გააგრძელა წაუგებელი გამოსვლა მოსკოვის ცსკა-მ, რომელიც E ჯგუფში თამაშობს. არმიელები პირეოსში სტუმრობდნენ ბერძნულ გრანდს "ოლიმპიაკოსს".
პირველი მეოთხედი მინიმალური ანგარიშით სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე მეოთხედში ინიციატივა "ოლიმპიაკოსმა" მოიპოვა და დიდი შესვენებისთვის ოთხი ქულით გაიჭრა წინ.
მეორე ტაიმშიც გარკვეული ხანი გრძელდებოდა თანაბარი თამაში, მაგრამ თანდათან გამოიკვეთა ცსკა-ს უპირატესობა. მესამე მეოთხედში სტუმრები რვა ქულით გაიქცნენ და ბოლო 10-წუთეულის წინ ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ამას
ცსკას რიგებში ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა. მათ შორის ყველაზე შედეგიანი იყო სერბი ცენტრი ნენად კრსტიჩი, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. რუსეთის ჩემპიონმა ევროლიგაზე ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო.
* * *
მოიგო მეორე რუსულმა კლუბმაც. ყაზანის უნიქსი "ფენერბაჰჩეს" მასპინძლობდა და ძალიან ახლოს იყო დამარცხებასთან. რუსებმა კატასტროფულად ითამაშეს მეორე მეოთხედში - ეს 12 წუთი 9:23 წააგეს და დიდი შესვენებისთვის მათი ჩამორჩენა 17 ქულას შეადგენდა.
თითქოს ფენებრაჰჩეს მშვიდად უნდა მიეყვანა მატჩი გამარჯვებამდე, მაგრამ უნიქსმა პატარა სასწაული მოახდინა. მასპინძლებმა მესამე მეოთხედში დაუბრუნეს ინტრიგა მატჩს, როცა ჩამორჩენას 14 ქულა ჩამოაკლეს. მართალია, ბოლო მეოთხედის წინ "ფენერბაჰჩე" სამ ქულას იგებდა, მაგრამ ფსიქოლოგიურაად გატეხილი იყო. ამით კარგად ისარგებლა უნიქსმა და ბოლო მეოთხედში საბოლოო დარტყმა მიაყენა მეტოქეს.
23:15 მეოთხე მეოთხედში და 76:71 მთლიანად მატჩში - ასეთი იყო ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში.
* * *
F ჯგუფში "მონტეპასკიმ" "ბილბაო" მიიღო და მხოლოდ პირველ მეოთხედში შეექმნა პრობლემები. ესპანელებმა 18:14 მოიგეს საწყისი 12 წუთი. მაგრამ ანალოგიური ანგარიშით დასრულდა მეორე მეოთხედი, ოღონდ იტალიელთა სასარგებლოდ და დიდი შესვენებისთვის თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.
მეორე ტაიმმა კი მონტეპასკის სრული უპირატესობით ჩაიარა. მესამე და მეოთხე მეოთხედები მასპინძლებმა ერთნაირი სხვაობით - 7 ქულით მოიგეს, რამაც მათ 14 ქულით გამარჯვება მოუტანა.
მასპინძელთა რიგებში ორი კალათბურთელის გამორჩევა შეიძლება: ამერიკელებმა მაკალებმა და ანდერსონმა 18-18 ქულა დააგროვეს. "ბილბაოს" რიგებში ბერძენი ვასილიადისი იყო ყველაზე შედეგიანი 16 ქულით.
E ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-ცსკა 78:86
21:22, 23:18, 14:22, 20:24
ო: გეჩევიჩუსი (14), ანტიჩი (13), ჰეინსი (13+6 მოხსნა), სპანულისი (11).
ც: კრსტიჩი (18), ხრიაპა (16+7 მოხსნა), შიშკაუსკასი (12), კირილენკო (11), გორდონი (10).
F ჯგუფი
მონტეპასკი-ბილბაო 81:67
14:18, 18:14, 24:17, 25:18
მ: მაკალები (18), ანდერსენი (18+7 მოხსნა).
ბ: ვასილიადისი (16), ბანიჩი (11), გრიმაუ (10).
G ჯგუფი
უნიქსი-ფენერბაჰჩე 76:71
15:18, 9:23, 29:15, 23:15
უ: ვერემეენკო (17+11 მოხსნა), დომერკანტი (16), ლაიდეი (16), სამოილენკო (16+10 პასი).
ფ: ბოგდანოვიჩი (24), ონანი (12).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"