"ბარსელონამ" "მაკაბი" არ შეიმჩნია

AutoSharing Option
ორი მატჩით დასრულდა ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტური.

E ჯგუფი
გალათასარაი-ოლიმპიაკოსი 78:77 (ო)
15:15, 27:13, 15:19, 12:22, 9:8
გ: ლუკასი (17), ლაკოვიჩი (16), ანდრიჩი (10+5 მოხსნა), ოზერი (10+5 მოხსნა).
ო: სპანულისი (24+6 მოხსნა), პრინტეცისი (14+5 მოხსნა), ჰაინსი (11+4 პასი), სლუკასი (10).

მ წ +/-
1. ცსკა 2 0 36
2. გალათასარაი 1 1 -5
3. ეფესი 1 1 -22
4. ოლიმპიაკოსი 0 2 -9

სტამბოლში დიდი ბრძოლა გაიმართა "გალათასარაისა" და "ოლიმპიაკოსს" შორის. ორივეს წაგებული ჰქონდა პირველი ტური, ამიტომაც მათთვის ეს მატჩი უდიდესი მნიშვნელობისა იყო.

პირველი მეოთხედის 15:15 დასრულების შემდეგ, “გალათასარაიმ” მეორეში მოგებაზე
სერიოზული განაცხადი გააკეთა - დიდი შესვენებისთვის მასპინძლებმა 14-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს.

დარჩენილი ორი მეოთხედი "ოლიმპიაკოსმა" ამ ჩამორჩენის გადაბათილებას მოანდომა და საბოლოოდ მიზანს მიაღწია. სტუმრების რიგებში აქტიურობდნენ ვასილის სპანულისი და გეორგიოს პრინტეცისი, ხოლო ბოლო წამებზე კოსტას სლუკასმა ნამდვილი სასწაული მოახდინა - თავისი ნახევრიდან ნასროლი სამქულიანით შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

იქ კი საბოლოო სიტყვა ჯემონ-ალფრედ ლუკასმა თქვა, რომლის ტყორცნამ "გალათასარაის" ერთქულიანი უპირატესობა მოუტანა.
თურქებმა 78:77 მოიგეს და E ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს იყოფს ეფესთან. ოლიმპიაკოსმა კი ზედიზედ ორი წაგებით გაირთულა საქმე.

H ჯგუფი
მაკაბი-ბარსელონა 57:71
19:12, 10:17, 13:15, 15:27
მ: ლენგფორდი (17), მალეტი (12).
ბ: ლორბეკი (18), ვასკესი (14+7 მოხსნა), ინგლსი (13+9 მოხსნა).

მ წ +/-
1. ბარსელონა 2 0 19
2. კანტუ 1 1 -4
3. მაკაბი 1 1 -6
4. ჟალგირისი 0 2 -9

ტურის ცენტრალური შეხვედრა თელ-ავივში გაიმართა, სადაც "მაკაბი" "ბარსელონას" მასპინძლობდა.

გუნდებმა განსხვავებული პირველი ორი მეოთხედი ჩაატარეს. პირველში "მაკაბიმ" შვიდქულიან უპირატესობას მიაღწია, მაგრამ "ბარსელონამ" ასეთივე სხვაობით მოიგო მეორე მეოთხედი და დიდი შესვენებისთვის საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 29:29.

"ბარსელონა" ამ ტურნირზე საუკეთესო დაცვას თამაშობს, მაგრამ შეტევაში კატალონელებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და კარგა ხანი ვერ შეძლეს საბოლოო გაქცევის მოწყობა.

მესამე მეოთხედმაც ღიად დატოვა მატჩში გამარჯვებულის საკითხი, რადგან ამ ათ წუთში "ბარსელონამ" მხოლოდ ორი ქულით შეძლო წინ გასვლაც. მეოთხე მეოთხედშიც კარგა ხანი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ლიდერი მატჩში მუდმივად იცვლებოდა.

თამაშის ბედი გადაწყვიტა "ბარსელონას" სლოვენიელმა ლეგიონერმა ერაზემ ლორბეკმა, რომელმაც საერთო ჯამში 18 ქულა დააგროვა და აქედან ცხრა - ბოლო ხუთ წუთში.

საბოლოოდ, "ბარსელონამ" ბოლო მეოთხედში 12 ქულით გაქცევა შეძლო და 71:57 გაიმარჯვა.

"ბარსა" ორი მოგებით სათავეში ჩაუდგა H ჯგუფს. ამ გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ევროლიგაზე. რაც შეეხება "მაკაბის", ის მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "კანტუსთან".

ტურის მოთამაშე
ევროლიგის ხელმძღვანელობამ TOP16-ის მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა იტალიის “მონტეპასკის” ამერიკელი მცველი ბო მაკალები. “რეალთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (88:69) მაკედონიის ნაკრების გამთამაშებელმა თავის ანგარიშზე 25 ქულა, 6 პასი, 3 მოხსნა და ერთი ჩაჭრა ჩაიწერა.

ტურის საუკეთესო სამეულში მოხვდნენ რუსული კლუბების წარმომადგენლები. მეორეზეა მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი ანდრეი კირილენკო, რომელმაც “ეფესთან” მატჩში 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება აიღო. მესამეა რუსული უნიქს-ის ლეგიონერი ჰენრი დომერკანტი - ის “პანათინაიკოსთან” სენსაციურ მოგებაში 21 ქულით, 5 მოხსნითა და 2 პასით დაეხმარა თავის გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული