"მაკაბი" დასუსტდა

AutoSharing Option
რამდენიმე საინტერესო მატჩით დასრულდა საკალათბურთო ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მერვე ტური.

სატურნირო მდგომარეობის მიხედვით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა A ჯგუფის შეხვედრას საბერძნეთის "ოლიმპიაკოსისა" და ესპანეთის "კახა ლაბორალს" შორის. მოგების შემთხვევაში ბერძნები უთანაბრდებოდნენ ცხრილში ესპანელებს და მყარად იმკვიდრებდნენ ადგილს მეოთხე პოზიციაზე.

"ოლიმპიაკოსმა" გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო ამ ამოცანის შესრულება. პირველი მეოთხედის შვიდი ქულით წაგების შემდეგ, ბერძნულმა გრანდმა მოახერხა მეორე მეოთხედში გარდატეხის შეტანა და ეს ათი წუთი 12 ქულის სხვაობით მოიგო, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.

"კახა ლაბორალის" ბოსნიელმა ლეგიონერმა ტელეტოვიჩმა 32 ქულა
დააგროვა და მისი მონდომებით სტუმრებმა მესამე და მეოთხე მეოთხედები მოიგეს, მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - "ოლიმპიაკოსმა" 84:82 მოიგო შეხვედრა.

* * *
B ჯგუფში ორი გამოკვეთილი ლიდერია - ცსკა და "ბარსელონა", რომლებმაც უკვე გაინაღდეს ტოპ16-ში თამაში, დანარჩენილ ორი საგზურისთვის კი ოთხი გუნდი იბრძვის.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ გერმანიის "ბამბერგმა" რომელმაც მოულოდნელად იოლად დაამარცხა სტუმრად ესპანეთის "უნიკახა".

"ბამბერგმა" ოთხიდან სამი მეოთხედი მოუგო მეტოქეს, რაც საბოლოოდ ასეთ ანგარიშში გამოიხატა - 90:79. ეს გუნდები სამ-სამი მოგებით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ ჯგუფში. თითო მოგებით ნაკლები აქვთ - "ზაგრებსა" და "ჟალგირისს".

* * *
მადრიდში "რეალი" და "მაკაბი" C ჯგუფის ლიდერის ვინაობას არკვევდნენ. ეს იყო მთლიანად მერვე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელმაც არ გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. როგორც ჩანს, ჯორდან ფარმარის NBA-ში დაბრუნებამ ძალიან დაასუსტა "მაკაბი" და ისრაელის ჩემპიონმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია "სამეფო კლუბს".

სტუმრებმა მხოლოდ მეორე მეოთხედში იბრძოლეს ღირსეულად და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ "რეალმა" დიდ შესვენებამდე აღადგინა რვაქულიანი უპირატესობა, შემდეგ ამას მესამე მეოთხედში კიდევ შვიდი ქულა დაუმატა, ბოლო 10 წუთში კი საერთოდ გაანადგურა მეტოქე და საბოლოოდ, 24 ქულით გაიმარჯვა.
"რეალი" C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა და სავარაუდოდ, აღარ დათმობს პირველ ადგილს, "მაკაბის" კი მეორე პოზიციისთვის მოუწევს ბრძოლა თურქეთის "ეფესთან".

ამავე ჯგუფში ტოპ16-ში მოხვედრის თეორიული შანსი დაიტოვა თორნიკე შენგელიას "შარლერუამ". ქართველმა კალათბურთელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა "პარტიზანის" წინააღმდეგ და მატჩის მესამე ბომბარდირი გახდა 17 ქულით. რაც მთავარია, მისმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და ბელგიურმა კლუბმა 84:79 გაიმარჯვა.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ბელგიელებმა მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 11-ქულიანი სხვაობით მოიგეს და შემდეგ მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება.

თუმცა "შარლერუასთვის" შემდეგ ეტაპზე გასვლა რთული იქნება - ამისთვის საჭიროა დარჩენილი ორი შეხვედრა მოიგოს და თან "პარტიზანმა" უნდა წააგოს ბოლო ორი ტური.

* * *
მოსკოვის ცსკა-ს არ ჩამორჩა და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა "ბარსელონამ", რომელიც შინ რუსეთის უნიქსს ხვდებოდა. ეს უკანასკნელი პირველი სამი მეოთხედი ღირსეულად ებრძოლა ფავორიტს, მოიგო მეორე და მესამე მეოთხედები, მაგრამ ბოლო 10 წუთში 7:16 დამარცხდა და მატჩი 50:63 წააგო.

მიუხედავად ამისა, უნიქსს უკვე განაღდებული აქვს მეორე ეტაპზე თამაში.

ცდილობს "ბარსელონას" არ ჩამორჩეს და ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლოს იტალიის "მონტეპასკი". ამისთვის მას გამარჯვება სჭირდებოდა სტუმრად "გალათასარაის" წინააღმდეგ და პირენეელებმა ამ მიზანს მიაღწიეს.

პირველ ტაიმში "გალათასარაი" უკეთ გამოიყურებოდა და ერთხელ ილდირიმის ზუსტი სამქულიანით ექვსი ქულით წინ გასვლაც მოახერხა. ეს იყო ყველაზე დიდი სხვაობა, რომელიც ამ მატჩში დაფიქსირდა.

"მონტეპასკიმ" თამაშში გარდატეხა მესამე მეოთხედში შეიტანა, როცა 10-წუთიანი მონაკვეთი 8 ქულის სხვაობით მოიგო, ეს უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა და 67:63 გაიმარჯვა.

ამ წაგების მიუხედავად, "გალათასარაის" შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს - ამისთვის თურქებმა ბოლო 2 ტურში ერთი მატჩი უნდა მოიგონ.

A ჯგუფი
ოლიმპიაკ-კ. ლაბორალი 84:82
19:26, 27:15, 19:21, 19:20
ო: სპანულისი (21+5 პასი), პაპანიკოლასი (12+5 მოხსნა), ჰაინსი (11+6 მოხსნა), პრინტეცისი (11+6 მოხსნა), ანტიჩი (8+5 მოხსნა).
კ-ლ: ტელეტოვიჩი (32+7 მოხსნა), სან ემეტერიო (14+6 მოხსნა), პრიჯიონი (8+6 მოხსნა+6 პასი).

მ წ +/-
1. ფენერბაჰჩე 5 3 30
2. კანტუ 5 3 12
3. კ. ლაბორალი 4 4 7
4. ოლიმპიაკოსი 4 4 -5
5. ბილბაო 3 5 6
6. ნანსი 3 5 -50

B ჯგუფი
უნიკახა-ბამბერგი 79:90
23:24, 17:22, 21:21, 18:23
უ: როულენდი (17+5 პასი), ფრილენდი (17+7 მოხსნა), ფიტჩი (15), ზორიჩი (11).
ბ: ჯენკინსი (23+5 პასი), სლოფტერი (14+8 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ჰაველი (12), იაკობსენი (11), ტაკერი (11+13 მოხსნა).

მ წ +/-
1. ცსკა 8 0 117
2. პანათინაიკოსი 6 2 106
3. ბამბერგი 3 5 -2
4. უნიკახა 3 5 -24
5. ჟალგირისი 2 6 -74
6. ზაგრები 2 6 -123

C ჯგუფი
შარლერუა-პარტიზანი 84:79
13:18, 24:20, 32:23, 15:18
შ: მალეტი (22), შენგელია (17), ჰილი (15), უელში (13+5 მოხსნა+4 პასი), გრინი (9+7 მოხსნა).
პ: ლოუ (22), კატიჩი (10), მაჩვანი (10+12 მოხსნა), კეჩმანი (10), რადულიცა (10+5 მოხსნა).

რეალი-მაკაბი 88:64
22:15, 26:25, 18:11, 22:13
რ: მიროტიჩი (26+8 მოხსნა), კეროლი (17+6 მოხსნა), პოჩიუსი (12).
მ: ლონგფორდი (18), ელიაჰუ (11), ჰენდრიქსი (10+5 მოხსნა).

მ წ +/-
1. რეალი 6 2 79
2. ეფესი 5 3 18
3. მაკაბი 5 3 2
4. პარტიზანი 4 4 -11
5. მილანი 2 6 -37
6. შარლერუა 2 6 -51

D ჯგუფი
ბარსელონა-უნიქსი 63:50
21:15, 12:13, 14:15, 16:7
ბ: ნავარო (13), ლორბეკი (11), მიკელი (10).
უ: ლაიდეი (12), გრირი (10).

გალათასარაი-მონტეპასკი 63:67
18:19, 15:13, 10:18, 20:17
გ: ლაკოვიჩი (15), ანდრიჩი (14+7 მოხსნა), ლუკასი (10+6 მოხსნა+5 ჩაჭრა).
მ: ანდერსენი (18+8 მოხსნა), რაკოჩევიჩი (17).

მ წ +/-
1. ბარსელონა 8 0 168
2. მონტეპასკი 6 2 54
3. უნიქსი 5 3 6
4. გალათასარაი 3 5 -34
5. პროკომი 1 7 -72
6. ოლიმპია 1 7 -122

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული