დაუმარცხებელი მხოლოდ ორია

AutoSharing Option
ევროლიგაზე შვიდი მატჩით დასრულდა მეოთხე ტური. ცენტრალური შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი" მოსკოვის ცსკა-ს მასპინძლობდა. ორივე გუნდი სამ-სამი მოგებით შეხვდა ამ მატჩს და შესაბამისად, ეს იყო B ჯგუფში ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლა.

პირველი ტაიმი უკეთ "პანათინაიკოსმა" ჩაატარა და დიდი შესვენებისთვის 9-ქულიანი უპირატესობა მიიღო. მაგრამ მეორე ტაიმში მოსკოველებმა თანდათან შეამცირეს სხვაობა და ძალიან მიუახლოვდნენ მეტოქეს.

თუმცა "პანათინაიკოსი" მაინც ახლოს იყო ძირითად დროში გამარჯვებასთან. საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე მასპინძლები რვა ქულით იყვნენ წინ, მაგრამ ეს უპირატესობა გაანიავეს. ბოლო წამებზე
კი, როცა ცსკა-მ ანგარიში გაათანაბრა, "პაოს" 6 წამი რჩებოდა ბოლო შეტევისთვის, მაგრამ მაიკ ბატისტის ტყორცნა არაზუსტი გამოდგა. დაინიშნა ოვერტაიმი, რომელშიც ცსკა-მ მეტოქეს მხოლოდ ხუთი ქულა დააგროვებინა, თავად შვიდი ჩააგდო და საბოლოოდ, 78:76 გაიმარჯვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა "პანათინაიკოსის" ყოფილი წევრი რამუნას შიშკაუსკასი, რომელმაც ცსკა-ს 14 ქულა შესძინა.

B ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ჟალგირისმა" საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად დაამარცხა გერმანიის "ბამბერგი". ლიტვურმა გრანდმა ოთხიდან სამი მეოთხედი მოუგო მეტოქეს და საფინალო სირენისთვის 11-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა - 81:70. ეს "ჟალგირისის" პირველი მოგებაა სეზონში.

* * *
კიდევ ერთი ცენტრალური შეხვედრა D ჯგუფში გაიმართა, რომელსაც "ლეიკერსის" ვარსკვლავი პაუ გასოლი ესწრებოდა. მისი მშობლიური კლუბი "ბარსელონა" შინ იღებდა იტალიის "მონტეპასკის". ეს გუნდებიც აქამდე დაუმარცხებლად გამოდიოდნენ და ჯგუფის ლიდერი უნდა გაერკვიათ.

ათენური დაპირისპირებისგან განსხვავებით, ბარსელონაში ბრძოლა არ შედგა. კატალონურმა გრანდმა ბრწყინვალედ დაიწყო შეხვედრა და სტარტზე 19:4 გაქცევა შეძლო. სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნდა გადამწყვეტი, რადგან ამის შემდეგ იტალიელებმა ვერ შეძლეს მეტოქის დაწევა.

საბოლოოდ, "ბარსამ" 17 ქულის სხვაობით გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროლიგის მთავარი ფავორიტის სტატუსი. გამარჯვებულთა რიგებში ბრწყინვალე იყო ეიდსონის, ლორბეკისა და ნდონგის ტრიო, რომელმაც ჯამში 54 ქულა დააგროვა, რაც "ბარსელონას" საერთო მონაგარის ნახევარზე მეტი იყო.

"მონტეპასკის" რიგებში კი, როგორც ყოველთვის, ბო მაკალები იყო ყველაზე შედეგიანი. ამჯერად მის ანგარიშზე 20 ქულა მოდიოდა.

* * *
"მონტეპასკისა" და "პანათინაიკოსს" შეუერთდა "კახა ლაბორალი" და მანაც პირველი შეხვედრა წააგო ჯგუფში.

ბასკური კლუბი სტუმრად "ნანსისთან" დამარცხდა. ფრანგებმა პირველ მეოთხედში რვაქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, თუმცა "კახა ლაბორალი" შორს არ უშვებდა მეტოქეს, ამიტომაც შეხვედრამ ინტრიგა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 90:85 და "ნანსიმ" მეორე მოგებით ჯგუფში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

20-ქულიანი ნორმა შეასრულა ფრანგების ლიდერმა ნიკოლა ბატუმმა, რომელმაც 21 ქულას 9 მოხსნა დაუმატა. სწორედ ის გახდა მეოთხე ტურის MVP. ფრანგმა მიმდინარე გათამაშებაში ასეთი აღიარება უკვე მეორედ მოიპოვა.

* * *
C ჯგუფში ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა - მადრიდის "რეალმა" ბელგრადში წააგო "პარტიზანთან". მასპინძლებმა მატჩი 8:0 გაქცევით დაიწყეს და აღებული ტემპი დიდ შესვენებამდე შეინარჩუნეს. მაგრამ "პარტიზანმა" მთლიანად ჩააგდო მესამე მეოთხედი - "რეალმა" ეს მონაკვეთი ცხრა ქულით მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მდევრის როლში დარჩენილი "პარტიზანი" არ დაიბნა და ძირითადად, ეისი ლოუს მონდომებით ისევ შეძლო წინ გასვლა. "რეალს" ბოლო წამზე შეეძლო შეხვედრის გადარჩენა, მაგრამ არაზუსტი შეტევა განახორციელა და ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. ახლა "რეალსა" და "პარტიზანს" ორ-ორი მოგება აქვთ და კიდევ ორ გუნდთან მეორე ადგილს იყოფენ.

