"რეალი" ბარსელონაში მიდის

AutoSharing Option
სრულად დაკომპლექტდა ევროლიგის "ოთხთა ფინალის" შემადგენლობა. "რეალისა" და "ვალენსიას" სერია ხუთ მატჩამდე გაიწელა და თელ-ავივის "მაკაბი" კარგა ხანი ელოდა ნახევარფინალში თავისი მეტოქის გარკვევას.

ამ სერიაში "ვალენსია" ღირსეულად გამოიყურებოდა და ერთადერთი, რაც მეხუთე შეხვედრაში "რეალის" სასარგებლოდ ლაპარაკობდა, საკუთარი მოედნის ფაქტორი იყო. მაგრამ თავიდან "სამეფო კლუბს" ამანაც ვერ უშველა. მასპინძლებისთვის თამაში კატასტროფულად დაიწყო - ომარ კუკისა და დუშკო სავანოვიჩის დუეტმა "ვალენსიას" 11:2 უპირატესობა მოუტანეს.

სტუმრები მთელი მეოთხედი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ პირველი ათი წუთი ექვსი ქულით მოიგეს. მეორე ათწუთეულში "რეალი" კიდევ
უფრო არეული გავიდა მოედანზე. "ვალენსიამ" უპირატესობა გაზარდა და მხოლოდ მეოთხედის შუაში დაიწყეს მადრიდელებმა ჩამორჩენის თანდათან გაბათილება. ბოლოსკენ "სამეფო კლუბი" სამი ქულის მანძილზე მიუახლოვდა მეტოქეს. ამ გაქცევის ავტორები ანტიჩი და პრიჯიონი გახდნენ. უფრო მეტის გაკეთების საშუალება "რეალს" უკრაინელმა ლიშჩუკმა არ მისცა. თავის მხრივ, "რეალში" ახალი გმირი გამოჩნდა - კლეი ტაკერი, რომლის ორი სამქულიანით სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. დარჩენილ დროში თითო სამქულიანი გაცვალეს და მეორე ტაიმში თამაში პრაქტიკულად თავიდან იწყებოდა.

მესამე მეოთხედის სტარტზე "რეალმა" 8:2 გაქცევა შეძლო - მასპინძელმა შორეული ტყორცნებისას გაასწორა მიზანი. ახლა უკვე სვეტისლავ პეშიჩს მოუწია ტაიმ-აუტის აღება, რადგან ანგარიში "რეალის" სასარგებლოდ იყო - 48:44. ეს ყველაფერი პირველი მეოთხედის სტარტს ჰგავდა, ოღონდ გუნდებმა როლები გაცვალეს. ამოქმედდა "სამეფო კლუბის" დაცვა, დალაგდა შეტევითი მოქმედებები, "ვალენსია" კი აშკარად ნოკდაუნში აღმოჩნდა.

სტუმართა გამოფხიზლება ისევ და ისევ სავანოვიჩმა ითავა და მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე "რეალი" მხოლოდ ორი ქულით იყო წინ - 52:50. სავანოვიჩი დამსახურებულ დასვენებაზე გავიდა და მისი გუნდი ისევ "დაიშალა". მეოთხე მეოთხედის წინ "ვალენსიას" ჩამორჩენა შვიდ ქულას შეადგენდა.

ბოლო მეოთხედში ორივე გუნდმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და უამრავი სამქულიანი ააცილა. ბოლოსკენ მასპინძლებმა საფეხბურთო სტილში დაიწყეს დროის გაყვანა, უკანასკნელ წამებზე კი აქცენტი ანტე ტომიჩზე გადაიტანეს, რომელმაც გუნდი არ დააღალატა. სამაგიეროდ, "ვალენსია" დააღალატა ნანდო დე კოლომ. ფრანგი ზედიზედ რამდენჯერმე შეცდა შეტევაში და ამასთან სრულიად არასაჭირო პერსონალურები შეაგროვა. ბოლო მეოთხედში ორივე გუნდმა ერთად 15 ქულა დააგროვა, "რეალმა" კი თავის უპირატესობას ერთი ქულა დაუმატა და ცხრა ქულით მოიგო - 66:58.

რეალი-ვალენსია 66:58
11:17, 29:25, 18:9, 8:7
რ: ტაკერი (12), სუარესი (12+10 მოხსნა), ტომიჩი (9+9 მოხსნა), ლიული (9).
ვ: სავანოვიჩი (19+6 მოხსნა), მარტინესი (16).
სერია: 3-2

1/2 ფინალი
მონტეპასკი-პანათინაიკოსი
რეალი-მაკაბი.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული