის განხორციელებას არ ანებებდნენ. მოკლედ, ორივე ახალწვეული შარშანდელ აწყობილ სისტემაში კარგად ჩაჯდა.

გასული სეზონის შემდეგ ხუთი კალათბურთელით გაძლიერებულ შსს-ს კი შეთამაშება სჭირდება, რაც ერთ თვეში ვერ მიიღწევა. მემორიალზე მიღებული გამოცდილების გათვალისწინების შემდეგ შსს სუპერლიგისთვის (1 ნოემბერს იწყება) უკეთესი გუნდი უნდა იყოს, ისევე, როგორც ტურნირის გამარჯვებული "ენერჯი", რომელსაც შეთამაშებაზე მეტად ერთი-ორ რგოლში გაძლიერება არ აწყენდა.

ფინალის დასრულების შემდეგ თასი რუსთაველთა კაპიტანმა ჟულივეტ ტუჯანმა აღმართა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად ბექა წივწივაძე დაასახელა და თასიც გადასცა. ტრადიციულად, გაზეთი "ოლიმპი" მემორიალის MVP-ს ტელევიზორით აჯილდოვებს. ეს ჯილდო გოგა ცეკვავამ მიიღო. როგორც ხედავთ, ერთი ვერსიით საუკეთესო ცეკვავა იყო, მეორე ვერსიით - წივწივაძე. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს "ენერჯის" გუნდურობაზე.

- მატჩი დალაგებული თამაშის წყალობით მოვიგეთ. დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით. ტურნირის დაწყებამდე ერთი თამაშიც არ გვქონდა ჩატარებული და პირველ მატჩი ცოტა არადამაჯერებლად ვითამაშეთ. შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებდით და ბოლო აკორდი ფინალი იყო, - განაცხადა გახარებულმა ბექა წივწივაძემ.

გოგა ცეკვავამ დასძინა:

- შეხვედრა თავიდანვე კარგად დავიწყეთ - განსაკუთრებით სამქულიანების ტყორცნა გამოგვდიოდა. ვფიქრობ, საბოლოო წარმატება სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა. ვულოცავ თითოეულ ჩვენს გულშემატკივარს.

მემორიალის ყველა ფინალი
2002: დინამო-თსუ 95:63
2003: სტუ-დინამო 87:76
2004: სტუ-დინამო 111:102
2005: ავიამშენი-თსუ 88:77
2006: ენერჯი-ავიამშენი 85:69
2007: ენერჯი-ვითა 88:66
2008: ენერჯი-სასოფლო 101:73
2009: ენერჯი-თსუ 91:69
2010: ენერჯი-შსს 72:60


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




დუდუ დადიანის მემორიალი
თბილისი, შსს აკადემიის დარბაზი
23 ოქტომბერი
აგრარული-დინამო 70:74
23:14, 13:21, 24:18, 10:21
აგრარული: ტეტელაშვილი (4ქ), ბააკაშვილი (5ქ), ნანიტაშვილი (5ქ), სიგუა (11ქ), ჩაჩანიძე (4ქ), ხანიაშვილი (18ქ, 8მ), გემაზაშვილი (10ქ), ჯავახიშვილი, მუმლაძე (13ქ).
დინამო: ივანეიშვილი (13ქ) გლუნჩაძე, პატარაია (8ქ), თვაური (13ქ), ეძგვერაძე (10ქ), ალხანაიძე (19ქ, 12მ), წიკლაური (1ქ), ჩაველაშვილი (10ქ)
მსაჯები: ხ. გაბედავა მ. კუპატაძე

ენერჯი-სოხუმი 71:70
14:15, 26:17, 17:12, 14:26
ენერჯი: ცეკვავა (8ქ), წივწივაძე (24ქ), აბაიშვილი (4ქ), გუგავა, არწივიძე (11ქ), ხმელიძე (9ქ), ტუჯანი (6ქ), ლამუ (9ქ)
სოხუმი: ფარღალავა (18ქ, 9მ), კვეტენაძე (13ქ, 10მ), შანიძე (3ქ), კანკია (11ქ), კოპალიანი (3ქ), კ. დამუსი (13ქ, 14მ), რ. დამუსი (8ქ, 9მ), ფერიაშვილი (1ქ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი

ქუთაისი-თსუ 88:75
17:16, 25:15, 29:17, 17:27
ქუთაისი: ბ. ბერიშვილი (23ქ, 4პ, 7ჩ), გ. ბარბაქაძე (12ქ), ქორიძე, ბოლქვაძე (1ქ), კოღუაშვილი (15ქ, 9მ), დიდია (17ქ), ტუკვაძე (5ქ) ლომინაშვილი (6ქ), კობიძე (9ქ)
თსუ: ხიზანიშვილი (6ქ), ფანჩულიძე (11ქ), გაფრინდაშვილი (8ქ, 6პ), ლონდარიძე (17ქ), კორკოტაძე, ლოსაბერიძე (7ქ), ყველაშვილი (8ქ) მათიაშვილი (3ქ), დეკანოიძე, შარაბიძე (5), კოხრეიძე (10ქ, 7მ, 4ჩ)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, მ. ანდღულაძე

სამედიცინო-სტუ 75:67
14:21, 23:9, 16:20, 22:17
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (11ქ), ჩაჩიბაია (5ქ), ს. ლეჟავა (6ქ), თავართქილაძე (7ქ), ბექაური (7ქ, 17მ), ნინიაშვილი (12ქ), კეიდია (16ქ, 6მ), ჭოჭუა (11ქ).
სტუ: ანთაძე (12ქ, 8მ), ჩიკვილაძე (21ქ), ლომოური (9ქ), გასიტაშვილი, მაჩალაძე (1ქ), თევზაძე (6ქ), კობიძე (3ქ), ჯანგველაძე (3ქ), ბერუაშვილი (7ქ, 5მ), ლაშქარაძე (3ქ), ახალკაცი (2ქ, 9მ)
მსაჯები: მ. ანდღულაძე, დ. სადღობელაშვილი

A ჯგუფი
1. ენერჯი 3 3 0 6
2. სოხუმი 3 2 1 5
3. დინამო 3 1 2 4
4. საუ 3 0 3 3
B ჯგუფი
1. შსს 4 4 0 8
2. ქუთაისი 4 3 1 7
3. თსუ 4 2 2 6
4. სამედიცინო 4 1 3 5
5. სტუ 4 0 4 4

ფინალი
24 ოქტომბერი
შსს-ენერჯი 60:72
15:25, 25:15, 16:18, 4:14
შსს: დ. ბერიშვილი (6ქ), ლაფანაშვილი (2ქ, 6მ), ლეჟავა (3ქ), ნიკოლაძე (7ქ), ი. ბერიშვილი (4ქ), კოტონი (2ქ), მარკოიშვილი (10ქ), დ. ბარბაქაძე (10ქ, 7მ), შერმადინი (9ქ, 6მ, 2დ), იმნაძე (6ქ, 13მ), ტომარაძე (1ქ).
ენერჯი: ცეკვავა (23ქ, 8მ), წივწივაძე (21ქ, 5მ), აბაიშვილი (3ქ), არწივიძე (6ქ, 5პ), ხმელიძე (6ქ, 5მ), ტუჯანი (7ქ, 13მ, 4პ), ლამუ (6ქ, 8მ, 4დ, 3ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული