ტური რეკორდით გაიხსნა

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგაზე დასასრულს უახლოვდება პირველი ჯგუფური ეტაპი. სტარტი აიღო მერვე ტურმა და კვლავაც ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს მოსკოვის ცსკა-ს, რომელიც შინ ხვდებოდა "ზაგრებს".

B ჯგუფის ლიდერს ორი სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა მატჩში. პირველ მეოთხედში "ზაგრები" წინ გაიჭრა და მატჩის საწყისი მონაკვეთი ხუთი ქულით მოიგო. ცსკა-მ მეორე მეოთხედში დაამტკიცა თავისი კლასი და თითქოს ხორვატიის ჩემპიონს განადგურება არ ასცდებოდა, მაგრამ მესამე მეოთხედში რუსებს მორიგი ჩავარდნა ჰქონდათ. მათი ათქულიანი უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა და "ზაგრებმა" ჯერ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა.

თუმცა ლიტველი
რამუნას შიშკაუსკასის სამქულიანით მოსკოველებმა ბოლო მეოთხედის წინ ორი ქულით წინ გასვლა მოახერხეს და ამის შემდეგ ნელა, მაგრამ მაინც ზრდიდნენ უპირატესობას, რამაც, საბოლოოდ 13 ქულა შეადგინა - 87:74 ცსკა-ს სასარგებლოდ.

რუსეთის ჩემპიონს რვა ტურის შემდეგ რვა მოგება აქვს, "ზაგრებს" მხოლოდ ორი, თუმცა ეს გუნდი მაინც ინარჩუნებს მეორე ეტაპზე გასვლის შანსს.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჟალგირისმა საკუთარ მოედანზე სრული კრახი განიცადა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, საბერძნეთის "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ. პირველ მეოთხედში თანაბარი ბრძოლის შემდეგ, ლიტველებმა მეორე 10-წუთეული 21 ქულის სხვაობით წააგეს და თამაშიც სწორედ აქ დასრულდა.

შეხვედრის ბოლო ტაბლოზე პანათინაიკოსის 35-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა - 94:59. ბერძნები ორი მოგებით ჩამორჩებიან ცსკას, "ჟალგირისს" "ზაგრების" მსგავსად ორი მოგება აქვს.

* * *
დღის ყველაზე დრამატული მატჩის შესახებ უკვე გიამბეთ - ბილბაოში გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ჯანლუკა ბაზილეს ფანტასტიკური სამქულიანით მოუგო ბასკურ კლუბს და მეორე ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ამავე ჯგუფში "კანტუს" მიბაძა და მეორე ეტაპზე თამაში გაინაღდა "ფენერბაჰჩემ". თურქულმა გრანდმა ძალიან იოლად მოუგო სტუმრად "ნანსის". ამ უკანასკნელის რიგებში აღარ თამაშობს NBA-ის ლეგიონერი ნიკოლა ბატუმი და ეს აშკარად დაეტყო საფრანგეთის ჩემპიონს.

"ნანსი" მხოლოდ მეორე და მესამე მეოთხედებში ებრძოლა ღირსეულად "ფენერბაჰჩეს" და ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულას აგებდა, მაგრამ ბოლო 10-წუთეულში თურქებმა ამ უპირატესობას კიდევ 11 ქულა დაუმატეს და 73:53 მოიგეს.

ამ წაგების მიუხედავად, "ნანსისთვის" ჯერ არაფერია დაკარგული - მას და კიდევ ორ გუნდს 3-3 მოგება აქვთ და კიდევ რჩებათ A ჯგუფიდან მეოთხე საგზურისთვის ბრძოლის შანსი.

* * *
ამ დღეს კიდევ ერთმა თურქულმა კლუბმა მოიგო და გაინაღდა შემდეგ ეტაპზე თამაში. ეს გახლავთ "ეფესი", რომელმაც საკუთარ მოედანზე მოუგო "მილანს". ამ უკანასკნელს ბოლო შანსი ჰქონდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ბრძოლა პირველ ოთხეულში მოსახვედრად, მაგრამ "მილანმა" ეს შანსი პირველივე ტაიმში დაკარგა.

ეფესმა პირველი ორი მეოთხედი ერთნაირი სხვაობით - 9 ქულით მოიგო და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში "მილანმა" ამ ჩამორჩენას მხოლოდ ოთხი ქულა ჩამოაკლო და 70:84 დამარცხდა. ახლა იტალიელებს რვიდან ორი მოგება აქვთ და ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩათ.

* * *
D ჯგუფში "პროკომისა" და "ოლიმპიას" არაფრით გამორჩეულ შეხვედრაში ევროლიგის რეკორდი დამყარდა. პოლონური კლუბის ლიტველმა ფორვარდმა დონატას მოტეიუნასმა 21 მოხსნა შეასრულა, აქედან 18 საკუთარ ფარზე და სწორედ ეს გახლავთ ახალი რეკორდი. აქამდე დაცვაში მოხსნების რაოდენობით რეკორდსმენები იყვნენ ჯოზეფ ბლერი და მირსად თურქჯანი.

საინტერესოა, რომ ევროლიგის ისტორიაში მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა 20-მოხსნიანი ზღვარი. თურქჯანმა ეს ოთხჯერ გააკეთა (რეკორდი - 23 მოხსნა), ერთხელ ბერძენმა ანტონის ფოცისმა (24 მოხსნა).

A ჯგუფი
ბილბაო-კანტუ 64:67
14:17, 13:23, 20:14, 17:13
ბ: ბანიჩი (16+5 მოხსნა), გრიმაუ (11), ვალიადისი (10), ბლუმსი (10).
კ: მიჩოვი (13), შერმადინი (11+5 მოხსნა), ლეუნენი (10+5 მოხსნა), მარკოიშვილი (9).

ნანსი-ფენერბაჰჩე 53:73
15:22, 10:10, 15:17, 13:24
ნ: შულერი (17), აკინგბალა (11+9 მოხსნა).
ფ: გისტი (16+7 მოხსნა), ჯერელსი (14+5 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (14).

მ წ +/-
1. ფენერბაჰჩე 5 3 30
2. კანტუ 5 3 12
3. კ. ლაბორალი 4 3 9
4. ოლიმპიაკოსი 3 4 -7
5. ბილბაო 3 5 6
6. ნანსი 3 5 -50

B ჯგუფი
ცსკა-ზაგრები 87:74
18:23, 25:11, 17:24, 27:16
ც: გორდონი (18), კრსტიჩი (14+9 მოხსნა), მეხია (13), შიშკაუსკასი (11), ვორონცევიჩი (10).
ზ: სიმონი (21+5 პასი), ჰეიტველტი (19+5 მოხსნა), მეი (13).

ჟალგირისი-პანათინაიკოსი 59:94
14:15, 5:26, 19:24, 21:29
ჟ: უიმსი (16+12 მოხსნა), პოპოვიჩი (14).
პ: სმიტი (17+5 მოხსნა), კალატესი (17+4 პასი), ბატისტი (13+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).

მ წ +/-
1. ცსკა 8 0 117
2. პანათინაიკოსი 6 2 106
3. უნიკახა 3 4 -13
4. ბამბერგი 2 5 -13
5. ჟალგირისი 2 6 -74
5. ზაგრები 2 6 -123

C ჯგუფი
ეფესი-მილანი 84:70
22:13, 23:14, 21:25, 18:18
ე: გიულერი (14), აქიოლი (12), ვუიაჩიჩი (12+4 პასი), ბატისტა (10+6 მოხსნა).
მ: ჰეირსტონი (17), ფოცისი (13+6 მოხსნა), ბურუსისი (13+6 მოხსნა), მანჩინელი (11), კუკი (10+6 პასი).

მ წ +/-
1. რეალი 5 2 55
2. მაკაბი 5 2 26
3. ეფესი 5 3 18
4. პარტიზანი 4 3 -6
5. მილანი 2 6 -37
6. შარლერუა 1 6 -56

D ჯგუფი
პროკომი-ოლიმპია 67:52
13:15, 14:15, 23:3, 17:19
პ: სევერინი (12), ბლესინგეიმი (12), ფრასუნკევიჩი (12), მოტეიუნასი (11+21 მოხსნა).
ო: როტბარტი (16+11 მოხსნა), ტომპსონი (11), ჩაპინი (11+7 მოხსნა), სალინი (10).

მ წ +/-
1. ბარსელონა 7 0 155
2. მონტეპასკი 5 2 50
3. უნიქსი 5 2 19
4. გალათასარაი 3 4 -30
5. პროკომი 1 7 -72
6. ოლიმპია 1 7 -122

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული