სვეტისლავ პეშიჩი - როგორ ავაშენოთ გუნდი

AutoSharing Option
დღეს სერბი სპეციალისტი სვეტისლავ პეშიჩის დაცვაზე მოგვითხრობს. ვიდრე საქმეზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ მას გამოცდილება საკმარისზე მეტი აქვს: 1993 წელს გერმანიის ნაკრებს მოაგებინა ევრობასკეტი, 2001 წელს - იუგოსლავიას, ხოლო 2002 წელს იუგებს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა (თანაც ამერიკაში).

"ერთმა ცნობილმა მწვრთნელმა თქვა: პეშიჩი ძალიან კარგი სპეციალისტია. მას ეს უნდა ეთქვა, თუ არა, სხვა საქმეა, თუმცა იქვე დაამატა - მაგრამ ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევს დაცვასო. გასაგებია, ეს მისი მოსაზრებაა.

თუმცა ჩემი გამოცდილება საპირისპიროს მკარნახობს. გამოცდილება, ვგონებ საკმარისად დამიგროვდა: 15 წელი კალათბურთი არცთუ დაბალ
დონეზე ვითამაშე, შემდეგ მწვრთნელობას მოვკიდე ხელი და ამ საქმეში 30-წლიანი სტაჟი მაქვს.

მიმუშავია სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მენტალიტეტის კალათბურთელებთან, ამერიკელებთან, გერმანელებთან, ჰოლანდიელებთან, რუსებთან... კალათბურთელებთან, რომლებსაც დიდი თავი და მოკლე ფეხები ჰქონიათ და ა.შ... დაცვის გარეშე წარმატებას ვერსად, ვერასდროს მიაღწევ.

კალათბურთი გუნდურ მუშაობას, გუნდურ სულისკვეთებას მოითხოვს. თუ გუნდში ერთიანი სული არ ტრიალებს, ვერაფერს მოიგებ.

ახლა რასაც ვიტყვი, ისე არ გაიგოთ, თითქოს ერთ კონკრეტულ მატჩში გამარჯვების მოტანა ორ მოთამაშეს შეუძლია, თუ მათ თანაგუნდელები არ ეხმარებიან და გუნდურად არ მოქმედებენ, შანსი არც ამ შემთხვევაში არსებობს.

მაგრამ, აი, რისი თქმა მინდა: შეხვედრის გარკვეულ ეპიზოდებში შეტევისას ორ კალათბურთელზე დაყრდნობით შესაძლოა სიტუაციის კონტროლი, მაგალითად გამთამაშებლითა და ცენტრით, რომლებსაც დანარჩენებიც შეუწყობენ ხელს.

მაგრამ დაცვაში ეს შეუძლებელია. მატჩის ერთ ფაზაშიც არ შეიძლება ოთხი კალათბურთელი თამაშობდეს დაცვას, ერთი - არა. შესაძლოა, სამი კარგი დამცველი იყოს, ორი მათსავით ვერ თამაშობდეს, მაგრამ დაცვაში ყველამ უნდა იმუშაოს.

მხოლოდ დაცვისას მჟღავნდება ერთიანი სული და შესაძლებელია გუნდური ატმოსფეროს გაუმჯობესება. კალათბურთელი, რომელიც დაცვას არ თამაშობს, თანაგუნდელებში პატივისცემით ვერ ისარგებლებს.

კალათბურთელი, რომელიც დაცვაში თავს არ ზოგავს, გუნდისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია და ამავდროულად ყველას უყვარს.

ასე რომ, ყველაფერი დაცვიდან იწყება, საბრძოლო სულისკვეთებიდან დაწყებული თამაშის რიტმის კონტროლით დამთავრებული. ვთქვათ, ტემპის მომატება გსურს, პირველ რიგში დაცვაში უნდა შეცვალო რაღაც, რაც დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლის საშუალებას მოგცემს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული