ევროლიგის ”ოთხთა ფინალის” წინ

AutoSharing Option
დღეს ბარსელონაში სტარტს იღებს ევროლიგის "ოთხთა ფინალი". ისრაელის "მაკაბი", იტალიის "მონტეპასკი", ესპანეთის "რეალი" და საბერძნეთის "პანათინაიკოსი" კვირისთვის გამოავლენენ "ბებერი კონტინენტის" საუკეთესო გუნდს.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს "ოთხთა ფინალი" განსაკუთრებულია, რადგან აქ არ არის გამოკვეთილი ფავორიტი. ოთხივე კლუბი დაახლოებით ერთი დონისაა, თანაც მასპინძელი გუნდი ვერ მოხვდა ამ სტადიაზე, რაც ასევე ათანაბრებს მეტოქეთა შანსებს და მომავალ მატჩები კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის. სხვათა შორის, "ოთხთა ფინალში" "ბარსელონას" არყოფნა მთავარი და ერთადერთი სიუპრიზია. საერთო ჯამში კი აქ წარმოდგენილი გუნდები სეზონის განმავლობაში უძლიერეს თამაშს აჩვენებდნენ
და სამართლიანად მოხვდნენ საუკეთესო ოთხეულში.

წელს ბევრი ელოდა "ბარსელონასგან" შარშანდელი წარმატების გამეორებას, თანაც ფინალური რაუნდი ამ გუნდის ტერიტორიაზე იმართება. მაგრამ მეოთხედფინალში კატალონელები "პანათინაიკოსთან" დამარცხდნენ. "ბარსას" გაწბილებულმა გულშემატკივრებმა დაახლოებით 2 ათასი ბილეთი მიჰყიდეს "მაკაბის" ფანებს, ასე რომ, ისრაელის ჩემპიონს კატალონიის დედაქალაქში სოლიდური მხარდაჭერა ექნება - დაახლოებით 5 ათასი გულშემატკივარი. არენა, რომელზეც მატჩები გაიმართება, 17 ათას მაყურებელს იტევს.

როგორც ვთქვით, ნახევარფინალურ წყვილებში ფავორიტის გამორჩევა რთულია, მაგრამ გარკვეული სტატისტიკური მონაცემების მოშველიებით შესაძლებელია რომელიმე გუნდისთვის მცირე უპირატესობის მინიჭება. ასე მაგალითად, "მაკაბიმ" მთელი ევროსეზონის განმავლობაში მხოლოდ ხუთი მატჩი წააგო და ბუკმეიკერები ახალგაზრდა "რეალის" წინააღმდეგ ისრაელის გუნდს ოდნავ მაღლა აყენებენ. ასეთივე უპირატესობა აქვს "მონტეპასკის" "პანათინაიკოსზე". იტალიელებმა მეოთხედფინალში 3:1 მოუგეს სერია "ოლიმპიაკოსს", ეს გუნდი კი საბერძნეთის ჩემპიონატში "პანათინაიკოსზე" ძლიერად გამოიყურება.
დავუბრუნდეთ "მაკაბისა" და "რეალის" წყვილს და ისიც აღვნიშნოთ, რომ მადრიდელებისთვის ეს პირველი "ოთხთა ფინალია" ბოლო 15 (!) წლის განმავლობაში.

წლევანდელი ტურნირი კიდევ ერთი რამით არის წინამორბედებისგან განსხვავებული. კვირას ფინალური მატჩი უჩვეულოდ ადრე დაიწყება - თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე. საქმე ისაა, რომ 8 მაისს ისრაელში 20 საათიდან პატივს მიაგებენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებსა და ტერაქტების მსხვერპლს. ამ დროიდან მოყოლებული მთელი მომდევნო დღის განმავლობაში ქვეყანაში არ გაიმართება არანაირი გასართობი ღონისძიება, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები. თანაც აკრძალვა ეხება საზღვარგარეთ მყოფ ისრაელის გუნდებსაც. ამიტომაც ევროლიგას დათმობაზე წასვლა მოუწია.

ოთხთა ფინალის განრიგი
6 მაისი, პარასკევი
1/2 ფინალი
პანათინაიკოსი-მონტეპასკი (20:00)
მაკაბი-რეალი (23:00)

8 მაისი, კვირა
მე-3 ადგილისთვის (15:00)
ფინალი (18:30)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული