ევროლიგა: მილიონი ევრო მოგებულს

AutoSharing Option
ევროლიგის გენერალურმა დირექტორმა ხორდი ბარტომეუმ 2016-17 წლების სეზონში ევროლიგის მონაწილეებისთვის ჰონორარების ოდენობაზე ილაპარაკა. როგორც ირკვევა, ტურნირის გამარჯვებულს ერთი მილიონი ევრო ერგება.

"ევროლიგა გადაიხდის 40 ათას ევროს რეგულარულ ჩემპიონატში ერთი მოგებისთვის, - ამბობს ბარტომეუ. - პლეი ოფში მოგება შეფასებულია 70 ათას ევროდ. ჩემპიონს გადაეცემა - 1 მილიონი, ფინალისტს - 500 ათასი ევრო. მესამე ადგილის მფლობელს ეკუთვნის - 300 ათასი.

ამბობენ, რომ ჩვენ დახურული ლიგა გვაქვს, მაგრამ ასე არ არის. ჩვენთან ყოველ წელს ხუთი ახალი გუნდი თამაშობს. ევროთასის გამარჯვებულიც ხვდება ევროლიგაზე. ჩვენ
მხოლოდ 11 დახურული კონტრაქტი გვაქვს. უნდა გვესმოდეს, რომ ეს 11 გუნდი წარმატებულია და მათ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ადგილს ევროლიგაზე. მომავალში, შესაძლოა, მონაწილეთა რიცხვი 24-მდე გავზარდოთ. მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. არ გვინდა, ზიანი მოვუტანოთ ეროვნულ ლიგებს".

* * *
ამასობაში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა ადამ სილვერმა აზრი გამოთქვა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასა და ევროლიგას შორის არსებულ კონფლიქტზე. სილვერის აზრით, ეს მდგომარეობა ხელს უშლის ევროპაში კალათბურთის განვითარებას.

"FIBA-მ და ევროლიგამ აუცილებლად უნდა მონახონ საერთო ენა და მოაგვარონ ყველანაირი უთანხმოება. ჩემი აზრით, ამ ორგანიზაციას ევროპაში კალათბურთის განვითარებაზე საერთო ხედვა უნდა ჰქონდეს. რთულია ამ კონფლიქტის შეფასება, მაგრამ თუ გავიხსენებთ საქმის ვითარებას გასული საუკუნის 90-იან წლებში, არ არის სასურველი იმ მდგომარეობაში დაბრუნება. იმედი გვაქვს, რომ პროგრესი გაგრძელდება", - ამბობს სილვერი Eurohoops-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული