სერბების გმირობა მილანში

AutoSharing Option
შვიდი მატჩით დასრულდა ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური. B ჯგუფში ერთი შეხვედრა იყო დარჩენილი და ის სენსაციით დასრულდა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა "პანათინაიკოსმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო - ამჯერად სტუმრად სამი ქულით დამარცხდა გერმანიის "ბამბერგთან".

ბოლო წამებამდე რთული იყო გამარჯვებულის წინასწარმეტყველება. მატჩის დასკვნით ნაწილში უფრო მტკიცე ნერვები გერმანიის ჩემპიონს აღმოაჩნდა, რომელმაც მოიგო კიდეც 79:76, შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

გამარჯვებულთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო 34 წლის სერბი - პრედრაგ სუპუტი. მან 19 ქულა დააგროვა.

* * *
ასევე
დიდი მოულოდნელობა იყო C ჯგუფში "მილანის" საშინაო მარცხი სერბეთის "პარტიზანთან". ჯგუფის ერთ-ერთმა აუთსაიდერმა სასწაულებრივ გადაარჩინა თითქმის წაგებული შეხვედრა.

არადა, იტალიელებს შეეძლოთ მშვიდად გაეფორმებინათ ჯგუფში მესამე გამარჯვება. ბოლო მეოთხედის წინ "მილანის" უპირატესობა 17 ქულას შეადგენდა, მაგრამ "პარტიზანმა" ნამდვილი სასწაული მოახდინა - ბოლო მეოთხედში დაცვაშიც და შეტევაშიც შესანიშნავად ითამაშა და დასკვნითი 10 წუთი 30:9 მოიგო, რამაც სტუმრებს, საბოლოოდ, ოთხქულიანი უპირატესობა მოუტანა - 69:65.

სერბეთის რიგებში ორმაგი დუბლი შეასრულა დუშან მაჩვანმა. რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტში მას ნერვებმა არ უმტყუნეს და ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო.

ამავე ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, თელ-ავივის "მაკაბის" გაუჭირდა შინ "შარლერუას" დამარცხება. ისრაელის ჩემპიონმა კარგად დაიწყო შეხვედრა და საწყისი მეოთხედის შემდეგ 11 ქულა იგებდა.

თუმცა მეორე მეოთხედი ბელგიურმა კლუბმა ზუსტად ასეთი ანგარიშით მოიგო და დიდი შესვენებისთვის საყაიმო შედეგი დაფიქსირდა, მესამე მეოთხედში კი "შარლერუამ" წინ გასვლაც კი მოახერხა და დასკვნითი 10-წუთეული მისი ოთხქულიანი უპირატესობით დაიწყო.

მაგრამ ბოლო მეოთხედი ფავორიტმა იძალა. "მაკაბიმ" მხოლოდ ხუთი ქულა ჩააგდებინა მეტოქეს, თავად კი 19 ქულა მიითვალა და 69:59 გაიმარჯვა, რითაც შეინარჩუნა ლიდერობა C ჯგუფში. ისრაელის ჩემპიონს ხუთ მატჩში 4 მოგება აქვს.

ამჯერად არ გამოუვიდა თამაში "შარლერუას" ქართველ ლეგიონერს თორნიკე შენგელიას. მან 13 წუთში ხუთი პერსონალური მიიღო და უქულოდ დატოვა მოედანი.

"მაკაბის" კვალში უდგას მადრიდის "რეალი", რომელმაც იოლ გამარჯვებას მიაღწია შინ თურქეთის "ეფესთან" მატჩში.

ესპანელებმა პირველი ტაიმი 14 ქულის უპირატესობით მოიგეს და მეორე ნახევარშიც მხოლოდ ზრდიდნენ სხვაობას, რამაც, საბოლოოდ, თურქების განადგურება გამოიწვია.

"რეალმა" 20 ქულის სხვაობით მოიგო - 104:84 და შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია. "სამეფო კლუბი" ერთი მოგებით ჩამორჩება "მაკაბის".

* * *
ყველაზე დიდი სხვაობა რუსეთის "უნიქსისა" და სლოვენიის "ოლიმპიას" მატჩში დაფიქსირდა. მასპინძლებმა მართალია წააგეს პირველი მეოთხედი, მაგრამ დარჩენილ სამ მეოთხედში 32-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და საბოლოოდ, 81:51 გაიმარჯვეს.

რუსებმა წარმატებას თავიანთი ამერიკელი ლეგიონერების დახმარებით მიაღწიეს - ლაიდეიმ და უილკინსონმა შესაბამისად, 22 და 20 ქულა შესძინეს საკუთარ გუნდს. "უნიქსი" სამი მოგებით მესამე ადგილზეა დ ჯგუფში.

ასპროცენტიანი მაჩვენებელი შეინარჩუნა "ბარსელონამ", თუმცა ტურნირის მთავარ ფავორიტს გაუჭირდა სტუმრად "გალათასარაის" დამარცხება.

არადა, ამ მატჩში დაძაბულ ფინალს არაფერი მოასწავებდა. კატალონელებმა მეორე მეოთხედში 15-ქულიანი უპირატესობას მიაღწიეს და ბოლო მეოთხედის წინ 13 ქულას იგებდნენ.

მაგრამ "გალათასარაიმ" მეოთხე მეოთხედში თამაშზე კონტროლი დააწესა და მატჩის გადარჩენის შანსი მიიღო. "ბარსელონა" სამ ქულას იგებდა და ბოლო შეტევის უფლება სწორედ მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ "ბარსამ" ლაკოვიჩზე შეგნებული ჯარიმა აიღო. ამ სვლამ გაამართლა - სლოვენიელმა მხოლოდ ერთი ჯარიმა ჩააგდო, რასაც მარსელინიო უერტასმა ორით უპასუხა და "გალათასარაის" დრო არ დარჩა ოთხქულიანი ჩამორჩენის გასაბათილებლად - 70:66 "ბარსელონას" სასარგებლოდ.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მას მხოლოდ ხუთი წუთი სათამაშო დრო მისცეს და "გალათასარაის" ქართველმა ცენტრმა ორი ქულა დააგროვა.

ამ ჯგუფის მესამე შეხვედრაშიც ლოგიკური შედეგი მივიღეთ - იტალიის "მონტეპასკის" მხოლოდ პირველ ტაიმში გაუჭირდა პოლონეთის "პროკომის" წინააღმდეგ და დიდ შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მესამე პერიოდში 13 ქულა მოუგო მეტოქეს და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა ეს უპირატესობა.

მატჩის საბოლოო ანგარიშია - 84:73 და "მონტეპასკი" ხუთიდან ოთხი მოგებით კვალში უდგას "ბარსელონას".

B ჯგუფი
ბამბერგი-პანათინაიკოსი 79:76
16:19, 21:21, 23:19, 19:17
ბ: სუპუტი (19), ჯენკინსი (13), იაკობსენი (10+4 პასი), პლიასი (9+9 მოხსნა), ტაკერი (8), ჰაველი (8+4 პასი).
პ: დიამანტიდისი (16+6 პასი), კაიმაკოგლუ (13), სატო (11+5 მოხსნა+4 პასი), კალატესი (11), ვუიუკასი (8).

მ წ +/-
1. ცსკა 5 0 88
2. პანათინაიკოსი 3 2 52
3. უნიკახა 3 2 -10
4. ბამბერგი 2 3 2
5. ჟალგირისი 1 4 -28
6. ზაგრები 1 4 -104

C ჯგუფი
მილანი-პარტიზანი 65:69
12:14, 19:5, 25:20, 9:30
მ: გალინარი (14), ჰეირსტონი (12+6 მოხსნა), მანჩინელი (12), ბურუსისი (10).
პ: მაჩვანი (18+11 მოხსნა), პეკოვიჩი (15+6 მოხსნა), კეჩმანი (11+6 მოხსნა).

მაკაბი-შარლერუა 69:59
22:11, 13:24, 15:19, 19:5
მ: ელიაჰუ (15), ბლუ (12), ოჰაიონი (8+8 მოხსნა+5 პასი), ჰენდრიქსი (8).
შ: მალეტი (18), ჰილი (15+7 მოხსნა).

რეალი-ეფესი 104:84
24:18, 26:18, 31:26, 23:22
რ: კეროლი (19), მიროტიჩი (17+5 მოხსნა), სუარესი (15+5 მოხსნა), ფერნანდესი (14), ტომიჩი (9+6 მოხსნა), რეიესი (8).
ე: სავანოვიჩი (15), კუკი (15), ილიასოვა (14+5 მოხსნა), თუნჩერი (10), გიულერი (8).

მ წ +/-
1. მაკაბი 4 1 20
2. რეალი 3 2 44
3. პარტიზანი 3 2 0
4. მილანი 2 3 -7
5. ეფესი 2 3 -9
6. შარლერუა 1 4 -48

D ჯგუფი
მონტეპასკი-პროკომი 84:73
16:15, 16:16, 33:20, 19:22
მ: კაუკენასი (15+5 მოხსნა+6 პასი), მაკალები (14+5 პასი+3 ჩაჭრა), მოსი (11), ანდერსენი (10+9 მოხსნა), ლავრინოვიჩი (9).
პ: მოტეიუნასი (26+9 მოხსნა), ლაფაიეტი (16+7 პასი), ზამოისკი (11).

გალასათარაი-ბარსელონა 66:70
19:19, 10:25, 19:17, 18:9
გ: ანდრიჩი (17), შიპი (9+6 მოხსნა), არსლანი (8), ლუკასი (8).
ბ: ლორბეკი (14), ნავარო (12), მიკელი (10+5 მოხსნა), უერტასი (9+4 პასი).

უნიქსი-პროკომი 81:51
18:20, 21:14, 22:5, 20:12
უ: ლაიდეი (22+7 პასი), უილკინსონი (20+5 მოხსნა), ვერემეენკო (11), დომერკანტი (8+7 მოხსნა).
პ: ვარდა (13), ვუდსაიდი (8+5 მოხსნა), გრინი (8).

მ წ +/-
1. ბარსელონა 5 0 98
2. მონტეპასკი 4 1 50
3. უნიქსი 3 2 2
4. გალათასარაი 2 3 -21
5. ოლიმპია 1 4 -75
6. პროკომი 0 5 -54

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული