არვიდას საბონისი ახლო ხედით

AutoSharing Option
1979 წლის ზაფხულში ივან ედეშკოს ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილის მეორე მხარეს მოდესტოს პაულაუსკასი იყო:

- ჩემი გუნდის შეკრებაზე გელი. საოცრება უნდა განახვო. სასწრაფოდ გამოდი...

პაულაუსკასი ედეშკოს ძველი მეგობარი იყო. მათ მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძესთან ერთად 1972 წელს ოლიმპიური ოქრო მოიგეს. 1979 წელს კი პაულაუსკასი სსრ კავშირის კადეტთა (16-წლამდელთა) ნაკრებს წვრთნიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ედეშკო გამოტყდა, რომ ნოვოგორსკში, ნაკრებების ოლიმპიურ ბაზაზე წასვლა გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა, რადგან მანამდეც არაერთხელ შეხვედრია ამომავალ ვარსკვლავებს, რომლებსაც დიდი კალათბურთი არ უთამაშიათ. თუმცა, პაულაუსკასის
ნაკრებში გამოჩენილმა არვიდას საბონისმა ედეშკო პირველივე შეხედვისთანავე გააკვირვა:

- ბურთს კალათში იოლად ათავსებდა, რადგან სიმაღლით ყველას აღემატებოდა. იგი კარგადაც ხტებოდა, იყო მოქნილი და კოორდინაციაც არ დაეწუნებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბონისი (15 წლისაც არ იყო) ბუნებისგან ბოძებულ მონაცემებს ბოროტად არ იყენებდა: რაციონალური, წინდახედული თამაშით გამოირჩეოდა, - იხსენებს ივან ედეშკო.

...ასეთივე იყო ზრდასრული არვიდასი. მისთვის 15-20 ქულა ჩვეულებრივი ამბავი იყო. სსრ კავშირის ჩემპიონატში მისი სარეკორდო მაჩვენებელი 57 ქულაა, საერთაშორისო შეჯიბრებებში - 42, NBA-ში - 44.

***
ძალიან შორს წავედით... არვიდასი 12 წლამდე აკორდეონის გაკვეთილებზე დადიოდა და ეს საქმე კარგადაც გამოსდიოდა. თუმცაღა, ერთ დღეს მუსიკის მასწავლებელმა მეცადინეობაზე არმისული მოწაფე ტბის პირას აღმოაჩინა. საბონისი ბაყაყებს აკვირდებოდა. იმავე დღეს მასწავლებალმა პატარის მშობლებს ურჩია: ეს ბავშვი ან ბიოლოგიურ სკოლაში მიიყვანეთ, ან სხვა პროფესია შეურჩიეთო.

არვიდასს ბუნება პაპამისმა, პრანასმა შეაყვარა, რომელიც მეტყევე იყო. მომავალი კალათბურთელი პაპას სიმაღლეშიც დაემსგავსა. მის ოჯახში ყველაზე მაღალი სწორედ ბატონი პრანასი იყო - 202 სმ.

2 მეტრს არვიდას საბონისმა 13 წლისამ მიაღწია, 1988 წლის ოლიმპიადაზე მისი სიმაღლე უკვე 224 სმ იყო.

***
საბასი სროლის სიზუსტით გამოირჩეოდა როგორც ფარქვეშიდან, ასევე საშუალო დისტანციიდან და პერიმეტრიდან, რაც, პირველ რიგში, იური ფიოდოროვის დამსახურებაა. ეს კაცი არვიდასის პირველი მწვრთნელი გახლავთ. იგი მომავალ ვარსკვლავს ფართან ტრიალს კი არ ასწავლიდა, არამედ ბურთთან მუშაობას აჩვევდა და ხშირად გამთამაშებლის ფუნქციებსაც ასრულებინებდა.

სსრ კავშირის ჩემპიონატში საბონისის დებიუტი 1981 წლის 24 ოქტომბერს "კალევთან" მატჩში შედგა. კაუნასელებმა 91:78 გაიმარჯვეს, ხოლო დებიუტანტმა 14 ქულა მოაგროვა.

1983 და 1984 წლებში ფინალში დამარცხების შემდეგ, ლიტველებმა 80-იან წლებში პირველად 1985-ში მოიპოვეს სსრ კავშირის ჩემპიონობა. ხოლო 1987 წელს "ჟალგირისს" ოქრო პირადად არვიდას საბონისმა მოუტანა: მოსკოვირ ფინალში, წესითა და რიგით საბასს არ უნდა ეთამაშა. მას ლუჟნიკების დარბაზში არც არავინ ელოდა, რადგან მოსკოვის საავადმყოფოში ტრავმირებული იწვა. თუმცა, თამაშამდე ნახევარი საათით ადრე იგი საავადმყოფოდან გაიპარა, გუნდს შეუერთდა და იმ დღეს თამაშის ბედი გადაწყვიტა - არმიელთა მეფარეებმა ვარაფერი მოუხერხეს საბონისს, რომლის წყალობით "ჟალგირისმა" დამატებითი დროის ერთი მონაკვეთი 10:0 მოიგო და საბოლოოდ ოქრო ლიტვაში წაიღო.

***
ასეთი ქმედებით ლიტველმა გიგანტმა საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა, მაგრამ მასვე ეკუთვნის სიტყვები: "რადგან გტკივა, ე. ი. ცოცხალი ხარ".

ოვერტაიმიანი ფინალის შემდეგ ერთ თვეში, არვიდასი ფეხზე წამოდგა და სსრკ-ს ნაკრებს შეუერთდა, თუმცა შერემეტიევოს აეროპორტიდან ორი თვითმფრინავი გაფრინდა: პირველში, ათენისკენ, ევროპის ჩემპიონატზე მიმავალი ნაკრების წევრები ისხდნენ, მეორეში - თაბაშირდადებული საბონისი. ერთ-ერთი ვარჯიშისას მან აქილევსის მყესი და ჯვარედინი იოგები დაიზიანა. ასეთი დიაგნოზის შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში სპორტსმენები ინვალიდობას თავს აღწევენ, საკალათბურთო კარიერის გაგრძელებაზე ხომ ოცნებაც ზედმეტია... საბონისი კი 20 წლისა იყო და უამრავი ტიტული ჰქონდა მოსაგები. როდესაც მას ჰკითხეს, კარიერაში რას შეცვლიდიო, უპასუხა:

- ახალგაზრდობაში, კადეტებიდან დაწყებული, პირველი გუნდით დასრულებული, ყველა ნაკრებში მიწევდა თამაში. ამას ემატებოდა სსრკ-ს ჩემპიონატში ასპარეზობა, რაც ადრეულ ასაკში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სულაც არ არის. რომ შემეძლოს, სწორედ ამას შევცვლიდი.

***
...1988 წლის გაზაფხულზე ნაკრებთან ერთად საბასი სეულის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. თუმცა, მოხდა კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ამბავი: შეკრებისას, ბაზის კიბეზე ფეხი დაუცდა და ნაოპერაციევი სახსარი საბონისმა ხელმეორედ დაიზიანა. ამ ამბავმა ლიტველი ცენტრი სეულის ოლიმპიადას ძალიან დააშორა.

ნაკრების მწვრთნელმა გომელსკიმ საქმეში NBA-ს კლუბი, "პორტლენდი" ჩართო, რომელმაც 1986 წელს არვიდას საბონისი დრაფტზე აიყვანა. პორტლენდის კლინიკაში საბასის მკურნალობამ, შემდეგ კი "ბლეიზერსში" სარეაბილიტაციო ვარჯიშების ჩატარებამ გუნდის უფროსობას იმედი გაუჩინა, რომ იგი ამერიკაში დარჩებოდა, ხოლო აშშ-ს ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ჯონ ტომპსონი მეტად აღაშფოთა:

- მალე სეულის ოლიმპიადა დაიწყება. ჩვენი მთავარი მეტოქენი საბჭოელები იქნებიან. პორტლენდელები კი მათ ლიდერს, საბონისს რეაბილიტაციაში ეხმარებიან. კაპიტალისტები ვგრეხთ იმ თოკს, რომელზეც სოციალისტებმა ჩვენ უნდა ჩამოგვკიდონ.

NBA-ს კომისარმა დევიდ შტერნმა ასეთი პასუხი გასცა:

- ტომპსონი დიდებული მწვრთნელია. მოხარული ვარ, რომ იგი ჩვენი ქვეყნის მმართველი არ არის.
სხვათა შორის, "პორტლენდის" უფროსობამ საბონისი დრაფტზე ისე აიყვანა, რომ გენერალურ მენეჯერსა და მთავარ მწვრთნელს ლიტველის თამაში ნანახი არ ჰქონდათ. ისინი დაეყრდნენ სხვადასხვა კალათბურთელთა და სპეციალისტთა შეფასებებს. მაგალითად, ბილ უოლტონი ("ბოსტონის" ვარსკვლავი) წინასწარმეტყველებდა:

- საბონისი ამერიკაში ჩამოსვლისთანავე NBA-ს ვარსკვლავად იქცევა. იგი 224 სმ. სიმაღლის ლარი ბერდია.
...თუმცა, პორტლენდელთა დიდი მონდომების მიუხედავად არვიდასი სამშობლოში დაბრუნდა. საბონისიანმა საბჭოთა ნაკრებმა სეულის ოლიმპიადა ცუდად დაიწყო (ლიტველი გიგანტი საშუალოდ 10 წუთს თამაშობდა). ტურნირის მთავარ მატჩებში საბასმა კიდევ ერთხელ დაივიწყა ექიმების აკრძალვები და ბოლომდე დაიხარჯა. საბჭოელების ნახევარფინალური ეტაპის მეტოქე ამერიკის ნაკრები იყო. საბონისს თანაამპლუელ მეტოქე დევიდ რობინსონთან თავისი ანგარიში ჰქონდა - მატჩის წინა დღეს 217 სმ. სიმაღლის დევიდი არვიდასს რესტორანში შეხვდა. ლიტველი მიესალმა, ამერიკელმა თვალი აარიდა. არადა, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ...

რობინსონზე გაბრაზებულმა საბასმა ბოლომდე გაამართლა აშშ-ს ნაკრების მწვრთნელის ვარაუდი - ამერიკელები მათსავე დაგრეხილ თოკზე ჩამოკიდა, 13-13 ქულა-მოხსნა მიითვალა და საბჭოელებს 82:76 გაამარჯვებინა.
ფინალში სსრკ-ს ისევ იუგოსლავია შეხვდა, თუმცა ამჯერად საბჭოთა ნაკრებმა იოლად მოიგო - 76:63. საბონისმა 20 ქულა ჩააგდო და 15-ჯერ მოხსნა.

***
საბასმა და შარუნას მარჩულიონისმა სეულშივე გადაწყვიტეს კარიერის NBA-ში გაგრძელება. შარუნასმა სიტყვა საქმედ აქცია, ხოლო არვიდასს გულმა ვერ მოუთმინა იმ წელს "ჟალგირისში" სეზონის პირველი ნახევარი ითამაშა, 53-ქულიანი რეკორდი დაამყარა და დასავლეთს მიაშურა. დასავლეთში ამერიკა არ იგულისხმება, არვიდასი უბრალო ესპანურ კლუბ "ფორუმ ფილატელიკოში" (ვალიადოლიდი) ჩაირიცხა. როდესაც მას ჰკითხეს, "პორტლენდს" ესპანეთი რატომ არჩია, მიუგო:

- ბოლო დროს უამრავი ტრავმა და ოპერაცია გადავიტანე. ამიტომ, რთული ამერიკული ვარჯიშებისთვის ჯერ მზად არ ვარ.

"ფილატელიკოში" საბონისი 800 ათას დოლარს იღებდა. ევროპაში მასზე მეტი ხელფასი (1 მილიონი დოლარი) მხოლოდ ორ NBA-მოვლილ კალათბურთელს ჰქონდა.