ამასობაში, C ჯგუფში გამოიკვეთა ლიდერი - ეს გახლავთ თელ-ავივის "მაკაბი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა თურქეთის "ეფესი" და ზედიზედ მესამე გამარჯვება გაიფორმა.

ისრაელის ჩემპიონმა ოთხივე მეოთხედი მოუგო მეტოქეს, ოღონდ მინიმალურ უპირატესობას აფიქსირებდა, ამიტომაც "მაკაბიმ" შორს წასვლა ვერ მოახერხა და "ეფესს" თამაშის გადარჩენის არაერთი შანსი ჰქონდა. მაგალითად, მეოთხე მეოთხედის ბოლოს, როცა მასპინძლებმა მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მაშინვე საპასუხო სროლა მიიღეს "მაკაბის" ლიდერისგან ჯორდან ფარმარისგან. ეს კალათბურთელი წინა ტურის MVP იყო და ახლაც გაიბრწყინა - 18 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა დააგროვა და თავის გუნდს 79:72 გაამარჯვებინა. "მაკაბი" სამი მოგებით სათავეში ჩაუდგა C ჯგუფს.

ამ ქვეჯგუფის მესამე შეხვედრაში "შარლერუამ" შინ "მილანთან" მეოთხე მეოთხედი 10 ქულით წააგო და საბოლოოდ 5 ქულით დამარცხდა - 76:81. ბელგიელთა ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ 18 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

A ჯგუფი
ნანსი-კ. ლაბორალი 90:85
28:20, 21:27, 21:17, 20:21
ნ: აკინგბალა (25+7 მოხსნა), ბატუმი (21+9 მოხსნა+4 პასი), ამაგუ (16), მოერმანი (13+6 მოხსნა).
კ-ლ: ტელეტოვიჩი (24+13 მოხსნა), სან ემეტერიო (19+7 მოხსნა+6 პასი), სერაფინი (12+5 მოხსნა), რიბასი (9+5 მოხსნა), ოლესონი (8+4 პასი).

მ წ +/-
1. კ. ლაბორალი 3 1 12
2. კანტუ 3 1 9
3. ნანსი 2 2 4
4. ფენერბაჰჩე 2 2 -3
5. ბილბაო 1 3 -11
6. ოლიმპიაკოსი 1 3 -11

B ჯგუფი
ჟალგირისი-ბამბერგი 81:70
28:21, 18:22, 14:10, 21:17
ჟ: უიმსი (22+6 მოხსნა), პოპოვიჩი (13), რაკოვიჩი (12+6 მოხსნა), კალნიეტისი (8+5 პასი), ლოუსონი (8).
ბ: სუპუტი (19+5 მოხსნა), სლოფტერი (11+8 მოხსნა), ჯენკინსი (10), პლიაისი (8), ჰაველი (8+3 ჩაჭრა).

პანათინაიკოსი-ცსკა 76:78 (ო)
22:19, 19:13, 16:22, 14:17, 5:7
პ: კაიმაკოგლუ (13+5 მოხსნა), კალატესი (11+6 მოხსნა), სმიტი (9), ბატისტი (9+6 მოხსნა).
ც: შიშკაუსკასი (14), კრსტიჩი (13+11 მოხსნა), ხრიაპა (11+4 პასი), შვედი (10), კირილენკო (9+10 მოხსნა), გორდონი (8).

მ წ +/-
1. ცსკა 4 0 77
2. პანათინაიკოსი 3 1 55
3. უნიკახა 3 1 1
4. ბამბერგი 1 3 -1
5. ჟალგირისი 1 3 -26
6. ზაგრები 0 4 -106

C ჯგუფი
ეფესი-მაკაბი 72:79
13:14, 22:24, 18:21, 19:20
ე: ვუიაჩიჩი (21), ბარაცი (17), აქიოლი (9+5 მოხსნა), ილიასოვა (9+6 მოხსნა).
მ: ფარმარი (18+6 პასი+5 მოხსნა), ბლუ (15), შორცანიდისი (12+5 მოხსნა), ელიაჰუ (12).

შარლერუა-მილანი 76:81
11:14, 23:16, 24:23, 18:28
შ: მალეტი (21), გრინი (12+8 მოხსნა), ბეგინი (11), ოვენეკე (8).
მ: ფოცისი (19), გალინარი (17), ბურუსისი (11), ნიკოლასი (10), ჰეირსტონი (8).

პარტიზანი-რეალი 80:79
22:16, 23:24, 12:21, 23:18
პ: პეკოვიჩი (20), მაჩვანი (16+12 მოხსნა), ლოუ (14+5 პასი), კეჩმანი (10).
რ: კეროლი (21), ფერნანდესი (13), ლიული (13+5 პასი), მიროტიჩი (9).

მ წ +/-
1. მაკაბი 3 1 10
2. რეალი 2 2 24
3. ეფესი 2 2 11
4. მილანი 2 2 -3
5. პარტიზანი 2 2 -4
6. შარლერუა 1 3 -38

D ჯგუფი
ბარსელონა-მონტეპასკი 92:75
24:12, 16:16, 23:22, 29:25
ბ: ეიდსონი (22+6 მოხსნა+4 პასი), ლორბეკი (17), ნდონგი (15+7 მოხსნა), ვასკესი (8).
მ: მაკალები (20), ლავრინოვიჩი (13+8 მოხსნა), ანდერსენი (12), რაკოჩევიჩი (11+5 პასი), კაუკენასი (10).

მ წ +/-
1. ბარსელონა 4 0 94
2. მონტეპასკი 3 1 39
3. გალათასარაი 2 2 -17
4. უნიქსი 2 2 -28
5. ოლიმპია 1 3 -45
6. პროკომი 0 4 -43

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული