1972 წლის ფინალის განმეორება? რატომაც არა!

AutoSharing Option
ოლიმპიადაზე მოვლენების საინტერესოდ განვითარებამ სპეციალისტებს 40 წლის წინანდელი ფინალი გაახსენა.

მაშინ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას შეწევნით საბჭოელებმა ფინალში აშშ დაამარცხეს - 52:51.

- 1972 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ რატომ არ შეიძლება იგივე განმეორდეს? ნამდვილად საინტერესო იქნება, არა? - ასეთი თამამი ფრაზები რუსეთის ნაკრების ამერიკელ თავკაც დევიდ ბლატს ახასიათებს.

ქვემოთ წაიკითხავთ ამბავს, რამაც რუსების მწვრთნელი ფინალზე აალაპარაკა.

A ჯგუფი
საფრანგეთი-ტუნისი 73:69
20:15, 15:12, 25:16, 13:26
საფრანგეთი: პარკერი (22), ბატუმი (19+8მ), სერაფინი (10), ჟელაბალი (7), დე კოლო (6)...
ტუნისი: ხადიდანი
(20), ბენ რომდანი (17+8მ), მეჯრი (11+7მ), სლიმანი (9)...

ისევე, როგორც ტუნისის საფეხბურთო ნაკრები, საკალათბურთოც საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშეებითაა გავსებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფრიკელებს სამფეროვნებზე უკეთესი ნაკრები ჰყავთ, რადგან საფრანგეთის ნაციონალური გუნდის ძირითადი ბირთვი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში არ თამაშობს - სხვა სიმაღლეზე არიან.

ხუთ კალათბურთელს NBA-ში თამაშის გამოცდილება აქვს, ხოლო მეექვსე, ნანდო დე კოლო გაისად იასპარეზებს ამერიკულ ლიგაში. იგი ტონი პარკერის თანაგუნდელი გახდა, "სან ანტონიოში" ჩაირიცხა.

სხვათა შორის, სირენამდე 50 წამით ადრე, როცა ტუნისელები მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებოდნენ, პარკერმა სამქულიანი ააცილა.

არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა შეხვედრა, საპასუხო იერიში ტუნისელებს რომ წამოეწყოთ, თუმცა მათ ამის საშუალება დე კოლომ არ მისცა, რომელმაც ტონის მიერ ნატყორცნი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. სწორედ მისმა საჯარიმოებმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

არადა, ბევრი ვერ იფიქრებდა, რომ ბოლო წამებზე დაძაბულობა პიკს მიაღწევდა, რადგან მესამე პერიოდში საფრანგეთმა 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (60:40)...

აშშ-ლიტვა 99:94
33:25, 22:26, 23:21, 21:22
აშშ: ჯეიმსი (20), ენტონი (20), დურანტი (16), უილიამსი (12), პოლი (7+7მ+7პ), ლავი (7+8მ), უესტბრუკი (7), ბრაიანტი (6)...
ლიტვა: კლეიზა (25), პოციუსი (14+7მ+6პ), სონგაილა (11), იანკუნასი (9), იასიკიევიჩუსი (8+6პ)...

ამერიკელებმა მესამე ტურის მატჩში ნიგერიასთან იმდენი "ტყვია-წამალი" დახარჯეს, რომ ლიტვასთან კინაღამ წაგებად დაუჯდათ. თავად განსაჯეთ: მატჩის დასრულებამდე 5:50 წუთით ადრე ბალტიისპირელები 84:82-ს იგებდნენ. ეს შედეგი იმიტომაც იყო მოულოდნელი, რომ ლიტვის ნაკრები ოლიმპიადაზე დაცვაში სათანადოდ ვერ თამაშობს...

თუმცა შარუნას იასიკიევიჩუსის თანაგუნდელები აშშ-ის ნაკრებს ბოლომდე მაინც ვერ დაუდგნენ - გადამწყვეტ მომენტში ამერიკელები 17:6 გაიქცნენ და სენსაციის მომლოდინეებსაც არ გაუმართლათ.