***
როგორც ყველა ვარსკვლავს, თაყვანისმცემლები არვიდასსაც არ ასვენებდნენ. სერიოზული ლიტველი, გოგონებს ერთი ტყუილით იგერიებდა - არვიდასი არ ვარ, მისი ტყუპისცალი რომასი გახლავართო. ...თუმცა, ეს მხოლოდ სანახევრო ტყუილი იყო, რადგან მშობლებმა მას დაბადების მოწმობაში ორი სახელი ჩაუწერეს - არვიდასი და რომასი.

1989 წელს, ესპანეთში გამგზავრების შემდეგ საბონისს თაყვანისმცემლებისთვის აღარ ეცალა - ცხოვრების თანამგზავრი უკვე არჩეული ჰყავდა. მან "მის-ვილნიუსი" ინგრიდ მიკელენიტე შესარჩევი კონკურსის ჟიურიში ყოფნისას გაიცნო და ვალიადოლიდში წაიყვანა. მათი ქორწილი მოგვიანებით, 1990 წლის 16 ივნისს, ლიტვურ კურორტ იუოდკრანტეში შედგა. ნეფე-დედოფლის ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიარა - სიძე 224 სმ. სიმაღლისა იყო, პატარძალი - 164 სმ.

***
"ფილატელიკოდან" საბონისი მადრიდის "რეალში" გადავიდა, ოღონდ კონტრაქტში ერთი პუნქტის დამატება მოითხოვა - ჩემთან ერთად რიმას კურტინაიტისიც უნდა აიყვანოთო. სხვათა შორის, იგივე სახის მოთხოვნა წაუყენა ვალიადოლიდელებს და "ფილატელიკოში" მასთან ერთად ვალდემარას ხომიჩუსი ჩაირიცხა. 1995 წელს "რეალმა" ჩემპიონთა თასი მოიგო.

***
1995 წელსვე არვიდას საბონისმა ცოცხლად ნახა NBA. მანამდე პროფესიულ კალათბურთს მხოლოდ ტელევიზიით ადევნებდა თვალს:

- ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა გამაღვიძა - ადექი, მგონი, ტელევიზორმა აურია, ყველაფერს სწრაფ რეჟიმში უჩვენებსო. თვალი გავახილე და ეკრანს დავაკვირდი. კალათბურთი იმაზე ორჯერ სწრაფად მიდიოდა, ვიდრე ჩვენ ვთამაშობდით, თუმცა ტელევიზორი არაფერ შუაში იყო - NBA-ს მატჩი მიდიოდა.

საბონისმა "პორტლენდთან" კონტრაქტი 1995 წლის 30 სექტემბერს გააფორმა, ამ გუნდში 8 წლის განმავლობაში ითამაშა და ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეფარის სახელი მოიხვეჭა.

2003 წელს, არვიდას საბონისს "პორტლენდმა" კიდევ ერთი სეზონით დარჩენის საფასურად 7 მილიონი დოლარი შესთავაზა. ლიტველმა უარი თქვა და "ჟალგირისში" გადავიდა, სადაც ხელფასის გარეშე თამაშობდა. ასეთმა ნაბიჯმა ბევრი ამერიკელი გააოცა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა - ასაკის მიუხედავად თამაში ჯერაც კარგად შეგიძლიათ, რატომ უარყავით "ბლეიზერსის" მილიონები?

საბონისმა უპასუხა:
- ლიტვაში იმიტომაც წავედი, რომ თამაში შემიძლია. მინდა "ჟალგირისს" ისევე დავეხმარო, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. სწორედ ახლა მიცნობს ხალხი და თბილად მესალმება. თუკი დავავიწყდები, "ჟალგირისს" რაღაში დავჭირდები?!

"პორტლენდში" ნაშოვნი ფულით არვიდას საბონისმა "ჟალგირისის" აქციების სრული პაკეტი შეიძინა და დააარსა აკადემია, რომელიც საბონისის სახელს ატარებს. ამ აკადემიაში არაერთი ქართველი კალათბურთელი ვარჯიშობდა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული