ბექა წივწივაძე: ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი

AutoSharing Option
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაზე პირველი მატჩი კვირას მოიგო, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ბელორუსის "მინსკი" - 81:80.

ამ შეხვედრის გადამწყვეტი ორქულიანი ბექა წივწივაძემ ჩააგდო. ბოლო შეტევისას ბექას წამიერად გამოუთავისუფლდა დერეფანი და ფარქვეშიდან თავისი მე-14 ქულა მოიპოვა.

- რა გქონდა ჩაფიქრებული, მეტოქის ნახევარზე რომ გადახვედი?
- ტაიმ-აუტი აღარ გვქონდა, ამიტომ მწვრთნელთან იმ დროს მივედი, როცა პაველ ულიანკო ჩვენს საჯარიმოს ხაზზე დადგა. მწვრთნელმა მითხრა, რა უნდა გამეკეთებინა იერიშისას.

ჩაფიქრებული მქონდა ფარქვეშ შესვლა. სწორედ ამიტომ ნელ-ნელა
მეტოქე ზურგით ისე გავწიე, რომ მეორე მხარეს დიდი სივრცე დავიტოვე. ყურადღება სხვებზე იყო გადატანილი და ბელორუსებს არ ეგონათ, რომ ფარქვეშ შევიდოდი. ყველაფერი კი იმაზე კარგად გამოვიდა, რაც ჩავიფიქრე. არ მეგონა, ერთი მოძრაობით ფარქვეშ მარტო თუ დავრჩებოდი.

- რას ნიშნავს ეს გამარჯვება შენთვის და გუნდისთვის?
- ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი. სასიხარულოა, როცა შენი გუნდი შენი ორქულიანით ისტორიულ გამარჯვებას აღწევს. მთავარი სწორედ ეს, გუნდური წარმატება იყო. ამდენი წაგების შემდეგ გვჭირდებოდა თუნდაც ერთი მატჩის მოგება.

სასიამოვნოა, რომ ეს მინსკელთა ძლიერ გუნდთან მოვახერხეთ. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა. ჩვენთვის აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა.

- გამარჯვება, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით იყო აუცილებელი...
- ფსიქოლოგიურად გუნდი მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვცდილობთ, ყველა პრობლემა დავივიწყოთ და წარმატებაზე ვიფიქროთ. შესაძლოა, ბევრს არც გაუხარდა, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას მათ, ვინც ჩვენზე ცუდს ლაპარაკობს. თუმცა არიან ქართული სპორტის ნამდვილი ქომაგები, რომლებსაც კალათბურთი უყვართ და გვგულშემატკივრობენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

მეტად სასიამოვნო იქნებოდა, საქართველოში ცოტა მეტი გამოხმაურება რომ მოჰყოლოდა...

- ვითიბი ლიგის ტურის კალათბურთელად დანიელ ბეჟარანო დაასახელეს...
- "ვითას" ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთი კარგი ლეგიონერი ჰყავს. ყველანაირი გაგებით. ბეჟარანო ვარჯიშებზე 100 პროცენტით იხარჯება, დადებითი პიროვნებაა. ვულოცავ ასეთ აღიარებას.

- თუნდაც ბოლო თამაშიდან ჩანს, რომ გუნდი ნელ-ნელა შეთამაშდა...
- კარგი მწვრთნელი გვყავს, ნიკოლაის მაზურსი. ბოლო დროს თამაშები ხშირად გვიწევს და ვარჯიშისთვის დრო ბევრი არ გვქონდა, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად კარგად მოვახერხეთ შეკვრა. ტრავმის შემდეგ მეც შევდივარ ფორმაში.

"ვეფ რიგასთან" მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა დამიძახა და დაახლოებით 1 საათი ვისაუბრეთ. ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მინიმუმ ერთი თამაშის მოგება ვითიბი ლიგაზე. ასევე, ჩვენი მიზანია სუპერლიგის საგზურის მოპოვება. ერთ მიზანს უკვე მივაღწიეთ, "ა" ლიგა. თუმცა ვითიბიზე ნამდვილად არ ვაპირებთ რამის დათმობას. გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე იყო, მაგრამ ახლა ისეთი მოტივაციით ვთამაშობ, კარიერის განმავლობაში ასე არ ვყოფილვარ.

- ბოლო ორი წელია, იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში გიძახებდა. რა შეგმატა წლევანდელ სეზონში ვითიბი ლიგაზე თამაშმა?
- ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რაც საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატს სჭირდება. ვითიბი ლიგაზე ხომ ევროპის საუკეთესო თანაამპლუელებთან მიწევს დაპირისპირება.

დიდი სურვილი მაქვს, მომავალ წელსაც ამ ლიგაში ვითამაშო. გაცილებით უკეთ მოვემზადები და უკეთეს შედეგსაც ვუჩვენებთ.

ბოლოს ერთის თქმა მინდა: ჩვენი გუნდისა შეიძლება ბევრს არ სჯერა. ამდენი მარცხისა და პრობლემების გამო მართლაც რთულ სიტუაციაში გვიწევს ვარჯიში და თამაში. ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, გვერდში დაგვიდგეს. ჩვენ ერთი გუნდი, ერთი ოჯახი ვართ, ერთად ვშრომობთ და წარმატება აუცილებლად მოვა! 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელ ქართველ მოთამაშეებს გულისხმობ ან რა რესურსი გაქვს ამისთანა. ამდენი ლეგიონერით თამაში მოიგო ძლივს ვითამ როგორც იქნა და მთელი წელი ლანძღვაშია და მხოლოდ ქართველებით რამეს მოიგებ?
Luka
01:02 01-04-2016
0
ეს ერთი და სხვა მრავალი, წარმატებები. მაგრამ არ აჯობებდა ლეგიონერების ნაცვლად ვითაში ეროვნულის და ახალგაზრდულის კალათბურთელებს ეთამაშათ, 5 კაცით რომ ვატარებთ ევროპის ჩემპიონატს, ვთბ ლიგა კი მშვენიერი პრაქტიკა იქნებოდა ჩვენი ბიჭებისთვის, მიმიხვდით ალბათ, რომ ეროვნულის ლიდერებს არ ვიწვევ ვითაში, არამედ იმ სათადარიგოებს, რომლებიც რაოდენობის შესავსებად არიან მხოლოდ ევროპაზე წაყვანილები
lnzm
15:32 31-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული