ევროლიგა. VII ტური: ჩვენების ჯგუფში ყველაფერი აირია

AutoSharing Option
ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა მეშვიდე ტური და გაირკვა მეორე რაუნდში გასული რამდენიმე გუნდი.

D ჯგუფიდან TOP16-ში თამაში გაინაღდა იტალიის "მონტეპასკიმ", რომელიც სტუმრად თამაშობდა ლიუბლიანას "ოლიმპიას" წინააღმდეგ.

იტალიელებმა იკმარეს პირველ მეოთხედში მოპოვებული ექვსქულიანი უპირატესობა. "ოლიმპია" მთელი მატჩის განმავლობაში ცდილობდა მეტოქის დაწევას, მაგრამ "მონტეპასკი" ძალიან ახლოს არ უშვებდა სლოვენიის ჩემპიონს.

მასპინძლების მარცხის მთავარი მიზეზი სამქულიანების გამოყენების უდაბლესი პროცენტი იყო - "ოლიმპიამ" 19 შორეული ტყორცნა შეასრულა და აქედან მხოლოდ ორი ზუსტად. ამ მხრივ ყველაზე მეტად დამირ მარკოტა სცოდავდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ
ხუთიდან ხუთი სამქულიანი ააცილა.

"მონტეპასკის" რიგებში კი, როგორც ყოველთვის, ყველაზე შედეგიანი ბო მაკალები იყო. მის ანგარიშზე 16 ქულა მოდის.

იმავე D ჯგუფში "ბარსელონასთან" და "მონტეპასკისთან" ერთად ტოპ-16-ში გააღწია რუსეთის უნიქს-მა, რომელმაც შინ დაამარცხა "გალათასარაი". თურქულ კლუბში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ ზაზა ფაჩულია - მან 18 წუთი დაჰყო მოედანზე და 5 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, უნიქს-მა თურქების წინააღმდეგობა მესამე მეოთხედში გატეხა, როცა ეს 10-წუთიანი მონაკვეთი შვიდი ქულის სხვაობით მოიგო, ამას მეოთხე მეოთხედში კიდევ სამი ქულა დაუმატა და საბოლოოდ, 72:61 გაიმარჯვა.

ამ წაგების მიუხედავად, "გალათასარაის" შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი რჩება - ამისთვის მან დარჩენილ სამ ტურში ერთი შეხვედრა უნდა მოიგოს.

* * *
ბელგრადში "პარტიზანის" წინააღმდეგ მოულოდნელად დამარცხდა C ჯგუფის ლიდერი "მაკაბი". მასპინძლებმა აღმავლობით დაიწყეს შეხვედრა და პირველ მეოთხედში შვიდქულიან უპირატესობას მიაღწიეს, მაგრამ "მაკაბიმ" მეორე მეოთხედში თითქმის შეამცირა სხვაობა და მეორე ტაიმში ქულა ქულაში თამაში მიდიოდა.

ისრაელის ჩემპიონმა ვერაფერი მოუხერხა მაჩვანისა და პეკოვიჩის დუეტს, რომელმაც ჯამში 39 ქულა დააგროვა, რაც "პარტიზანის" საერთო მონაგარის ნახევარზე მეტი იყო. "მაკაბის" რიგებში კი ჩააგდო შეხვედრა NBA-ის ლეგიონერმა ჯორდან ფარმარმა, რომელმაც თამაშიდან 10-ჯერ ისროლა და მხოლოდ ოთხჯერ ზუსტად.

საბოლოოდ, "პარტიზანმა" 74:71 გაიმარჯვა და თითქმის გაინაღდა მეორე ეტაპზე თამაში - ის უახლოეს მდევარს - "მილანს" ორი მოგებით უსწრებს.

"მილანს" პრაქტიკულად ბოლო შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა შემდეგ ეტაპზე გასვლის პერსპექტივა. ამისთვის მას შინ უნდა დაემარცხებინა "რეალი", რომელიც თავის მხრივ, ჯგუფში ლიდერობას ეცილება "მაკაბის".

"სამეფო კლუბმა" შეძლო უფრო მაღალი სათამაშო კლასის დამტკიცება. ოთხიდან სამი მეოთხედი თავის სასარგებლოდ დაასრულა და 72:65 გაიმარჯვა.

ესპანეთის ნაკრების წევრებმა - როდრიგესმა და ფერნანდესმა შესაბამისად, 19 და 13 ქულა დააგროვეს და დიდი წვლილი შეიტანეს "რეალის" რიგით მეხუთე გამარჯვებაში. მადრიდული კლუბი ცხრილში დაეწია "მაკაბის" და მასთან პირველ ადგილს იყოფს.

"მილანი" კი მეხუთე ადგილზეა. საერთოდ, თუ სასწაული არ მოხდა, C ჯგუფიდან ბრძოლას შემდეგ ეტაპზე "მაკაბი", "რეალი", "ეფესი" და "პარტიზანი" გააგრძელებენ.

* * *
როგორც ჩანს, A ჯგუფში ბოლო ტურამდე გაურკვეველი სიტუაცია იქნება. აქ ვერ ვხედავთ გამოკვეთილ ლიდერს. თვით აშკარა ფავორიტად აღიარებულ "კახა ლაბორალსაც" ჯერჯერობით არაფერი აქვს გარანტირებული.

ბასკური კლუბი განადგურების წინაშე იდგა სტუმრად "კანტუს" წინააღმდეგ. მეორე და მესამე მეოთხედებში იტალიელებმა მეტოქეს მხოლოდ 15 ქულის დაგროვების საშუალება მისცეს, თავად კი პერიმეტრიდან "დაბომბეს" "კახა ლაბარალი". მარტო ვეტერანმა ბაზილემ ექვსი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში.

საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე "კანტუ" 21 ქულით იყო წინ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიღვიძა ესპანელებში ღირსების გრძნობამ. ტელეტოვიჩის, ოლესონისა და ბიელიცას სამეულმა თავბრუ დაახვია მეტოქეს, ხოლო "კახა ლაბორალის" პრესინგმა შეტევაში პრობლემები შეუქმნა "კანტუს". 25:5 გაქცევა, წესით, ესპანელთა ტრიუმფით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ "კახა ლაბორალს" ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებამდე. 68:69-ზე სტუმრებს ბურთის ფლობის უფლება ჰქონდათ, მაგრამ საქმე გადამწყვეტ სროლამდე მაინც არ მივიდა: ბიელიცამ შეცდომა დაუშვა და მაცარინომ ორქულიანით დაასრულა "კანტუს" ბოლო იერიში - 71:68.

ვერაფრით მოიპოვა სტაბილურობა ამ ჯგუფის კიდევ ერთმა ფავორიტმა "ოლიმპიაკოსმა". ბერძნებმა სრული ფიასკო განიცადეს სტამბოლში "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ. ჩააგდეს შეხვედრა "ოლიმპიაკოსის" ლიდერებმა: სპანულისმა მხოლოდ 7 ქულა დააგროვა, ანტიჩმა კი საერთოდ ორი წუთი დაჰყო მოედანზე. შედეგად, თურქებმა კარგად ისარგებლეს მეტოქის პრობლემებით, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლოს, როცა 14:4 გაქცევა მოაწყვეს.

* * *
მეშვიდე ტურს ორი MVP ჰყავს - "ბარსელონას" ცენტრი ერაზემ ლორბეკი და "პარტიზანის" ფორვარდი მილან მაჩვანი.

ლორბეკმა "პროკომთან" მატჩში 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, მისმა გუნდმა კი დიდი ანგარიშით - 76:45 გაიმარჯვა. "მაკაბისთან" შეხვედრაში (74:71) მაჩვანის მონაგარი 22 ქულასა და 8 მოხსნას შეადგენდა.

A ჯგუფი
ფენერბაჰჩე-ოლიმპიაკოსი 86:70
16:17, 26:19, 17:20, 27:14
ფ: ჯერელსი (17+5 მოხსნა), უკიჩი (16), ონანი (11).
ო: ჰაინსი (14+7 მოხსნა), ლუკასი (13).

კანტუ-კ. ლაბორალი 71:68
12:21, 23:9, 17:6, 19:32
კ: ბაზილე (18), მაცარინო (14), შერმადინი (8), მარკოიშვილი (7+6 მოხსნა).
კ-ლ: ტელეტოვიჩი (24), ოლესონი (12), ბიელიცა (11).

მ წ +/-
1. ფენერბაჰჩე 4 3 10
2. კ. ლაბორალი 4 3 9
3. კანტუ 4 3 9
4. ბილბაო 3 4 9
5. ოლიმპიაკოსი 3 4 -7
6. ნანსი 3 4 -30

C ჯგუფი
პარტიზანი-მაკაბი 74:71
24:17, 15:20, 15:11, 20:23
პ: მაჩვანი (22+8 მოხსნა), პეკოვიჩი (17), ლუჩიჩი (15).
მ: სმიტი (12+5 მოხსნა), ფარმარი (11), შორცანიდისი (10+5 მოხსნა).

მილანი-რეალი 65:72
15:20, 15:16, 17:17, 18:19
მ: გალინარი (13+6 მოხსნა), მანჩინელი (12), ნიკოლასი (11), ბურუსისი (10+9 მოხსნა).
რ: როდრიგესი (19), ფერნანდესი (13), მიროტიჩი (11+10 მოხსნა), ტომიჩი (10+5 მოხსნა).

მ წ +/-
1. რეალი 5 2 55
2. მაკაბი 5 2 26
3. ეფესი 4 3 4
4. პარტიზანი 4 3 -6
5. მილანი 2 5 -23
6. შარლერუა 1 6 -56

D ჯგუფი
ოლიმპია-მონტეპასკი 57:63
15:21, 18:16, 16:16, 8:10
ო: ვუდსაიდი (11), გრინი (10+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), მარკოტა (10+15 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (10+6 მოხსნა).
მ: მაკალები (16), რაკოჩევიჩი (14+6 მოხსნა), მოსი (13), ანდერსენი (10+8 მოხსნა).

უნიქსი-გალათასარაი 72:61
21:23, 14:11, 22:15, 15:12
უ: ლაიდეი (17), დომერკანტი (13), გრირი (12), ვერემეენკო (11+7 მოხსნა).
გ: ლაკოვიჩი (12), ფაჩულია (5+6 მოხსნა).

პროკომი-ბარსელონა 45:76
14:14, 12:22, 4:23, 15:17
პ: სევერინი (10).
ბ: სადა (17), ლორბეკი (15+8 მოხსნა), პეროვიჩი (10).

მ წ +/-
1. ბარსელონა 7 0 155
2. მონტეპასკი 5 2 50
3. უნიქსი 5 2 19
4. გალათასარაი 3 4 -30
5. ოლიმპია 1 6 -107
6. პროკომი 0 7 -87

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული