შარუნას მარჩულიონისი საქართველოსა და ევრობასკეტზე საუბრობს

AutoSharing Option
შარუნას მარჩიულიონისი გამორჩეული ფიგურაა ლიტვისა და ევროპის კალათბურთში, როგორც დიდი მოთამაშე და როგორც საინტერესო მენეჯერი ან, თუნდაც ბიზნესმენი. იგი 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1995 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია. მარჩულიონისი 90-იან წლებში 7 სეზონი თამაშობდა NBA-ში.

ვილნიუსში რთული აღმოჩნდა მასთნ დაკავშირება. უბრალოდ არ იღებდა ყურმილს მისთვის უცნობი ზარის გამო. მასთან შეხვედრა მხოლოდ საერთო ნაცნობების თხოვნის შემდეგ მოხერხდა.

მარჩიულიონისმა ვილნიუსში, 4-ვარსკვლავიან სასტუმრო "შარუნასში" მიგვიღო, რომელიც თვით მარჩიულიონისის საკუთრებაა. ასევე, მის მფლობელობაშია სპორტული დარბაზი, სადაც სამი
სავარჯიშო მოედანი და მცირე ზომის ტრიბუნებია. მარჩიულიონისმა შექმნა მისივე სახელობის საკალათბურთო აკადემია, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდა კალათბურთელებს ამზადებენ.

48-წლის შარუნასმა საუბრის დასაწყისში საქართველოში პირველი სტუმრობა გაიხსენა.

- 16 წლისა ვიყავი, როცა ლიტვის ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად თბილისში ჩამოვედი. ერთ-ერთ საღამოს ვახშამზე შეგვაგვიანდა და მშივრებისთვის დაძინება რთული იქნებოდა. ჯიბეში ფული არ გვონდა და ამიტომ, ვიფიქრეთ, მივაკითხავდით მოსახლეობას პური რომ გამოგვერთვა. გავნაწილდით რამდენიმე ჯგუფად და დავიწყეთ სტუმრობა ბინებში.

ფანტასტიკური შედეგი მივიღეთ - იმდენი ხორცი, ხაჭაპური, ყველი, ბოსტნეული და ღვინოც კი გვაჩუქეს, რომ 2-3 დღე გვეყო. ამასთან გვეკუთვნოდა სასადილოში უფასო კვება, როგორც სპორტსმენებს. მაგრამ სასადილო არასოდეს ყოფნის ახალაგაზრდას, ამიტომ ასეთი საჩუქარი ახდენილ ოცბენად გვესახებოდა.

ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში მოხდებოდა მსგავსი თბილი მიდგომა ახალგაზრდებისადმი და სტუმრებისადმი არსად მინახავს, შემდგომ ბევრჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში და ყოველთვის დიდ სითბოს ვგრძნობდით ხალხისგან. საუბარია არა საჩუქრებზე არამედ უპრეცედენტო სტუმართმოყვარეობაზე.

როგორც შარუნასი ამბობს, ყოველთვის მოხიბლული იყო ქართველი კალათბურთელების ვირტუოზული და არტისტული ტექნიკისა და იმპროვიზაცის შემხედვარე. თუმცა დასძენს - სათამაშო დიცსიპლინა და ტაქტიკა ცოტა სუსტი იყოო.

- ამიტომ ქართველები მაღალ შედეგებს ხშირად ვერ აღწევდნენ, თუმცა ხალხს მოსწონდა მათი თამაში. ვიცი, რომ ბოლო წლებში ქართული კალათბურთი აღმავლობის გზაზეა და უფრო მეტ წარმატებებს გისურვებთ, - თქვა მან.

შარუნასს ვკითხეთ:

- არასოდეს მალავდით, რომ გინდათ გახდეთ ფიბა-ევროპის პრეზიდენტი. ამჯერად რას აპირებთ, თუ მიაღწევთ ამ მიზანს?
- ეს თვითმიზანი არ არის. მინდა განვახორციელო მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით პატარა ქვეყნებს შეუწყობს ხელს. იქ, სადაც არის საკალათბურთო ტრადიციები და სურვილი, მაგრამ ამასთან მატერიალური სირთულეებიცაა.

სხვათა შორის, არ ვეთანმები ზოგიერთის სურვილს, რომ ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდეს 4 წელიწადში ერთხელ. ეს არაფერს მოუტანს კალათბურთს. უნდა იყოს ორწლიანი ციკლი, თუმცა ამავე დროს არ მომწონს, რომ ფინალურ ეტაპზე 24 ქვეყანაა. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი რაოდენობაა.

თენგიზ პაჭკორია, სპეციალურად "ლელოსთვის" ვილნიუსიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული