ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში

AutoSharing Option
საინტერესო იდეა აქვს გერმანიის კალათბურთის ფედერაციას - ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა საფრანგეთთან, იტალიასთან და ხორვატიასთან ერთად აპირებს 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძლობას. გუშინ, გერმანელებმა FIBA-ევროპაში თავიანთი განაცხადის 100-გვერდიანი დოსიე გააგზავნეს, აგრეთვე პირველადი თანხაც შეიტანეს - 50 ათასი ევრო.

ამ დოსიეს თანახმად, პირველი ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები, მაგალითად, იტალიის მილანსა და ხორვატიის ზაგრებში გაიმართება. ფინალის ჩატარება პარიზის "ბერსის" დარბაზშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ წელს ევრობასკეტს ლიტვა უმასპინძლებს, ორი წლის შემდეგ - სლოვენია.

* * *
მნიშვნელოვანი შევსება მიიღო ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის წინ ბოსნიის ნაკრებმა.
ამ გუნდს ევრობასკეტზე რუსეთის უნიქსის შემტევი მცველი ჰენრი დომერკანტი დაეხმარება.
სხვათა შორის, კალათბურთელის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შემთხვევაში მას ხელფასი შეუმცირდება. მიუხედავად ამისა, დომერკანტმა მაინც გადაწყვიტა ბოსნიელთა დახმარება.

* * *
კარგი ამბავი შეიტყვეს ბრიტანეთის ნაკრების გულშემატკივრებმა: "ჩიკაგო ბულზის" ერთ-ერთ ლიდერს ლუოლ დენგს ხელს არაფერი შეუშლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშში. თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დენგმა დაწერა, რომ დაზღვევის საკითხი მოგვარებულია და ის აუცილებლად ითამაშებს ევრობასკეტზე.

"დენგის საკითხი მოგვარებულია. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენს ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევს", - ამბობს ბრიტანეთის კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული