შარუნას იასიკიავიჩუსი: დერონ უილიამსი მომწონს

AutoSharing Option
35 წლის შარუნას იასიკიავიჩუსი კვლავაც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად რჩება, რასაც ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.

ლიტველი ნაკრებში ორწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა და სწორედ ამ თემით იწყება მისი ინტერვიუ, რომელშიც შარასი ბევრ სხვა საინტერესო ამბებსაც გვიყვება.

- შარუნას, ბოლო ორი წელია ნაკრებში არ გითამაშიათ. რა გახდა გუნდში დაბრუნების მთავარი მიზეზი?
- მთავარ მწვრთნელ კემზურასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვესაუბრებით ერთმანეთს, განვიხილავთ ნაკრების თამაშებს... ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემი ნაკრებში დაბრუნება უნდოდა. ასე რომ, მთავარი მიზეზი მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა და
ის ფაქტია, რომ ჩემპიონატი ლიტვაში ტარდება. ეს ენთუზიაზმს მმატებს.

- ვის მიიჩნევთ ევრობასკეტის მთავარ ფავორიტებად?
- წელს ბევრი ასეთი გუნდია: ესპანეთი, საფრანგეთი, თურქეთი, ლიტვა, იმიტომ, რომ მასპინძლები ვართ... სერბეთს ჰყავს ძლიერი გუნდი და ისიც ფავორიტების რიცხვს უნდა მივაკუთნოთ.

- ბევრ ქვეყანაში გითამაშიათ. ლიტვაში ყველაზე მეტად უყვართ კალათბურთი?
- დიახ, ეს ასეა. თავადაც არ ვიცით, საიდან მოდის ეს სიყვარული. ჩვენ უკვე მდიდარი საკალათბურთო ტრადიციები გვაქვს და ხალხი წინსვლას გვაიძულებს. კარგია, როცა შენც ამ კულტურის ნაწილი ხარ.

- ყოფილა თქვენს კარიერაში ისეთი შემთხვევები, როცა მაყურებელი თამაშში ერეოდა?
- რა თქმა უნდა. მატჩები "პანათინაიკოსსა" და "ოლიმპიაკოსს" შორის საერთოდ კალათბურთი არ არის. ეს ომია. იქ ყველაფერთან შეგუება გიწევს - დანებისა და ბოთლების სროლასთანაც კი. მონეტები და სანთებლები - ეს ჩვეულებრივი ამბავია. საბერძნეთში ძალიან რთულია თამაში.

"პანათინაიკოსში" ბოლო სეზონს ვატარებდით. სტუმრად "ოლიმპიაოკოსთან" ჩავედით სათამაშოდ და მოთელვის დროს ბეტონის ნატეხები დაგვიშინეს. შემდეგ იატაკზე დავიხედე და სამი დანა აღმოვაჩინე...

- ლიტვის ნაკრებს ახალი ვარსკვლავი ეზრდება. იონას ვალანჩიუნასი 19 წლისაა და მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა პირველ ნაკრებში. რა განაპირობებს ლიტვაში მის უდიდეს პოპულარობას?
- იონასი - ძალიან ნიჭიერი ბიჭია და უკვე მოგებული აქვს იუნიორთა დონეზე სამი დიდი ტურნირი. როცა ახალგაზრდა ხარ, გულშემატკივარი უფრო მეტად გამხნევებს. თანაც ახლა ლიტვაში ახალი თაობა მკვიდრდება და როცა მას ასეთი აღიარებული ლიდერი ჰყავს - ეს შესანიშნავია! ჩვენ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, მაგრამ იონასი კარგი ადამიანიცაა. მოკრძალებული, ღრუბლებში არ დაფრინავს, ყველას ყურადღებით უსმენეს. ამიტომაც არის განსაკუთრებული.

- გაქვთ თუ არა სინანულის გრძნობა იმის გამო, რომ NBA-ში დიდხანს ვერ ითამაშეთ?
- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არასწორი გუნდი ავირჩიე და ამ შეცდომამ ხელი შემიშალა. ეს სრულიად განსხვავებული სამყაროა, სადაც ბევრი რამ შენზე არ არის დამოკიდებული, გაცვლების დროს კი საერთოდ არაფერ შუაში ხარ. გამცვალეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი კონტრაქტი ისეთივე იყო, როგორიც მეორე მოთამაშის. მთელი ზაფხული, სანამ "პანათინაიკოსში" გადავიდოდი, ტრეიდის მიღწევას ვცდილობდით. არ გამოგვივიდა, ხოლო "გოლდენ სტეიტში" გადასვლა და იქ სათამაშო დროისთვის ბრძოლა სახიფათო იყო, რადგან შეიძლება მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე გამეტარებინა. ასე რომ, იმ სიტუაციაში "პანათინაიკოსი" ყველაზე კარგი ვარიანტი გახლდათ.

- თავდაპირველად "ინდიანას" გარდა სხვა ვარიანტები იყო?
- "კლივლენდი" და "პორტლენდი". ვფიქრობ, "პორტლენდში" უნდა წავსულიყავი.

- მცირედით მაინც კმაყოფილი ხართ ამერიკული კარიერით?
- პირველი ოთხი თვის განმავლობაში ვთამაშობდი, ძირითადის კალათბურთელი ვიყავი. მეტს არც ვითხოვდი. პრობლემა იმაში იყო, რომ სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ეს იყო გუნდი, სადაც მოთამაშეები ერთმანეთს ხასიათით ვერ ერგებოდნენ. ჩემი შეცდომაც იყო, რადგან NBA-თვის ფიზიკურად სათანადოდ ვერ მოვემზადე.
ამიტომაც, სადღაც 50 მატჩის შემდეგ ვეღარ ვუძლებდი დატვირთვას.

მეორე სეზონისთვის უკეთ მოვემზადე, ისევ რეგულარულად ვითამაშე პირველი სამი თვე და უცებ არსაიდან ტრეიდი მოვიდა. პირდაპირ აეროპორტიდან "გოლდენ სტეიტის" მთავარ მწვრთნელთან დონ ნელსონთან მივედი და მან მკითხა: "შენ ვინ ხარ?" თავიდან გავიფიქრე: "ხომ არ ხუმრობს? მათ არ გადამიყვანეს გაცვლით თავიანთ გუნდში?!". საკუთარი თავი გავაცანი, მაგრამ თან მივხვდი, რომ გუნდის ნაწილი ვერ გავხდებოდი.

- NBA-ში გაცილებით მაღალი დონეა, ვიდრე ევროპაში?
- მაღალია, მაგრამ დიდად არა... სიმართლე გითხრათ, NBA მომეწონა. მიყვარს თამაში, იქ კი ყოველ კვირას 3-4 მატჩი იმართება. ვარჯიშს თამაში სჯობია. მომეწონა მოგზაურობა და საერთოდ, იქაური ატმოსფერო. მაგრამ თამაში არ მიწევდა და ეს ძალიან მძიმე იყო ფსიქოლოგიურად.

მეგონა, რომ სწორ არჩევანს ვაკეთებდი, რადგან ლარი ბერდსა და რიკ კარლაილს მართლაც ძალიან უნდოდათ ჩემი ხელში ჩაგდება. შემდეგ ბოდიში მომიხადეს, მაგრამ ეს ვერ მიშველიდა. საერთო ჯამში, იქ კარიერის ორი წელი დავკარგე.

- ვის მხარეს ხართ დავაში, რომელმაც ლოკაუტი გამოიწვია?
- ყველაფერი შეფარდებითია. არ მესმის, რატომ ამბობენ კლუბების მფლობელები, რომ ისინი მოგებას ვერ ნახულობენ. მე მგონია, რომ მათ ცუდად არ მისდით საქმეები. თუმცა ისიც გასაგებია, რომ პატარა გუნდებს უჭირთ მოგებაზე გასვლა. მაგრამ დღეს, როგორც ვხვდები, მფლობელებს სურთ ბევრი წაართვან მოთამაშეებს, მაგალითად, გარანტირებული კონტრაქტები.

მოთამაშეების მხარეს არ ვარ, რადგან NBA-ში აღარ ვთამაშობ. კარგია, თუ მფლობელების აზრზს მოვისმენეთ. ახლახანს წავიკითხე, რომ "ატლანტა" 400 მილიონად გაიყიდა. თუ გუნდები მოგებას ვერ ნახულობენ, მაშინ რაში სჭირდებათ კლუბის შეძენა? და თუ შენ ბანკში 20 მილიარდი გრჩება, რატომ წუწუნებ? საერთოდ, ვერ ვიტან კალათბურთის ბიზნეს-მხარეს, მაგრამ სამწუხაროდ, ამას უნდა შევეგუოთ.

- ვინ არის დღეს მსოფლიოში საუკეთესო გამთამაშებელი?
- დერონ უილიამსი. ის ყველაზე მეტად მომწონს. ის მომავალ წელს თურქეთში ითამაშებს, ასე რომ, ვნახოთ...

- დერეკ როუზი?
- ისიც მომწონს, მაგრამ უილიამსის მსგავსი სროლა არ აქვს. თუმცა დამასახურებულად გახდა სეზონის MVP.

- ევროპელებიდან ვის გამოარჩევთ?
- ტონი პარკერს, ევროლიგაში - დიამანტიდისს. მომწონს ისეთი კალათბურთელი, რომელიც თამაშზე სხვადასხვა ხერხით ახდენს გავლენას. დიამანტიდისი ბრწყინვალე მოთამაშეა და კიდევ უკეთესი ადამიანი.

- დიად კალათბურთელს სოლიდურ ასაკშიც შეუძლია რამე ახალი ისწავლოს?
- რა თქმა უნდა, და სწორედ ამაშია კალათბურთის ხიბლი. ყოველდღე რაღაც ახალი ხდება. ყველა ხუმრობს იმაზე, რომ დაცვაში თამაში მხოლოდ მაშინ დავიწყე, როცა 30 წლის გავხდი. ასე რომ, ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული