NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ალენ აივერსონმა ვებგვერდ Heinnews-ს მოუყვა თურქეთის "ბეშიქთაშში" ადაპტაციის პროცესზე, მისი პიროვნების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე, თურქ გულშემატკივრებზე, NBA-ში შესაძლო დაბრუნებაზე...
- ალენ, როგორ მიმდინარეობს ადაპტაციის პროცესი?
- ყველაფერი შესანიშნავად მაქვს. საკალათბურთო ასპექტებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვფიქრობ, მწვრთნელს გარკვეული ხანი ფიქრი დასჭირდება იმისთვის, როგორ გამომიყენოს მოედანზე. მან უნდა გაიგოს და შეისწავლოს, რამდენად კარგად მესმის საგანი. შემდეგ კი მაქსიმალური ეფექტურობით შეეცდება ჩემი შესაძლებლობების გუნდისთვის მორგებას.
- რა იყო უცხო თქვენთვის ევროპაში ჩატარებული პირველი მატჩების შემდეგ?
- შესაძლოა, ეს
-ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვით, რომ გინდათ მყარად იდგეთ ფეხზე. როგორ გრძნობთ თავს თურქეთში?
- შესანიშნავად. ჩემი მიზანია - შევეგუო და დავიჭირო საჭირო სათამაშო ტემპი. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ გარკვეული პერიოდი სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ დამიჯერეთ, საუკეთესო თვისებები არ დამიკარგავს. ფიზიკურადაც 100 პროცენტით ვარ მზად. ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია.
- თურქეთის ლიგაში სადებიუტო შეხვედრა მაინც და მაინც არ გამოგივიდათ...
- აბა თქვენ რა გინდოდათ?! მე ხომ დიდი ხანი არ მითამაშია ოფიციალურ შეხვედრებში, აქ კი ცოტა ხნით გამიშვეს მოედანზე, თანაც კარგი გუნდის წინააღმდეგ. მეორე მეოთხედი მთლიანად სათადარიგოთა სკამზე გავატარე, შესვენებაზე ვცადე გამეგო, რას ითხოვდა ჩვენგან მწვრთნელი, მესამე მეოთხედში ცოტა ხანი ვითამაშე და მოედანზე აღარ გამოვჩენილვარ. მე ამას არ ვარ შეჩვეული - ვერ შევძელი ჩემი რითმის დაჭერა. როგორც კი ევროპის თასზე "გოტინგეთან" მეტი სათამაშო დრო მომცეს, მაშინვე კომფორტულად ვიგრძენი თავი.
- სტამბოლი მოგეწონათ?
- დიახ. ხალხი კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ყველაფერი იდეალურადაა ჩემთვის, მაგრამ სიტუაცია დღითიდღე უმჯობესდება. ეს კარგია.
- რა ფიქრობთ თქვენი პიროვნების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?
- დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სახელი - დამატებითი რეკლამაა იმ გუნდებისთვის, რომელთა წინააღმდეგაც თამაში გვიწევს. და, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი მოვლენაა სტამბოლელი გულშემატკივრებისთვის. თუმცა მხოლოდ ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. ჩემი ამოცანაა - გავამართლო მოლოდინი და გაცემული ავანსები. მინდა სიხარული მივანიჭო ხალხს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ყოველ მატჩში, თუნდაც წაგების შემთხვევაში, ფანები სიამოვნებას მიიღებენ ჩემი თამაშისგან. მათ უნდა იცოდნენ, რომ მოედანზე გასვლას და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენებას ვაპირებ. სწორედ ასე ვთამაშობდი NBA-ში.
- რას ფიქრობთ იმაზე, რომ ხალხი სტადიონზე ცოცხალი ლეგენდის სანახავად მიდის?
- დიახ, ეს შესანიშნავი გრძნობაა. ერთადერთი, რაც გევალება - ღმერთისგან ბოძებული ნიჭის დემონსტრირებაა. ის, რისი გაკეთებაც სხვებზე უკეთ შეგიძლია. და ხალხი ამას წლების განმავლობაში დაიმახსოვრებს და შემდეგ შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვება.
- ევროპაში მატჩი რვა წუთით ნაკლები გრძელდება...
- დიახ, ეს დიდი სხვაობაა. შეჩვეული ვარ მოედანზე უფრო დიდი დროის გატარებას. აქ კი ორჯერ-სამჯერ გამოდიხარ მოედანზე, რამდენჯერმე მიიღებ ბურთს და ამასობაში, სათამაშო დრო სადღაც ქრება. NBA-ში თითო მეოთხედში მთელი ორი წუთით მეტი სათამაშო დროა.
- "ბეშიქთაშში" წარმატებული თამაშის შემთხვევაში თუ არსებობს NBA-ში დაბრუნების შანსი?
- მე ასეთი მიზანი არ მამოძრავებს. NBA-ში იმდენს მივაღწიე, სხვებს რომ არ დასიზმრებიათ. და ამით ძალიან ვამაყობ. ახლა კი ჩემი გული აქ არის. ცხადია, რომ თურქულმა კლუბმა ისევ მომცა თავის გამოჩენის საშუალება და ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ღალატი იქნება თუ მხოლოდ NBA-ში დაბრუნებაზე ვიფიქრებ. მინდა კონცენტრირებული ვიყო მხოლოდ იმაზე, რომ ჩემი კლუბი უკეთესი გახდეს. კარიერის აქ დასრულებაზეც არ ვიტყოდი უარს.
- ამ მომენტისთვის რა მიზნები გაქვთ?
- მხოლოდ გამარჯვება. NBA-ში სერიოზულ შედეგებს მივაღწიე, ახლა ევროპაში წარმატების დრო მოვიდა. კონტრაქტის გაფორმებისას არა საკუთარ რეკორდებზე და ტიტულებზე, არამედ გუნდურ მიზნებზე ვფიქრობდი.
- რა შეგიძლიათ თქვათ ევროპაზე?
- მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო. აქ შესანიშნავი გულშემატკივრები არიან. ყოველ მატჩში მხარს გვიჭერენ. ჩემი მიზანია - იმედი არ გავუცრუო მათ, რადგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ.
- სხვათა შორის, რას ფიქრობთ ევროპელ ფანებზე?
- ევროპაში შესანიშნავი გულშემატკივრები არიან. ადრე არსად მინახავს ასეთი ენთუზიაზმი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გამოჩენამ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია.
- როგორ მოგეწონათ თურქული სამზარეულო?
- თანდათან ვეჩვევი მას. სასტუმროში, სადაც მე დავბინავდი, ერთი და იგივე კერძს გეახლებით, თანაც მინიმუმ ორჯერ-სამჯერ დღეში. დავიღალე კიდეც შემწვარი ქათმის ხორცითა და კარტოფილით. მაგრამ სტამბოლში ვიპოვნე რესტორანი Friday's და იქ უმ რულეტებს შევექცევი. ეს გაცილებით კარგია. ორი დღის შემდეგ კი ჩემი მეუღლე ჩამოფრინდება და ვფიქრობ, ყველაფერი უკეთ იქნება.
- რამდენი ხანი აპირებთ თამაშს?
- როცა ამ შეკითხვას მისვამენ, ყოველთვის ჩემს მეუღლესა და ბავშვებზე ვფიქრობ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩემს გვერდით იყვნენ, თავს კომფორტულად გრძნობდნენ და აკეთონ ყველაფერი ის, რასაც მიჩვეულნი არიან. თუ კომპორომისის მონახვა შესაძლებელი იქნება, კიდევ ვითამაშებ. სხვა საქმეა - ჯანმრთელობა. თუ ძველებურად შემეძლება თამაში და დონე არ დავარდება, კარიერას გავაგრძელებ, მაგრამ თუ გულშემატკივრები ჩემგან მხოლოდ იმედგაცრუებას მიიღებენ, მაშინვე წავალ კალათბურთიდან.