B ჯგუფში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი" საკუთარ მოედანზე იღებდა ესპანეთის "უნიკახას" და მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ, მაინც მოახერხა დიდი ანგარიშით მოგება. ბერძნებმა პირველი მეოთხედი 9-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მაგრამ "უნიკახამ" მეორე 10-წუთეულში მკვეთრად მოუმატა თამაშს, რამაც დიდ შესვენებამდე სხვაობის სამ ქულამდე შემცირების საშუალება მისცა. თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. "პანათინაიკოსმა" მეორე ნახევარი ჯამში 18 ქულით მოიგო და საბოლოოდ, მატჩი 21-ქულიანი უპირატესობით დაასრულა - 98:77.
* * *
ამავე ჯგუფში კიდევ ერთი გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა. ხორვატიის "ზაგრებმა" სტუმრად ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია გერმანიის "ბამბერგს". მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. საწყის მეოთხედში მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რასაც მეორე მეოთხედში კიდევ 12 ქულა დაუმატეს და დიდი შესვენებისთვის "ბამბერგი" 22 ქულით იყო წინ.
შესაბამისად, მეორე ნახევარი ფორმალობად გადაიქცა. "ზაგრებმა" მხოლოდ მეოთხე მეოთხედი ჩაატარა ღირსეულად და ეს ათწუთიანი მონაკვეთი ერთი ქულით წააგო, რამაც ჯამში 31-ქულიანი ჩამორჩენა შეადგინა - 96:65.
* * *
სერბეთში ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა "ეფეს პილსენმა, რომელიც ბელგრადში "პარტიზანს" სტუმრობდა. თითქმის თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, თურქულმა კლუბმა მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყვიტა, როცა 10 წუთში 20 ქულა ჩაუგდო მეტოქეს, თავად კი საკუთარ ფარში მხოლოდ ექვსი ქულა მიიღო.
ბოლო მეოთხედში "პარტიზანმა" სცადა მატჩის გადარჩენა, შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ექვსი ქულითაც მოიგო, მაგრამ 11 ქულაზე ახლოს ვერ მიუახლოვდა მეტოქეს. აღსანიშნავია, თურქების კარგი თამაში დაცვაში. კერძოდ, "ეფესის" ორმა კალათბურთელმა - ვუიაჩიჩმა და ილიასოვამ ჯამში რვა ჩაჭრა მიითვალეს.
* * *
ევროლიგაზე მოთამაშე ქართველთაგან ყველაზე კარგი სტატისტიკა თორნიკე შენგელიამ დააფიქსირა, რომელიც ბელგიის "შარლერუას" ღირსებას იცავს. ქართველ კალათბურთელს მადრიდის "რეალთან" საშინაო მატჩში ერთი მოხსნა არ ეყო ორმაგ დუბლამდე - თორნიკეს ანგარიშზე 10 ქულა და 9 მოხსნა მოდის.
რაც შეეხება შეხვედრას, მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა "რეალის" უფრო მაღალი კლასი. ესპანელებმა ოთხივე მეოთხედი მოუგეს მეტოქეს და საბოლოოდ, 24-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირეს - 100:76.
"რეალს" 19 ქულა შესძინა NBA-დან აყვანილმა რუდი ფერნანდესმა. ამდენივე ქულა იყო ფელიპე რეიესის ანგარიშზე, რომელმაც ამ მონაგარს ცხრა მოხსნაც დაუმატა.
* * *
ყველაზე დაძაბული შეხვედრა მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივი კლუბი - "არმანი ჯინსი" ევროლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს თელ-ავივის "მაკაბის" ხვდებოდა. ისრეალის ჩემპიონმა კარგად დაიწყო შეხვედრა და პირველი მეოთხედი ხუთი ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდში "მილანი" სრულ უპირატესობას დაეუფლა. მეორე ათწუთეულში მან ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ სამი ქულით წინ გასვლა მოახერხა, მესამე მეოთხედში კი 10 ქულა მოიგო და უპირატესობა სოლიდური გახადა.
ბოლო პერიოდში დაგვიანებული იყო "მაკაბის" მხრიდან მატჩის გადარჩენის მცდელობა. მართალია, ეს 10-წუთიანი მონაკვეთი სტუმრებმა ექვსი ქულით მოიგეს, მაგრამ შვიდ ქულამდე ახლოს ვერ მივიდნენ მეტოქესთან - 89:82 მილანელთა სასარგებლოდ, რომელთა რიგებში გამორჩეული იყო NBA-დან გადაბირებული დანილო გალინარი - მის ანგარიშზე 23 ქულა და 7 მოხსნა მოდის.
* * *
D ჯგუფის ერთადერთ შეხვედრაში კიდევ ერთი ფავორიტი თამაშობდა და მორიგი გამანადგურებელი ანგარიში ვიხილეთ. "ბარსელონამ" სტუმრად, სლოვენიაში 22 ქულით მოუგო ადგილობრივ "ოლიმპიას" - 86:64.
ევროლიგაზე "ბარსელონას" რიგებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს. გარდა იმისა, რომ ეს გამთამაშებელი 17 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, მან აგრეთვე 8 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით გამოიჩინა თავი.
იმის გამო, რომ მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყდა, "ბარსას" ლიდერები დასასვენებლად გაემართნენ. ამიტომაც, ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშის ხუან კარლოს ნავაროს ანგარიშზე მხოლოდ 9 ქულა მოდის.
B ჯგუფი
პანათინაიკოსი-უნიკახა 98:77
25:16, 27:33, 25:12, 21:16
პ: დიამანტიდისი (17+7 პასი), სატო (16+6 მოხსნა), სმიტი (13), კაიმაკოგლუ (13+4 პასი), კალატესი (12+4 პასი), იასიკიავიჩუსი (10), მარიჩი (10).
უ: ვალტერსი (13), პერიჩი (13+5 მოხსნა), სინანოვიჩი (11+7 მოხსნა), როულენდი (10).
ბამბერგი-ზაგრები 96:65
26:16, 26:14, 28:20, 16:15
ბ: ტაკერი (20+5 მოხსნა), სლოფტერი (16+10 მოხსნა+3 დაფარება), იაკობსენი (16), სუპუტი (15), ჯენკინსი (10).
ზ: სიმონი (14+6 მოხსნა), გარეტი (11), მეი (10+9 მოხსნა), კასუნი (10+7 მოხსნა), მულაომეროვიჩი (8).
C ჯგუფი
პარტიზანი-ეფესი 73:84
28:27, 17:21, 6:20, 22:16
პ: პეკოვიჩი (21+6 მოხსნა), მაჩვანი (14+7 მოხსნა), მილოსავლევიჩი (10), რადულიცა (9).
ე: კინსი (18), სავანოვიჩი (17), ვუიაჩიჩი (14+4 ჩაჭრა), ილიასოვა (10+4 ჩაჭრა).
შარლერუა-რეალი 76:100
16:23, 21:22, 18:26, 21:29
შ: მალეტი (27+4 პასი), შენგელია (11+9 მოხსნა), ჰემილტონი (9+5 მოხსნა+4 პასი), ბეგინი (9), რიდიკი (8).
რ: ფერნანდესი (19), რეიესი (19+9 მოხსნა), კეროლი (14), მიროტიჩი (9), სუარესი (9), ტომიჩი (9+6 მოხსნა), პოჩიუსი (8).
მილანი-მაკაბი 89:82
14:19, 27:19, 24:14, 24:30
მილ: ჰეირსტონი (25+6 პასი), გალინარი (23+7 მოხსნა), ბურუსისი (13+10 მოხსნა), როკა (10+6 მოხსნა).
მაკ: ელიაჰუ (23+8 მოხსნა), ბლუ (15), პაპალუკასი (13+6 მოხსნა), შორცანიდისი (9).
D ჯგუფი
ოლიმპია-ბარსელონა 64:86
19:24, 11:17, 21:20, 13:25
ო: გრინი (17), ვარდა (16), ტომპსონი (9+6 მოხსნა).
ბ: მარსელინიო უერტასი (17+5 მოხსნა+8 პასი), მიკელი (15), ვასკესი (10), ნავარო (9).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"