კალათბურთელების, მწვრთნელების, ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის თანახმად სეზონის MVP გახდა "კახა ლაბორალის" ფორვარდი ფერნანდო სან ემეტერიო. ესპანელმა კალათბურთელმა ორ ამერიკელ ლეგიონერს - ნიკა კანერ-მედლისა ("ესტუდიანტესი") და ჯეისი კეროლს ("გრან კანარია") გაუსწრო.
საინტერესოა, რომ მწვრთნელებმა უპირატესობა კეროლს მიანიჭეს, პრესამ - კანერ-მედლის, ხოლო მოთამაშეებმა - სან ემეტერიოს. გადამწყვეტი აღ მოჩნდა გულშემატკივართა ხმა - მათ არჩევანი ფერნანდოზე გააკეთეს, რომელმაც კანერ-მედლის 15 ქულით გაუსწრო.
ესპანეთის ჩემპიონატში სან ემეტერიო საშუალოდ 16.6 ქულას აგროვებდა. უკეთესი
"დაჯერება მიჭირს. სეზონის ბოლოს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე უკეთესად დამესრულებინა რეგულარული ჩემპიონატი. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს პრიზი ჩემს ხელში აღმოჩნდებოდა. განსაკუთრებული გრძნობაა, როცა საკალათბურთო საზოგადოების რჩეული ხარ. მადლობა იმ ხალხს, ვინც ჩემი შრომა დააფასა", - განაცხადა სან ემეტერიომ.
ესპანელი ფორვარდი "კახა ლაბორალის" მეორე მოთამაშეა, ვინც ეს ტიტული დაიმსახურა. ადრე იგივე პატივი ერგო ბრაზილიელ ცენტრ ტიაგო სპლიტერს, რომელიც ამჟამად "სან ანტონიო სპურსში" თამაშობს.
* * *
როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული "ბარსელონას" დამრიგებელმა ხავი პასკუალმა მოიპოვა. კატალონურმა კლუბმა რეგულარული სეზონი დამაჯერებლად მოიგო - მან 34 მატჩში 28 მოიგო და მხოლოდ ექვსჯერ დატოვა მოედანი დამარცხებულმა.
ამ სეზონში ხავი პასკუალმა უკვე მოაპოვებინა ორი ტიტული "ბარსელონას": ესპანეთის თასი და სუპერთასი. ახლა კატალონელები საჩემპიონოდ ემზადებიან. ისინი შარშანაც მთავარი ფავორიტები იყვნენ, მაგრამ პირწმინდად წააგეს სერია "კახა ლაბორალთან".