თუ წინა სამ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსი 10 ქულამდე ერთხელაც არ ასულა, ამჯერად მან 20 ქულას მოუყარა თავი და მწვრთნელი მაიკ კრჟიჟევსკისგან კომპლიმენტიც დაიმსახურა:

- ჯეიმსი გუნდში ჩემზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ყველაფერი შეუძლია. უნიკალური კალათბურთელია, რომელიც შეგიძლია დააყენო როგორც გამთამაშებლად, ასევე ცენტრად. ფორვარდობაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს.

ჯეიმსმა მწვრთნელის ნათქვამი უპასუხოდ არ დატოვა:

- ვეთანხმები, რომ ბევრი რამ შემიძლია. ლონდონში იმიტომ ვარ, რომ ნაკრებს გამოვადგე. წინა შეხვედრებში სხვა სახის სამუშაოს ვასრულებდი, ლიტვასთან კი თანაბარი თამაში გაჩაღდა და ჩემი მხრიდან ქულების მოგროვებაც საჭირო გახდა.

არგენტინა-ნიგერია 93:79
37:19, 20:18, 19:20, 17:22
არგენტინა: სკოლა (22), დელფინო (18), ნოჩიონი (17+6მ), ჯინობილი (13+8პ)...
ნიგერია: დიოგუ (16+11მ), ობასოხანი (15), ოგუჩი (12), ამინუ (10)...

არგენტინას ბოლო ტურში აშშ ელის. ამიტომ მწვრთნელმა ტუნისთან ძალები მაქსიმალურად დაზოგა. ამაში ხელი მატჩის სცენარმაც შეუწყო: სამხრეთამერიკელებმა მეორე პერიოდში 25-ქულიანი უპირატესობა დაიბევეს...

გუნდი ქ თ მ წ
აშშ 8 4 4 0
არგენტინა 7 4 3 1
საფრანგეთი 7 4 3 1
ლიტვა 5 4 1 3
ნიგერია 5 4 1 3
ტუნისი 4 4 0 4

B ჯგუფი
რუსეთი-ესპანეთი 77:74
11:28, 21:12, 24:13, 21:21
რუსეთი: ფრიდზონი (24), პონკრაშოვი (14+11პ), ხრიაპა (12), მოზგოვი (12+9), კირილენკო (8+8მ)...
ესპანეთი: პ. გასოლი (20), მ. გასოლი (10+5მ), ფერნანდესი (10), ნავარო (9)...

რუსეთის ნაკრების თავკაც დევიდ ბლატს შესანიშნავი მახსოვრობა ჰქონია:

- ესპანეთთან დღევანდელმა შეხვედრამ ევროპის 2007 წლის ფინალი გამახსენა. მაშინაც ესპანეთს დავუპირისპირდით, მაშინაც მთელი თამაში მდევრის როლში ვიყავით, მაშინაც ბოლო წუთებზე გავასწარით, პაუ გასოლმა გადამწყვეტ მომენტში მაშინაც ააცილა და რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში გამარჯვება რუსეთის ნაკრებს დარჩა. არადა, რა ცუდად დავიწყეთ...

პირველი მეოთხედის შემდეგ ესპანელები 28:11 დაწინაურდნენ. ვარსკვლავური შემადგენლობის პირინეელებისგან, ალბათ, არავინ ელოდა ასეთი უპირატესობის გაფლანგვას, მაგრამ თავად ესპანელებსაც დაავიწყდათ, ვისთან ჰქონდათ საქმე.

რუსებს ხომ დევიდ ბლატი წვრთნის. აი, რა მითხრა ასაკოვანმა რუსმა ჟურნალისტმა ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას ბლატზე: "დევიდი დიდი ფსიქოლოგია. მის ხელში ნებისმიერი კალათბურთელი თავისუფლად თამაშობს, შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს.

შეგირდებმა იციან, რა უნდა გააკეთონ ბოლო წამებზე და ბლატის მხრიდან სწორი მიდგომის გამო ყველაფერი კარგად გამოსდით. სწორედ ამიტომ დაამარცხა რუსეთმა საქართველო, თორემ თქვენც ძლიერი გუნდი გყავთ".

რუსებმა ესპანეთთან იოლად შემოატრიალეს თამაში. საფინალო სირენამდე 1:01 წუთით ადრე ვიქტორ ხრიაპამ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა (73:73). ამას მოჰყვა ტიმოფეი მოზგოვის ორქულიანი (18 წამით ადრე), ხოლო მატჩის დასრულებას ხუთი წამი რომ უკლდა, პაუ გასოლს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ ორიდან ერთი ჯარიმა გამოიყენა...

74:75 და ესპანელები იძულებულნი გახდნენ, ვიტალი ფრიდზონზე განზრახ დაჯარიმებულიყვნენ, რომელსაც ხელი არ აჰკანკალებია და რუსებს ჯგუფში პირველი ადგილი გაუნაღდა - 77:74.

ბრაზილია-ჩინეთი 98:59
25:9, 17:12, 28:17, 28:21
ბრაზილია: ვიეირა (14), ბარბოსა (13), ჯოვანონი (13), სპლიტერი (12), მაშადუ (10), ვარეჟაო (9+13მ)...
ჩინეთი: ჩჟუ ფანიუ (13), ჩენი (10), გუო (8)...

არგენტინა-ნიგერიის მატჩის მიმოხილვა ხომ წაიკითხეთ? სწორედ იგივე მოხდა ბრაზილია-ჩინეთის შეხვედრაში. სამხრეთამერიკელებმა ესპანეთთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ გვარიანად წაივარჯიშეს.

ბრიტანეთი-ავსტრალია 75:106
25:18, 21:18, 14:30, 15:40
ბრიტანეთი: ფრილენდი (16+7მ), კლარკი (14), დენგი (9+6მ), მენსა-ბონსუ (8)...
ავსტრალია: მილსი (39), ანდერსენი (13), ინგლსი (11), ბეინსი (10)...

დიდხანს ვერ გაძლო კარმელო ენტონის 37-ქულიანმა რეკორდმა - ავსტრალიელმა პატრიკ მილსმა სარეკორდო თამასა 39-მდე ასწია (7-დან 5 სამქულიანი). მან ეს შედეგი ტურნირის მასპინძლებთან უჩვენა, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა ბრიტანელებს მეოთხე მარცხი აწვნიეს.

დიახ, დიდ ბრიტანეთს ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგია. ბოლო ტურში საკუთარი ქომაგის წინაშე რეაბილიტაციის კარგი შანსი აქვს, თუმცა ჯგუფიდან გასვლას მაინც ვერ შეძლებს. ავსტრალიამ სწორედ ამ გამარჯვებით მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

ბოლოს პლეი ოფზეც ვთქვათ. თითო ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 4-4 საუკეთესო გავა. A ჯგუფის პირველი B-ს მეოთხეს დაუპირისპირდება და ა.შ. პირველი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი დადებითად გადაწყვიტეს აშშ-მ, არგენტინამ და საფრანგეთმა. ტუნისთან მოგების შემთხვევაში მეოთხე ადგილით მომდევნო ეტაპზე ლიტვაც გააღწევს.

B ჯგუფში გარკვეულია, რომ პირველ და მეოთხე ადგილებს შესაბამისად, რუსეთსა და ავსტრალიას ვერავინ შეეცილება. მეორე-მესამეს ვინაობას ბრაზილია და ესპანეთი ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ.

გუნდი ქ თ მ წ
რუსეთი 8 4 4 0
ბრაზილია 7 4 3 1
ესპანეთი 7 4 3 1
ავსტრალია 6 4 2 2
დიდი ბრიტანეთი 4 4 0 4
ჩინეთი 4 4 0 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული