E ჯგუფში ორი შეხვედრა ჩატარდა. მოსკოვის ცსკა-მ წინა ტურში "გალათასარაისთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ შინ გაანადგურა "ოლიმპიაკოსი" და არა მარტო პლეი ოფის საგზური, არამედ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, რაც მას მეოთხედფინალში საკუთარი მოედნის უპირატესობას მისცემს.
ბერძნული გრანდის წინააღმდეგ მატჩი ცსკა-მ 10:0 გაქცევით დაიწყო. ამ ათი ქულიდან ხუთი ანდრეი ვონორცევიჩის ანგარიშზე იყო. ეს კალათბურთელი საბოლოოდ, 15 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.
ამ გაქცევის შემდეგ სხვაობა
მეორე ტაიმში მოსკოველებს თავი აღარ მოუკლავთ, თუმცა ბოლო მეოთხედში კიდევ ოთხი ქულა მოიგეს და საბოლოოდ, 32 ქულის სხვაობით მოუგეს ""ოლიმპიაკოსს - 96:64.
ცსკა-ს რიგებში ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი, ოლიმპიაკოსის რიგებში კი მხოლოდ სპანულისის გამოყოფა შეიძლება, რომელმაც 12 ქულა დააგროვა.
"ოლიმპიაკოსმა" გაირთულა სატურნირო მდგომარეობა, რადგან მოიგო მისმა უშუალო კონკურენტმა - "გალათასარაიმ". მან შინ თურქულ დერბიში სძლია "ეფესს", რომელმაც ამ წაგებით დაკარგა პლეი ოფში გასვლის შანსი.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, რის შემდეგაც "გალათასარაი" 8:0 გაიქცა და ამის შემდეგ "ეფესი" მატჩის ბოლომდე მდევრის როლში იყო, მაგრამ ვერ დაეწია მეტოქეს.
არადა, ამის შანსი სტუმრებს არაერთხელ ჰქონდათ. "ეფესი" შორს არ უშვებდა მეტოქეს, ბოლო მეოთხედის წინ კი ხუთ ქულამდე შეამცირა სხვაობა. მაგრამ მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელის - ლუკსა ანდრიჩის მონდომებით "გალათასარაიმ" ბოლო მეოთხედი სამი ქულით მოიგო და 64:56 მოგება გაიფორმა.
"ეფესის" რიგებში ორი კალათბურთელი გამოირჩეოდა - ბარაცი და ლუკასი, რომლებმაც შესაბამისად, 16 და 15 ქულა დააგროვეს, მაგრამ ამან სტუმრებს ვერ უშველა - "ეფესმა" მეოთხე მატჩი წააგო და მისთვის მეორე ადგილი მიუღწეველია.
ბოლო ტურში კი გაიმართება "ოლიმპიაკოსისა" და "გალათასარაის" მატჩი, რომელიც გადაწყვეტს E ჯგუფიდან მეორე საგზურის ბედს.
* * *
ერთი მატჩი გაიმართა F ჯგუფში და პირველი შეხვედრა წააგო მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიის "მონტეპასკიმ". ის სტუმრად "ბილბაოს" ეთამაშებოდა, რომელიც, თავის მხრივ, მეორე ადგილისთვის ებრძვის მადრიდის "რეალს".
მთელი მატჩი ქულა ქულაში თამაში მიდიოდა და ბოლო წამამდე გაურკვეველი იყო გამარჯვებულის ბედი. "ბილბაომ" შეძლო "მონტეპასკის" ლიდერის - ბო მაკალების ნეიტრალიზაცია, რომელმაც მოკრძალებული 12 ქულა დააგროვა. მასპინძელთა რიგებში კი ბანიჩი და ლოპესი გამოირჩეოდნენ. სწორედ ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.
საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე "ბილბაო" 58:56-ს იგებდა, მაგრამ იგორ რაკოჩევიჩის სამქულიანით "მონტეპასკიმ" თითქოს თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი. იტალიელები 59:58 დაწინაურდნენ. ბოლო შეტევა "ბილბაომ" არც ისე კარგად გაითამაშა, მაგრამ ლოპესმა საფინალო სირენასთან ერთად შემობრუნებით ზუსტად ისროლა ურთულესი მდგომარეობიდან და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 60:59.
"ბილბაომ" მესამე მატჩი მოიგო ჯგუფში და ერთით გაუსწრო "რეალს".
E ჯგუფი
ცსკა-ოლიმპიაკოსი 96:64
30:16, 24:10, 18:18, 24:20
ც: ვორონცევიჩი (15), ტეოდოშიჩი (14+4 პასი), ლავრინოვიჩი (12+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), კირილენკო (11+7 მოხსნა), შვედი (10+5 პასი), პონკრაშოვი (10).
ო: სპანულისი (12).
გალათასარაი-ეფესი 64:56
20:13, 19:19, 11:13, 14:11
გ: ანდრიჩი (15+7 მოხსნა).
ე: ბარაცი (16+5 მოხსნა), ვუიაჩიჩი (15+8 მოხსნა).
მ წ +/-
1. ცსკა 4 1 79
2. გალათასარაი 3 2 -8
3. ოლიმპიაკოსი 2 3 -21
4. ეფესი 1 4 -50
F ჯგუფი
ბილბაო-მონტეპასკი 60:59
7:8, 14:14, 18:17, 21:20
ბ: ბანიჩი (16+8 მოხსნა), ლოპესი (15), მუმბრუ (10).
მ: რაკოჩევიჩი (14), მაკალები (12), მოსი (10).
მ წ +/-
1. მონტეპასკი 4 1 70
2. ბილბაო 3 2 10
3. რეალი 2 2 -26
4. უნიკახა 0 4 -54
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"