ცსკა მთელი სეზონი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, "ოლიმპიაკოსს" კი რეგულარულ სეზონში უჭირდა, მაგრამ პლეი ოფში მოუმატა თამაშს და მისი ფორმის პიკი აღმოჩნდა "ოთხთა ფინალის" ნახევარფინალში "ბარსელონას" დამარცხება.
ფინალის პირველი მეოთხედი დაცვითი თამაშის ზეიმი აღმოჩნდა. "ოლიმპიაკოსი" იყენებდა კრსტიჩის სუსტ თამაშსა და არმიელების შეცდომებს და ინარჩუნებდა მცირე უპირატესობას. მაგრამ შემდეგ ცსკა-ს ჯერი დადგა.
რუსები დაცვაში კიდევ უფრო უკეთ ათამაშდნენ და საბოლოოდ, პირველი მეოთხედის ანგარიში - 10:7 კარგად გამოხატავს საწყისი ათი წუთის
თამაში ცსკა-ს ბრწყინვალე გამთამაშებელმა მილოშ ტეოდოშიჩმა გახსნა. სერბმა ფანტასტიკური მონაკვეთი ჩაატარა, როცა ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო და გენიალური პასი მიაწოდა ლავრინოვიჩს.
13:25-ზე ბერძნების მწვრთნელს დუშან ივკოვიჩს ტაიმ-აუტის აღება მოუწია. მას უნდა შეეხსენებინა სპანულისისთვის, რომ დაცვაში თამაში აუცილებელია. სწორედ სპანულისის ბრალია ტეოდოშიჩის გააქტიურება.
ამასობაში, მილოშისგან ესტაფეტა მისმა პარტნიორებმა გადაიბარეს, პირველ რიგში, კირილენკომ.
"ოლიმპიაკოსი" პაპანიკოლაუს მონდომებით ახერხებდა თამაშში დარჩენას, მაგრამ 10-12-ქულიანი ჩამორჩენა მაინც კრიტიკულად აღიქმებოდა. პირველი 20 წუთის შემდეგ ტაბლოზე ასეთი რიცხვები ეწერა - 32:20.
ტეოდოშიჩის წარმატებული თამაში შესვენების შემდეგაც გაგრძელდა. სწორედ სერბის ზუსტმა ტყორცნამ მესამე წუთზე ანგარიში 41:25 გახადა.
"ოლიმპიაკოსი" ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ იქვე ხრიაპასგან და კირილენკოსგან მიიღო კიდევ ორი სამქულიანი - 47:31. ივკოვიჩი იძულებული გახდა კიდევ ერთი ტაიმ-აუტი მოეთხოვა.
პაუზამ შედეგი გამოიღო - ბერძნებმა დაცვაში თამაშს მოუმატეს და ცსკა-ს რამდენიმე შეტევა უაზრობად აქციეს. მაგრამ კაზლაუსკასის საპასუხო ტაიმ-აუტის შემდეგ თამაში ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.
მესამე მეოთხედის ბოლოს სხვაობამ მაქსიმალურ ნიშნულს - 19 ქულას მიაღწია (53:34). ბოლო შესვენებაზე არმიელები 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - სირენასთან ერთად მანცარისის ჩაგდებულმა მცირე იმედი დაუტოვა "ოლიმპიაკოსს".
მეოთხე მეოთხედის დებიუტში სლუკასის სამქულიანმა და პრინტეცისის ზუსტმა ტყორცნამ "ოლიმპიაკოსი" თამაშში დააბრუნა. საწყისი მონაკვეთის 0:11 წაგების შემდეგ, კაზლაუსკასს კირილენკოს მოედანზე დაბრუნება მოუწია.
თავდაპირველად ამ ცვლილებამ არ იმოქმედა - კეშელმა კირილენკოს წინააღმდეგობის მიუხედავად სამქულიანი ზუსტად ისროლა და ანგარიში გახდა 53:48. საინტერესოა, რომ ეს შედეგი ბერძნებს ახალგაზრდულმა ხუთეულმა მოუტანა სპანულისის, ანტიჩისა და სხვების დახმარების გარეშე.
არმიელებმა შეაჩერეს მეტოქის სპურტი, მაგრამ შეტევაში მათ ლიდერებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. გარკვეული პაუზის შემდეგ, "ოლიმპიაკოსმა" ისევ გაასწორა მიზანი. პრინტეცისის ორქულიანმა სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანა - 55:52.
ამ წუთებში ცსკა-ს ლიდერობა კირილენკომ იტვირთა. თავიდან მან ბურთი დააკარგვინა ჰაინსს, შემდეგ კი რთული ბურთი ჩააგდო პაპანიკოლაუს აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად. თუმცა ამ უკანასკნელმა იქვე სამქულიანით უპასუხა მეურვეს - 58:55. სათამაშო რჩებოდა ორი წუთი. კიდევ ორი ქულა პრინტეცისისგან და სხვაობა ორი ქულა გახდა - 60:58.
დაიწყო ბოლო წუთი და კრსტიჩი უხეშად შეცდა, როცა საჭირო ბურთი ვერ ჩააგდო, თუმცა ვორონცევიჩმა დაბლოკა პრინტეცისის ტყორცნა. ამასობაში, საჯარიმოების შესრულების უფლება მიიღო ტეოდოშიჩმა, რომელმაც, როგორც ნახევარფინალში, ახლაც ორიდან ორი ვერ ჩააგდო.
61:58-ზე პაპანიკოლაუმ ისროლა ორი საჯარიმო და ორივე ზუსტად - 61:60 არმიელთა სასარგებლოდ სირენამდე 10.6 წამით ადრე. კაზლაუსკასმა ტაიმ-აუტი აიღო.
ჰაინსის აქტიური დაცვის მიუხედავად, კირილენკომ პასი მიაწოდა შიშკაუსკასს, რომელზეც ჯარიმა აიღო სპანულისმა. გამოცდილი ლიტველი, ევროლიგის ყოფილი MVP ორივეჯერ შეცდა თავისუფალი ტყორცნების შესრულებისას. მოხსნა ბერძნებს დარჩათ.
"ოლიმპიაკოსს" საკმარისი დრო ჰქონდა ბოლო შეტევისთვის - 8 წამი. სპანულისმა პრინტეცისს მიაწოდა ბურთი, რომელმაც თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ისროლა და 0.7 წამით ადრე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 62:61!
ბერძნებმა 19-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მათ მეორედ მოიგეს ევროლიგა. პირველად ეს 15 წლის წინ მოხდა და მაშინაც ტრიუმფის მთავარი შემოქმედი დუშან ივკოვიჩი გახდა.
"ოლიმპიაკოსის" ტრიუმფი სავსებით დამსახურებულია, რადგან "ოთხთა ფინალში" მან ორივე მთავარ ფავორიტს მოუგო - "ბარსელონასა" და ცსკა-ს.
ფინალი
ცსკა-ოლიმპიაკოსი 61:62
10:7, 24:13, 19:20, 8:22
ც: ტეოდოშიჩი (15), კირილენკო (12+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), კრჩტიჩი (11), შიშკაუსკასი (8), ლავრინოვიჩი (5), ხრიაპა (3+6 მოხსნა), შვედი (3), გორდონი (2), კაუნი (2).
ო: პაპანიკოლაუ (18), სპანულისი (15), პრინტეცისი (12), ანტიჩი (7), სლუკასი (4), მანცარისი (3), კეშელი (3).
მე-3 ადგილისთვის
პანათინაიკოსი-ბარსელონა 69:74
20:21, 17:27, 15:10, 17:16
პ: დიამანტიდისი (17), მარიჩი (13+11 მოხსნა), ლოგანი (11+3 ჩაჭრა), კალატესი (9).
ბ: მარსელინიო (21), ინგლსი (13), უოლასი (12+2 დაფარება+3 ჩაჭრა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"