ფინალი, რომელიც უკვე ნანახი გვაქვს: აშშ-ესპანეთი

AutoSharing Option
პირველ ნახევარფინალში ევროპის საუკეთესო გუნდმა ესპანეთმა რუსეთი დაამარცხა და ფინალში ამერიკელ მეტოქეს ელოდა. ოღონდ საკითხავი იყო სამხრეთ თუ ჩრდილოამერიკელს.

საბოლოოდ სენსაცია არ მოხდა, გაიმარჯვა "ოცნების გუნდმა" და ზედიზედ მეორედ ოლიმპიადის ფინალში აშშ და ესპანეთი ითამაშებენ.

ესპანეთი-რუსეთი 67:59
9:12, 11:19, 26:15, 21:13
ესპანეთი: პ. გასოლი (16+12მ), კალდერონი (14), ფერნანდესი (11), მ. გასოლი (11), ლული (7), ნავარო (4ქ), იბაკა (2ქ), რეიესი (2ქ), როდრიგესი, სან ემეტერიო.
რუსეთი: კაუნი (14+5მ), პონკრაშოვი (10), კირილენკო (10+7მ), მონია (9), ფრიძონი (8), მოზგოვი (4), ხრიაპა (2+6მ+4პ), შვედი (2+7პ), ანტონოვი.

"საწყის 20 წუთში ესპანელებისგან მხოლოდ 20 ქულა მივიღეთ. როგორ შეიძლებოდა ასეთი მატჩის წაგება?" - იკითხა ნამატჩევს რუსეთის ნაკრების ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა.

პასუხი ანდრეი კირილენკომ გასცა: "მესამე პერიოდის დასაწყისში ფოლებით დავიტვირთეთ, მეტოქემ 2-3 სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც ჩვენი დაცვა მოიშალა, მისი სიმტკიცისა აღარ გვჯეროდა. ესპანეთს კი ყველაფერი გამოსდიოდა".

ესეც მატჩის მოკლე ანალიზი. რუსებისთვის ფინალში გასვლა დიდად გასახარი იქნებოდა, ესპანელები კი ნახევარფინალში მოგებას მშვიდად შეხვდნენ:

"რუსების ძლევა სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა უცვლელია: ოქროს მედლების მოპოვება", - თქვა მარკ გასოლმა.

რამდენად თამამია ეს განცხადება? თავად განსაჯეთ: ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში ხუთი მოთამაშეა: პაუ და მარკ გასოლები, რუდი ფერნანდესი, ხოსე კალდერონი და სერჟ იბაკა. დანარჩენი შვიდი კალათბურთელი ესპანეთის წამყვანი გუნდების ღირსებას იცავენ.

აშშ-არგენტინა 109:83
24:19, 23:21, 27:17, 35:26
აშშ: ჩენდლერი (4), დურანტი (19), ჯეიმსი (18+7მ+7პ), ვესტბრუკი (7), უილიამსი (7+6პ), იგუოდალა (2), ბრაიანტი (13), ლავი (9+9მ), ჰარდენი (3), პოლი (10+7პ), დევისი, ენტონი (18+6მ).
არგენტინა: სკოლა (15), ჯინობილი (18), მატა, კამპასო (7+4პ), პრიჯიონი (6პ), ხ. გუტიერესი (6), დელფინო (15), ლ. გუტიერესი (9), ნოჩიონი (7), იასენი (2), კამერიჩსი (4).

არგენტინელები ნახევარფინალის წინ 2004 წლის ოლიმპიადას იხსენებდნენ, როცა ჯერ ამერიკის ნაკრები დაამარცხეს, შემდეგ იტალია და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ამერიკელებს კი უკეთესად ახსოვდათ არგენტინასთან ოთხი დღის წინანდელი ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომელშიც მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ "ოცნების გუნდმა" მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, საბოლოოდ კი 126 ქულა ჩაუგდო.

დღევანდელი აშშ ის გუნდია, რომელსაც ამა თუ იმ მატჩის სცენარის საკუთარი სურვილისამებრ დაწერა შეუძლია.

ჰოდა, ისტორიაში ქექვა არ დასჭირვებია, "გადააქსეროქსა" ჯგუფურ ეტაპზე არგენტინასთან მატჩის სცენარი და ნახევარფინალშიც ისევე გაიმარჯვა, როგორც მანამდე.

სხვაობა მხოლოდ სამი ქულა იყო: თუ ჯგუფში სამხრეთელები 29 ქულის სხვაობით დაამარცხა, ამჯერად ამერიკელთა უპირატესობა 26 ქულამდე ჩამოვიდა...

კალათბურთი. ქალები
ევროპაში საუკეთესო საფრანგეთია, მსოფლიოში?
ლონდონის ოლიმპიადაზე ქალთა საკალათბურთო ფინალის მონაწილე მხოლოდ ერთი გუნდის გამოცნობა იყო იოლი. ყველას კარგად მოეხსენებოდა, რომ ამერიკის ნაკრები ავსტრალიას აჯობებდა, ხოლო რუსებსა და ფრანგებს შორის დაძაბული ბრძოლა უნდა გამართულიყო, მაგრამ...

საფრანგეთი-რუსეთი 81:64
...მაგრამ ფრანგებმა ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ და მაშინაც საფრანგეთის ნაკრებმა იმარჯვა.

აშშ-ავსტრალია 86:73
ისევე როგორც ვაჟებში, ქალთა შორისაც ავსტრალიელებს მეტად სიმპათიური გუნდი ჰყავთ.

მათ ამერიკელებს პირველი ტაიმი 47:43 მოუგეს, თუმცა ტაურაზის (14 ქულა), ჩარლზისა (14) და ბერდის (13) აქტიურობით მეორე ტაიმში ამერიკელებმა ყველაფერი თავის ადგილას დააყენეს და 13 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

ასე და ამგვარად, 11 აგვისტოს ფინალში ერთმანეთს აშშ-სა და საფრანგეთის ნაკრებები შეერკინებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული