დერონმა დებიუტი დაგეგმა

AutoSharing Option
გაირკვა, რომ თურქეთის "ბეშიქთაშის" ვარსკვლავური გამთამაშებელი დერონ უილიამსი თავისი ახალი კლუბის რიგებში სადებიუტო მატჩს 27 სექტემბერს ჩაატარებს. ევროპის თასის შესარჩევი ტურნირის საშინაო შეხვედრაში თურქული კლუბი ბელგიის "დექსიას" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ უილიამსი კონტრაქტით NBA-ის კლუბ "ნიუ ჯერსი ნეტსს" ეკუთვნის და ვალდებული იქნება ლოკაუტის დასრულებისთანავე დაბრუნდეს ამერიკაში.

* * *
"გოლდენ სტეიტ უორიორზის" ლატვიელი ცენტრი ანდრის ბიედრინში ლოკაუტის პერიოდში სამშობლოში ითამაშებს. კალათბურთელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები რიგის ვეფ-თან და ამ დღეებში ოფიციალურად გააფორმებს ხელშეკრულებას.

როგორც იცით, ბიედრინში გამოტოვებს ევრობასკეტს იმ მიზეზით, რომ
ლატვიის კალათბურთის ფედერაციამ ვერ მოახერხა კალათბურთელისთვის დაზღვევის გაფორმება. "გოლდენ სტეიტში" გატარებული შვიდი სეზონის განმავლობაში ბიედრინშმა რეგულარული ჩემპიონატის 140 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 7.7 ქულა და 8.0 მოხსნა დააგროვა.

* * *
ბელგრადის "პარტიზანმა" ოფიციალურად დაადასტურა კონტრაქტის გაფორმება "მინესოტა ტიმბერვულვზის" ცენტრთან ნიკოლაი პეკოვიჩთან. ეს ხელშეკრულებაც ლოკაუტის ბოლომდე იქნება ძალაში.

ჩერნოგორიელი კალათბურთელი ერთხელ უკვე ირიცხებოდა სერბულ გრანდში (2005-08), რის შემდეგაც "პანათინაიკოსში" გადავიდა და მასთან ერთად 2009 წელს ევროლიგის ჩემპიონი გახდა. NBA-ის შარშანდელ რეგულარულში პეკოვიჩმა საშუალოდ 5.5 ქულა და 3.0 მოხსნა მიითვალა.

* * *
იმის მიუხედავად, როდის დასრულდება NBA-ში მიმდინარე ლოკაუტი, "დენვერ ნაგეტსის" ცენტრი ნენე ილარიო არ აპირებს 2011-12 წლების სეზონში თავის ამჟამინდელ კლუბში თამაშს.

ბრაზილიელმა გადაწყვიტა პაუზა აიღოს პროფესიულ კარიერაში და ერთი წელი ოჯახთან ერთად დაისვენოს. შეგახსენებთ, რომ ნენემ უარყო "დენვერის" ხელმძღვანელობის შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რითაც თავისუფალი აგენტი გახდა.

ამასთან, ბრაზილიელმა არ გამორიცხა "ნაგეტსში" დაბრუნება და ისიც დაამატა, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა უნდა.

"მინდა ყველაფერს მივაღწიო. ეს ჯერჯერობით პირველი შემთხვევაა, როცა თავისუფალი აგენტი გახლავართ და მინდა დავტკბე ამ მომენტით. ხალხი ცდება, როცა ამბობს, რომ საქმე ფულშია. საკმარისი თანხა დავაგროვე და დღესვე შემიძლია კარიერის დასრულება. მე არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ამ სიტუაციაში ყველაფერი მაწყობს", - განაცხადა "დენვერის" ცენტრმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული