"ბარსელონა" საკუთარ მოედანზე ხვდებოდა ყაზანის უნიქს-ს. ამ წყვილში ფავორიტი კატალონიური გრანდია, თუმცა პირველ შეხვედრაში "ბარსას", ასე თუ ისე, გაუჭირდა ამ სტატუსის დამტკიცება.
მასპინძლები თავიდან კარგად თამაშობდნენ დაცვაში და საწყის ორ წუთში ქულა არ ჩააგდებინეს მეტოქეს - უნიქს-მა პირველი ქულა იმ დროს მოიპოვა, როცა ბარსა 7:0 იყო დაწინაურებული. ესპანური კლუბი აგრძელებდა დომინირებას და პირველი 10 წუთი 22:14 მოიგო. ეჭვი არავის
ყაზანური კლუბის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან შეძლო თამაშში დაბრუნება. რუსები მეთოდურად ამცირებდნენ სხვაობას და თანდათან მიუახლოვდნენ მეტოქეს. სტუმრების აქტიურობას ის შედეგი მოჰყვა, რომ მესამე 10-წუთეული მათ სამი ქულის სხვაობით მოიგეს და სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიში 62:53 იყო.
შეხვედრამ კულმინაციას საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე მიაღწია, როცა უნიქსი ხუთი ქულით მიუახლოვდა მეტოქეს - 64:69. მაგრამ აქ თავისი სიტყვა თქვა ერაზემ ლორბეკმა, რომელმაც რთული ტყორცნით 71:64 გახადა ანგარიში. ამას სამოილენკოს აცილებული საჯარიმოები და მიკელის მორიგი ორი ქულა მოჰყვა - ანგარიში გახდა 73:64 და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია - 78:66.
გამარჯვებულის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო მიკელი, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. 15 და 13 ქულა მოიპოვეს ლორბეკმა და ნავარომ. ესპანელებმა შეძლეს უნიქს-ის ლიდერების შეჩერება - დომერკანტმა და მაკარტიმ ერთად 20 ქულა დააგროვეს.
სერიის მორიგი მატჩი ისევ ბარსელონას მოედანზე გაიმართება.
* * *
დღის მეორე წყვილში ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი "პანათინაიკოსი" საკუთარ მოედანზე იღებდა "მაკაბის". ბერძნებს სერიოზული მეტოქე ჰყავდათ, მაგრამ ისრაელის ჩემპიონმა ბერძნულ გრანდს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
"პანათინაიკოსმა" მხოლოდ პირველი ხუთი წუთის განმავლობაში მისცა "მაკაბის" თანაბარი ბრძოლის საშუალება. ამის შემდეგ კი მოედანზე ერთი გუნდი თამაშობდა. მატჩში ბოლოჯერ დაფიქსირდა თანაბარი ანგარიში - 18:18 და ამის შემდეგ "პანათინაიკოსმა" 22 უპასუხო ქულა დააგროვა. ანგარიში გახდა 40:18 მასპინძლების სასარგებლოდ.
მართალია, “მაკაბიმ” ოდნავ გაასწორა მიზანი, მაგრამ მაინც სოლიდური სხვაობით წააგო პირველი ტაიმი - 34:55. მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. მესამე მეოთხედის ერთ მომენტში სხვაობა 30 ქულამდეც კი ავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეშვა “პანათინაიკოსი”. მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა მეტოქეს 27-ქულიანი ჩამორჩენის 20-ამდე შემცირების საშუალება მისცეს და დააფიქსირეს საბოლოო ანგარიში - 93:73.
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის, დიმიტრის დიამანტიდისის ანგარიშზე 15 ქულა და 8 შედეგიანი პასი მოდის. 11-11 ქულა დააგროვეს მაიკ ბატისტმა და დევიდ ლოგანმა.
მაკაბის რიგებში გამორჩეულები იყვნენ ამერიკელი ლეგიონერები - კიტ ლენგფორდი და დევინ სმიტი, რომლებმაც შესაბამისად 21 და 17 ქულა დააგროვეს.
ბარსელონა-უნიქსი 78:66
22:14, 23:19, 17:20, 16:13
ბ: მიკელი (22+7 მოხსნა), ლორბეკი (15+5 მოხსნა), ნავარო (13), ნდონგი (12).
უ: ჯავაი (15+7 მოხსნა), დომერკანტი (12), ვერემეენკო (11+9 მოხსნა), ლაიდეი (10), მაკარტი (8).
სერია: 1-0
პანათინაიკოსი-მაკაბი 93:73
28:18, 27:16, 24:18, 14:21
პ: დიამანტიდისი (15+8 პასი+5 მოხსნა), კალატესი (13+8 მოხსნა), ბატისტი (11), ლოგანი (11), იასიკიავიჩუსი (9+5 პასი).
მ: ლონგფორდი (21), სმიტი (17+6 მოხსნა).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"