სწორედ დერიუგინისა და საბასის მაგალითზე შეიძლება ითქვას - დიდი სპორტსმენი მაშინ ხარ, როცა, ამა
ახალგაზრდა სპორტსმენთათვის 224 სმ. სიმაღლის ლიტველი გიგანტის კარიერა სამაგალითო უნდა იყოს, ამიტომ გავეცნოთ საბონისის გზას "ჟალგირისიდან" - ნბა-მდე, მილიონებიდან - უხელფასობამდე.
1979 წლის ზაფხულში ივან ედეშკოს ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა. ყურმილის მეორე მხარეს მოდესტოს პაულაუსკასი იყო: "ჩემი გუნდის შეკრებაზე გელი. საოცრება უნდა განახო. სასწრაფოდ გამოდი..." პაულაუსკასი ედეშკოს ძველი მეგობარი იყო. მათ მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძესთან ერთად 1972 წელს ოლიმპიური ოქრო მოიგეს. 1979 წელს კი პაულაუსკასი სსრ კავშირის კადეტთა (16-წლამდელთა) ნაკრებს წვრთნიდა. რამდენიმე წლის შემდეგ ედეშკო გამოტყდა, რომ ნოვოგორსკში, ნაკრებების ოლიმპიურ ბაზაზე წასვლა გულზე ნამდვილად არ ეხატებოდა, რადგან მანამდეც არაერთხელ შეხვედრია ამომავალ ვარსკვლავებს, რომლებსაც დიდი კალათბურთი არ უთამაშიათ.
თუმცა, პაულაუსკასის ნაკრებში გამოჩენილმა არვიდას საბონისმა ედეშკო პირველივე შეხედვისთანავე გააკვირვა: გამხდარი და აწოწილი ლიტველი ბიჭი 15 წლისაც არ იყო, მაგრამ 209 სანტიმეტრს უკაკუნებდა. თუმცა, ყურადღებას სიმაღლე როდი იქცევდა: თუკი საბონისის თანატოლები მოთავისეობით გამოირჩეოდნენ და ინდივიდუალური ოსტატობის დემონსტრირებას ცდილობდნენ, არვიდასი გუნდზე თამაშობდა.
"ბურთის კალათში იოლად ათავსებდა, რადგან სიმაღლით ყველას აღემატებოდა. იგი კარგადაც ხტებოდა, იყო მოქნილი და კოორდინაციაც არ დაეწუნებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბონისი ბუნებისგან ბოძებულ მონაცემებს ბოროტად არ იყენებდა: რაციონალური, წინდახედული თამაშით გამოირჩეოდა," - იხსენებს ივან ედეშკო.
...ასეთივე იყო ზრდასრული არვიდას საბონისი. ლიტველი გიგანტი სხვა ცენტრებისგან გააზრებული პასებითა და სროლის სიზუსტით გამოირჩეოდა. მოხსნებისას კი პოზიციას სწორად არჩევდა და წინასწარ იცოდა დაუფლების შემდეგ რა უნდა ემოქმედა. ამიტომ, საბონისისთვის 15-20 ქულა ჩვეულებრივი ამბავი იყო. სსრ კავშირის ჩემპიონატში მისი სარეკორდო მაჩვენებელი 57 ქულაა, საერთაშორისო შეჯიბრებებში - 42, NBA-ში- 44.
ძალიან შორს წავედით... არვიდასი 12 წლამდე აკორდეონის გაკვეთილებზე დადიოდა და ეს საქმე კარგადაც გამოსდიოდა. თუმცაღა, ერთ დღეს მუსიკის მასწავლებელმა მეცადინეობაზე არმისული მოწაფე ტბის პირას აღმოაჩინა. საბონისი ბაყაყებს აკვირდებოდა. იმავე დღეს მასწავლებალმა პატარის მშობლებს ურჩია: ეს ბავშვი ან ბიოლოგიურ სკოლაში მიიყვანეთ, ან სხვა პროფესია შეურჩიეთო.
არვიდასს ბუნება პაპამისმა, პრანასმა შეაყვარა, რომელიც მეტყევე იყო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომავალი კალათბურთელი პაპას სიმაღლეშიც დაემსგავსა. მის ოჯახში ყველაზე მაღალი სწორედ ბატონი პრანასი იყო - 202 სმ.
2 მეტრს არვიდას საბონისმა 13 წლისამ მიაღწია; 15 წლისა 209 სმ. იყო; 1981 წელს, 17 წელს რომ მიუახლოვდა 213 სმ.-მდე გაიზარდა; 1985 წელს, როცა "ჟალგირისმა" ცსკა-ს ჩემპიონობა წაართვა საბონისი 216 სმ. იყო; 1988 წლის ოლიმპიადაზე მისმა სიმაღლემ 224 სმ. შეადგინა.
საბასი სროლის სიზუსტით გამოირჩეოდა როგორც ფარქვეშიდან, ასევე საშუალო დისტანციიდან და პერიმეტრიდან, რაც, პირველ რიგში, იური ფიოდოროვის დამსახურებაა. ეს კაცი არვიდასის პირველი მწვრთნელი გახლავთ. იგი მომავალ ვარსკვლავს ფართან ტრიალს კი არ ასწავლიდა, არამედ ბურთთან მუშაობას აჩვევდა და ხშირად გამთამაშებლის ფუნქციებსაც ასრულებინებდა.
სხვათა შორის, საბონისს თავიდან არც "ჟალგირისში" ტვირთავდნენ. ლიტველთა მწვრთნელ ვლადას გარასტასს კარგად ესმოდა, რომ ნორჩი საბასისთვის ტკაჩენკოსა და ბელოსტენის დარ ჩამოყალიბებულ კალათბურთელებთან ჭიდაობა სასარგებლო არ იყო. ამიტომ მწვრთნელს მოცდა მოუწია და როცა დრო მოვიდა, არვიდასი ტრენაჟორების დარბაზშიც შეუშვა და სსრ კავშირის ოქროს მედლისთვისაც შეერკინა ცსკა-ს.
ვიდრე არმიელებთან დაპირისპირებებზე ვიტყოდეთ, უნდა გავიხსენოთ, რომ საბონისი სსრ კავშირის ჩემპიონატში რეკორდით შევიდა. მისი დებიუტი 1981 წლის 24 ოქტომბერს "კალევთან" მატჩში შედგა. კაუნასელებმა 91:78 გაიმარჯვეს, ხოლო დებიუტანტმა 14 ქულა მოაგროვა. ალექსანდრ ბელოვი და ვლადიმირ ტკაჩენკო 17 წლისანი იყვნენ უმაღლეს ლიგაში რომ ითამაშეს, საბონისს კი დებიუტი 16 წლისას ჰქონდა - ესეც რეკორდი.
დავუბრუნეთ "ჟალგირისი"-ცსკა-ს ფინალურ დაპირისპირებებს. 1983 და 1984 წლებში ფინალში დამარცხების შემდეგ, ლიტველებმა 80-იან წლებში პირველად 1985-ში მოიპოვეს სსრ კავშირის ჩემპიონობა. ხოლო 1987 წელს "ჟალგირისს" ოქრო პირადად არვიდას საბონისმა მოუტანა: მოსკოვურ ფინალში, წესითა და რიგით საბასს არ უნდა ეთამაშა. მას ლუჟნიკების დარბაზში არც არავინ ელოდა, რადგან მოსკოვის საავადმყოფოში ტრავმირებული იწვა. თუმცა, თამაშამდე ნახევარი საათით ადრე იგი საავადმყოფოდან გამოიპარა და გუნდს შეუერთდა. მან არა მხოლოდ ითამაშა, არამედ იმ დღეს მატჩის ბედი გადაწყვიტა - არმიელთა მეფარეებმა ვარაფერი მოუხერხეს საბონისს, რომლის წყალობით "ჟალგირისმა" დამატებითი დროის ერთი მონაკვეთი 10:0 მოიგო და საბოლოოდ ოქრო ლიტვაში წაიღო.
ფაქტია, რომ ასეთი ქმედებით ლიტველმა გიგანტმა საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა, მაგრამ მასვე ეკუთვნის სიტყვები: "რადგან გტკივა, ე. ი. ცოცხალი ხარ".
ოვერტაიმიანი ფინალის შემდეგ ერთ თვეში, არვიდასი ფეხზე წამოდგა და სსრკ-ს ნაკრებს შეუერთდა, თუმცა შერემეტიევოს აეროპორტიდან ორი თვითმფრინავი გაფრინდა: პირველში, ათენისკენ, ევროპის ჩემპიონატზე მიმავალი ნაკრების წევრები ისხდნენ, მეორეში - თაბაშირდადებული საბონისი. ერთ-ერთი ვარჯიშისას მან აქილევსის მყესი და ჯვარედინი იოგები დაიზიანა. ასეთი დიაგნოზის შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში სპორტსმენები ინვალიდობას თავს აღწევენ, საკალათბურთო კარიერის გაგრძელებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია... არვიდას საბონისი კი 20 წლისა იყო და უამრავი ტიტული ჰქონდა მოსაგები.
მისი ტრავმა არა კონკრეტულად ერთი დღის, არამედ წლების განმავლობაში მიღებული დატვირთვების შედეგი იყო. როდესაც მას ჰკითხეს, კარიერაში რას შეცვლიდიო, უპასუხა: "ახალგაზრდობაში კადეტებიდან დაწყებული, პირველი გუნდით დასრულებული ყველა ნაკრებში მიწევდა თამაში.
ამას ემატებოდა სსრკ-ს ჩემპიონატში ასპარეზობა, რაც ადრეულ ასაკში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სულაც არ არის. რომ შემეძლოს, სწორედ ამას შევცვლიდი."
გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"