ევროლიგა: "ბარსელონამ" პირველი წააგო

AutoSharing Option
საკალათბურთო ევროლიგაზე დასრულდა ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა, მეცხრე ტური. აქამდე ტურნირს ორი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა - ცსკა და "ბარსელონა". რუსებმა გაზარდეს თავიანთი შთამბეჭდავი სერია, "ბარსელონამ" კი ამის გაკეთება ვერ შეძლო და პირველი მატჩი წააგო ჯგუფურ ეტაპზე.

კატალონური გრანდი სტუმრად, სიენაში ეთამაშებოდა "მონტეპასკის". თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ "მონტეპასკის" ერთქულიანი უპირატესობა ჰქონდა, რის შემდეგაც იტალიელებმა მთლიანად ჩააგდეს მესამე მეოთხედი - მატჩის ეს მონაკვეთი 11:24 წააგეს და თითქოს "ბარსელონას" აღარ უნდა გასჭირვებოდა ზედიზედ მეცხრე გამარჯვების მიღწევა. მაგრამ ბოლო მეოთხედში "მონტეპასკიმ" რაკოჩევიჩის, არადორისა და ზისისის
მონდომებით არათუ გაათანაბრა ანგარიში, არამედ სამქულიანი უპირატესობის მოპოვება შეძლო - 77:74 გაიმარჯვა და დაიტოვა A ჯგუფში პირველობის შანსი - "მონტეპასკი" ერთი მოგებით ჩამორჩება "ბარსელონას".

აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე "ბარსას" უპირატესობა 9 ქულას შეადგენდა. რაც შეეხება რაკოჩევიჩის, არადორისა და ზისისის მონაგარს, მათ საერთო გუნდური 77 ქულიდან 57 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში რუსეთის უნიქსი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა პოლონეთის "პროკომს". ეს შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ პოლონურმა კლუბმა ევროლიგის ანტირეკორდი დაამყარა - პირველ ნახევარში 11 ქულა დააგროვა, რაც ტურნირის ისტორიაში ერთი ტაიმისთვის ყველაზე დაბალი შედეგიანობა გახლავთ.

მეორე ნახევარში სტუმრებმა ოდნავ გამოასწორეს მდგომარეობა, მაგრამ განადგურებას ვერ გადაურჩნენ. უნიქს-მა 27 ქულის სხვაობით - 68:41 მოიგო.

* * *
უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია A ჯგუფში - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ბილბაომ" სტუმრად მოულოდნელად დაამარცხა "ფენერბაჰჩე" და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. ბოლო ტურის წინ ქვეჯგუფს ოთხი ლიდერი ჰყავს და ამ კვარტეტს ერთი მოგებით ჩამორჩება ბასკური კლუბი.

"ბილბაო" შესანიშნავი განწყობით გავიდა მოედანზე და პრაქტიკულად პირველი სამი მეოთხედის შემდეგ გადაწყვიტა ამ მატჩის ბედი. ბოლო მეოთხედის წინ ესპანელთა უპირატესობა 17 ქულას შეადგენდა და დარჩენილ დროში "ფენერბაჰჩემ" მხოლოდ ის მოახერხა, რომ ამ ჩამორჩენას 7 ქულა ჩამოაკლო და საბოლოოდ, 70:80 დამარცხდა.
ბოლო ტურში "ფენერბაჰჩეს" უმძიმესი მატჩი ელის სტუმრად "კანტუს" წინააღმდეგ, "ბილბაო" კი შინ მიიღებს "კახა ლაბორალს".

მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა შინ "ოლიმპიაკოსმა" და არ მისცა იტალიის "კანტუს" მეორე ეტაპის საგზურის ვადაზე ადრე მოპოვების შანსი.

ბერძნულ გრანდს მთელი მატჩის განმავლობაში არ დაუთმია ინიციატივა, ოთხივე მეოთხედი მოუგო მეტოქეს და ბოლოს 25-ქულიან უპირატესობას მიაღწია - 86:61. გადამწყვეტი დარტყმა მასპინძლებმა "კანტუს" მესამე მეოთხედში მიაყენეს, როცა 10 წუთი 10-ქულიანი სხვაობით მოიგეს. ბერძნებს ორქულიანების გამოყენების ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდათ - 63 პროცენტი.

ამჯერად არც ისე წარმატებული თამაში გამოუვიდათ "კანტუს" ქართველ ლეგიონერებს - შერმადინმა 4 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, მარკოიშვილის ანგარიშზე კი 6 ქულა და სამი მოხსნა მოდის.

* * *
B ჯგუფში ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. გერმანიის ჩემპიონი "ბამბერგი" შინ იღებდა კაუნასის"ჟალგირისს" და ამ მატჩში გამარჯვებული პრაქტიკულად მეორე ეტაპის მეოთხე საგზურის მფლობელი ხდებოდა.

პრინციპულ დაპირისპირებაში აშკარად გამოჩნდა ერთ დროს ჯგუფის უიმედო აუთსაიდერის - "ჟალგირისის" უფრო მაღალი კლასი. ლიტველებმა თავიდანვე მოიპოვეს ინიციატივა და პირველი ტაიმი 14 ქულის სხვაობით მოიგეს. გერმანიის ჩემპიონმა მესამე მეოთხედში გაიბრძოლა და 11 ქულამდე დაიყვანა ჩამორჩენა, მაგრამ ბოლო ისევ ლიტველებმა იძალეს და 82:68 გაიმარჯვეს.

"ჟალგირისი" ბოლო ტურში შინ აუთსაიდერ "ზაგრებს" ეთამაშება და მოგების შემთხვევაში ევროლიგაზე ბრძოლას გააგრძელებს. "ბამბერგს" კი შემდეგ ეტაპზე გასვლის პრაქტიკული შანსი აღარ დარჩა - გარდა იმისა, რომ "ჟალგირისმა" "ზაგრებთან" უნდა წააგოს, თავად გერმანიის ჩემპიონმა ევროლიგის მოქმედ გამარჯვებულს "პანათინაიკოსს" უნდა სძლიოს.

* * *
ასევე ერთი შეხვედრა გაიმართა C ჯგუფში - თელ ავივში "მაკაბიმ" თურქეთის "ეფესი" მიიღო. ეს იყო ჯგუფში მეორე ადგილისთვის შეხვედრა და მან მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა.

პირველი მეოთხედის სამი ქულით წაგების შემდეგ, ისრაელის ჩემპიონი მთლიანად დომინირებდა მოედანზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი თამაში მეოთხე მეოთხედში, როცა 10 წუთში 20-ქულიან უპირატესობას მიაღწია. სულ კი მეორე ტაიმში მასპინძლებმა 60 ქულა (!) დააგროვეს, მეტოქემ მხოლოდ 26. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბლუს, შორცანიდისისა და ელიაჰუს დუეტი, რომელმაც ჯამში 51 ქულა მიითვალა.

"მაკაბიმ" 39 ქულის სხვაობით მოიგო და გაინაღდა მეორე ადგილი, ისევე როგორც, მესამე ადგილში ვერავინ შეეცილება "ეფესს".

* * *
ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა მოსკოვის ცსკა-ს სერბი ცენტრი ნენად კრსტიჩი. მან "პანათინაიკოსთან" მოგებულ შეხვედრაში 17 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

სარგებლიანობის მიხედვით მეორე იყო "რეალის" ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი, რომელმაც "პარტიზანს" 20 ქულა ჩაუგდო, მესამეზე გავიდა "ბარსელონას" სლოვენიელი ცენტრი ერაზემ ლორბეკი - მან "მონტეპასკის" წინააღმდეგ 22 ქულა მიითვალა.

A ჯგუფი
ფენერბაჰჩე-ბილბაო 70:80
14:25, 19:19, 17:23, 20:13
ფ: პრელჯიჩი (19+7 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (11), უკიჩი (11), გისტი (11+5 მოხსნა).
ბ: ფიშერი (16+10 მოხსნა), გრიმაუ (13), ჯექსონი (11+6 პასი), ბანიჩი (10).

ოლიმპიაკოსი-კანტუ 86:61
18:12, 20:17, 25:15, 23:17
ო: სპანულისი (22+5 პასი), პრინტეცისი (14+5 მოხსნა), ჰაინსი (12).
კ: მიჩოვი (17).

მ წ +/-
1. კ. ლაბორალი 5 4 42
2. ოლიმპიაკოსი 5 4 20
3. ფენერბაჰჩე 5 4 20
4. კანტუ 5 4 -13
5. ბილბაო 4 5 16
6. ნანსი 3 6 -85

ბოლო ტური. 22 დეკემბერი
ბილბაო-კახა ლაბორალი, ნანსი-ოლიმპიაკოსი, კანტუ-ფენერბაჰჩე

B ჯგუფი
ბამბერგი-ჟალგირისი 68:82
13:20, 17:24, 19:14, 19:24
ბ: სუპუტი (16), რობერტსი (13), სლოფტერი (10+9 მოხსნა), ტაკერი (9+12 მოხსნა).
ჟ: უიმსი (14+6 მოხსნა), კალნიეტისი (14+5 პასი), პოპოვიჩი (13), დელინინკაიტისი (12), იანკუნასი (10+14 მოხსნა).

მ წ +/-
1. ცსკა 9 0 133
2. პანათინაიკოსი 6 3 90
3. უნიკახა 4 5 -9
4. ჟალგირისი 3 6 -60
5. ბამბერგი 3 6 -16
6. ზაგრები 2 7 -138

ბოლო ტური. 21 დეკემბერი
პანათინაიკოსი-ბამბერგი, უნიკახა-ცსკა, ჟალგირისი-ზაგრები

C ჯგუფი
მაკაბი-ეფესი 96:57
17:20, 19:11, 29:15, 31:11
მ: ბლუ (18), შორცანდისი (17+5 მოხსნა), ელიაჰუ (16+9 მოხსნა+6 პასი), ჰენდრიქსი (10+5 მოხსნა), პნინი (9+5 მოხსნა+4 პასი).
ე: ვუიაჩიჩი (12+5 მოხსნა), თუნჩერი (9+7 პასი).

მ წ +/-
1. რეალი 7 2 97
2. მაკაბი 6 3 41
3. ეფესი 5 4 -21
4. პარტიზანი 4 5 -29
5. მილანი 3 6 -2
6. შარლერუა 2 7 -86

ბოლო ტური. 22 დეკემბერი
ეფესი-რეალი, პარტიზანი-მილანი, შარლერუა-მაკაბი

D ჯგუფი
უნიქსი-პროკომი 68:41
19:6, 16:5, 19:16, 14:14
უ: დომერკანტი (18+8 მოხსნა), ლაიდეი (12+4 პასი), მაკარტი (10).
პ: ბლესინგეიმი (10+4 პასი).

მონტეპასკი-ბარსელონა 77:74
23:20, 13:15, 11:24, 30:15
მ: რაკოჩევიჩი (21), არადორი (20), ზისისი (16).
ბ: ლორბეკი (22+5 მოხსნა), ეიდსონი (14).

მ წ +/-
1. ბარსელონა 8 1 165
2. მონტეპასკი 7 2 57
3. უნიქსი 6 3 33
4. გალათასარაი 4 5 -13
5. პროკომი 1 8 -99
6. ოლიმპია 1 8 -143

ბოლო ტური. 21 დეკემბერი
ბარსელონა-გალათასარაი, პროკომი-მონტეპასკი, ოლიმპია-უნიქსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული