1/2 ფინალი
პანათინაიკოსი-მონტეპასკი 77:69
17:21, 23:15, 16:11, 21:22
პ: კალატესი (17+6 მოხსნა), ბატისტი (16+7 მოხსნა), ფოცისი (14), დიამანტიდისი (8+9 პასი), სატო (6+5 მოხსნა), ვუიუკასი (6), პერპეროგლუ (5), ნიკოლასი (3), ცარცარისი (2).
მ: კაუკენასი (13), ჰეირსტონი (12), რაკოვიჩი (10), ლავრინოვიჩი (7), მაკალები (7+4 პასი), მოსი (6), ცისისი (4), აკინდელე (4), სტოუნრუკი (4+14 მოხსნა), კარარეტო (2).
"მონტეპასკიმ" არ უღალატა ტრადიციას და
სტარტზე ორივე გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა - მეტოქეებმა ერთ წუთში ოთხ-ოთხი (!) შეცდომა დაუშვეს. ამის შემდეგ "მონტეპასკიმ" ფარქვეშ უპირატესობა გამოიკვეთა, რისი წყალობითაც იტალიელებმა პირველი მეოთხედი 21:17 მოიგეს.
სხვათა შორის, "მონტეპასკის" იტალიური გუნდი მხოლოდ გეოგრაფიული პრინციპით ჰქვია - შემადგენლობაში მას მხოლოდ ორი იტალიელი ჰყავს, "პანათინაიკოსში" კი ერთბაშად შვიდი ბერძენი თამაშობს და შედეგზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ დააწვათ კისერზე. კალატესის, დიამანტიდისისა და ფოცისის მონდომებით "პაომ" მეორე მეოთხედი 23:15 მოიგო და საფუძველი ჩაუყარა საბოლოო გამარჯვებას.
მეორე ნახევარმა ბერძნული გრანდის კარნახით ჩაიარა. თითქმის იდეალური გახდა გუნდური მოქმედება, რამაც შოკში ჩააგდო "მონტეპასკი". ბერძნების რიგებში რთული იყო რომელიმე კალათბურთელის გამოყოფა - ნებისმიერი მაქსიმალური თავდადებითა და რაც მთავარია, ნაყოფიერად თამაშობდა. ბოლო მეოთხედის წინ "პანათინაიკოსი" 56:45 იყო წინ.
ბოლო მეოთხედში იტალიური გუნდის გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა კაუკენასმა ერთ შეტევაში ოთხი ქულა დააგროვა (სამქულიანი+ჯარიმა), მაგრამ ეს დროებითი წარმატება იყო. მალე მეხუთე პერსონალურით მოედანი დატოვა კშიშტოფ ლავრინოვიჩმა და მატჩის გადარჩენის ბოლო იმედიც გაქრა. "პანათინაიკოსის" წარმატება დიდწილად მისი მწვრთნელის ჟელკო ობრადოვიჩის პროფესიონალიზმმა განაპირობა, რომლისთვისაც ეს ფინალი მე-12 (!) იქნება კარიერაში.
მაკაბი-რეალი 82:63
14:12, 18:17, 23:18, 27:16
მ: ეიდსონი (19+8 მოხსნა), შორცანიდისი (16+5 მოხსნა), პინი (14), პარგო (13+7 პასი), ბლიუ (10+5 მოხსნა), ჰენდრიქსი (6+6 მოხსნა), შარპი (3), ელიაჰუ (1).
რ: ტომიჩი (17+6 მოხსნა), რეიესი (15+14 მოხსნა), ლიული (9), პრიჯიონი (9), სუარესი (8), ტაკერი (3), ფიშერი (2).
მეორე ნახევარფინალმა არანაკლები ინტერესი გამოიწვია. ამ წყვილში ფავორიტის დასახელება რთული იყო, თუმცა ითვალისწინებდნენ იმასაც, რომ ისრაელის ჩემპიონმა სტაბილურად განვლო "ოთხთა ფინალამდე" გზა და ყველაზე ცოტა მატჩი წააგო.
პირველი სამი მეოთხედის განმავლობაში "მაკაბი" მუდმივად წინ გადიოდა და "რეალი" ახერხებდა მეტოქის დაწევას. ფარქვეშ ბრძოლაში უპირატესობის წყალობით
ესპანელები შორს არ უშვებდნენ მოწინააღმდეგეს და დიდი შესვენებისთვის სხვაობა "მაკაბის" სასარგებლოდ მხოლოდ სამი ქულა იყო - 32:29.
მეორე ტაიმში "მაკაბი" გაცილებით აქტიურად ათამაშდა, პირველ რიგში ეს ფარქვეშ ბრძოლაში აისახა. თანაც, "რეალს" გაუჭირდა ჯერემი პარგოს შეჩერება. მესამე მეოთხედის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკელის ჩატენვის შემდეგ დაიწყო ისრაელის ჩემპიონის გადამწყვეტი სპურტი. ამ მომენტში შეცდომა დაუშვა "რეალის" მწვრთნელმა: "მაკაბის" გაქცევის დროს მოედანზე არ იყვნენ მადრიდელთა ლიდერები - პრიჯიონი და რეიესი. ესპანელებს არც სამქულიანები წაუვიდათ, მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ეიდსონი კი თითქმის უშეცდომოდ ისროდა. მისი ერთ-ერთი სამქულიანის შემდეგ თამაში ფაქტობრივად დასრულებული იყო - "რეალს" 20-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება აღარ შეეძლო.
ფინალი
მაკაბი-პანათინაიკოსი 70:78
15:22, 15:11, 13:21, 27:24
მ: პარგო (12+9 პასი+5 მოხსნა), ეიდსონი (17+ 7 მოხსნა), ბლიუ (14), ელიაჰუ (12+5 მოხსნა), პნინი (8+5 მოხსნა), შორცანიდისი (4), მაჩვანი (3).
პ: ბატისტი (18+6 მოხსნა), დიამანტიდისი (16+9 პასი+5 მოხსნა), ნიკოლასი (14), სატო (13+7 მოხსნა), ფოცისი (5+7 მოხსნა), კალატესი (4+6 პასი), ვიუკასი (4), მარიჩი (2), პერპეროგლუ (2).
ფინალური მატჩი ბარსელონას "პალაუ სანტ ხორდიზე" 16 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ჩატარდა, თანაც უმეტესობა მონაწილე გუნდების ფანები იყვნენ. მატჩიც ფინალის დონისა გამოვიდა. ორივე გუნდმა დამაჯერებლად და უშეცდომოდ დაიწყო თამაში და ასე გაგრძელდა მესამე მეოთხედამდე. დიდი შესვენებისთვის სხვაობა 3 ქულა იყო "პანათინაიკოსის" სასარგებლოდ.
მატჩის მესამე ნაწილი უკეთ "მაკაბიმ" დაიწყო და შორცანიდისის ორქულიანით წინ გავიდა - 36:35. თუმცა ისრაელის ჩემპიონის წარმატება აქ დასრულდა. ცოტა ხანში "პანათინაიკოსმა" 8:0 გაქცევა მოაწყო და თითქმის მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა კომფორტული უპირატესობა. საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ბერძნების უპირატესობამ 12 ქულა შეადგინა.
თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ ელიაჰუს მონდომებით "მაკაბიმ" ბოლო წუთში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა. შემდეგ იყო შეგნებული ჯარიმების ტაქტიკა, მაგრამ ამ შემთხვევაში ქულებს მხოლოდ ბერძნები აგროვებდნენ.
საბოლოოდ მივიღეთ "პანათინაიკოსის" დამსახურებული გამარჯვება, რომელიც მეექვსეა ამ კლუბის ისტორიაში. უფრო ტიტულოვანი ამ გუნდის მწვრთნელია - ჟელკო ობრადოვიჩმა მერვედ მოიგო ევროლიგა, აქედან მეხუთედ "პაოს" მთავარი მწვრთნელის რანგში.