ჩემპიონატის მთავარ ფავორიტსა და მოქმედ ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს არც თუ ისე დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა - გორტატისა და ლიამპეს არყოფნით დასუსტებულ პოლონეთს გასოლმა და კომპანიამ მხოლოდ ხუთი ქულა მოუგო.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ პოლონეთი 17 ქულას აგებდა (25:42), საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე კი ანგარიში 80:78 იყო ესპანეთის სასარგებლოდ. სკარიოლოს გუნდი ნავაროს ზუსტმა თამაშმა გადაარჩინა.
სწორედ ნავარო და პაუ გასოლი დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად. პირველმა 23 ქულა მოიპოვა, "ლეიკერსის" ცენტრმა კი თავისი 29 ქულიდან 12 მეოთხე მეოთხედში მიითვალა. ასევე
როგორც მოსალოდნელი იყო, თურქეთმა პორტუგალიას გადაუარა. პირველი 16 წუთის შემდეგ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 18 ქულას (33:15) იგებდა და შეხვედრას ყოველგვარი აზრი დაეკარგა. NBA-ის წლევანდელი დრაფტის ვარსკვლავმა ენეს კარტერმა პირველ ტაიმში 12 ქულა ჩააგდო, თამაშიდან ექვსი ისროლა, ექვსივე ზუსტად და ვალმოხდილი დაჯდა სათადარიგოთა სკამზე.
თურქეთის დიდი უპირატესობა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. გამარჯვებულმა თამაშიდან 51 პროცენტის სიზუსტით ისროლა, პორტუგალიამ - 33 პროცენტით. გარდა ამისა, თურქეთის სათადაგიროთა სკამმა 43:17 მოუგო პორტუგალიის რეზერვისტებს.
მარტო დენგის ფაქტორი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბრიტანეთს სასწაული მოეხდინა და პირველ ტურში მასპინძელი ლიტვა დაემარცხებინა. არადა, ამის შანსი არსებობდა - საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე ანგარიში 61:60 იყო ლიტველთა სასარგებლოდ. მომდევნო სამ წუთში მასპინძლებმა კაუკენასის მონდომებით 13:2 გაქცევა მოაწყვეს და გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. კაუკენასი მატჩის გმირად აღიარეს - მან 16 ქულიდან 10 ბოლო მეოთხედში ჩააგდო.
ლიტვამ საშინლად ჩაატარა მესამე მეოთხედი, როცა 10 წუთში 10 (!) შეცდომა დაუშვა და ბოლო მეოთხედის წინ მეტოქეს სამი ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, უკვე მოგიყევით. რაც შეეხება დენგს, ის 26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. ჩიკაგოელმა ამას 10 მოხსნაც დაუმატა.
A ჯგუფი
ესპანეთი-პოლონეთი 83:78
22:15, 22:16, 17:21, 21:26
ე: პ. გასოლი (29+7 მოხსნა), ნავარო (23), მ. გასოლი (16+7 მოხსნა), იბაკა (7), ფერნანდესი (4), სან ემეტერიო (3), რეიესი (1).
პ: კოშარეკი (19), კელატი (18), ჰრიჩანიუკი (12+9 მოხსნა), შევჩიკი (10+5 მოხსნა), ლეონჩიკი (6), შჩეტკა (6), სკიბნევსკი (4), პამულა (3).
თურქეთი-პორტუგალია 79:56
15:9, 24:18, 25:11, 15:18
თ: კანტერი (14+7 მოხსნა), თურქოგლუ (14), ონანი (10), პრელჯიჩი (9), აქიოლი (8+5 მოხსნა), ილიასოვა (6+8 მოხსნა), სავაში (5), აშიქი (4), არსლანი (4), თუნჩერი (2+6 პასი), თურქილმაზი (2), გიულერი (1).
პ: ევორა (12+12 მოხსნა), და სილვა (9), მირანდა (8), ანდრადე (5+5 მოხსნა), ტავარესი (5), სანტოსი (5), ფონსეკა (4), მინიავა (3), სილვა (3), გონკალვეში (2).
ლიტვა-ბრიტანეთი 80:69
19:18, 30:21, 5:18, 26:12
ლ: კაუკენასი (16), იასიკიავიჩუსი (13+4 პასი), ლავრინოვიჩი (12+6 მოხსნა), იასაიტისი (11+6 მოხსნა), კალნეიტისი (7+5 პასი), პოჩიუსი (6), სონგაილა (5), პეტრავიჩუსი (4), იავტოკასი (4+6 მოხსნა), იანკუნასი (2).
ბ: დენგი (26+10 მოხსნა+4 პასი), კლარკი (15+8 მოხსნა), ფრილენდი (14), რეინკინგი (13), სალივანი (2).
ცენტრალური მატჩი სერბეთმა მოიგო
ფავორიტთაგან იოლი გასეირნება არც საფრანგეთის ნაკრებს ჰქონია, რომელმაც ჩააგდო პირველი მეოთხედი და შვიდი ქულით ჩამორჩა ლატვიას. შემდეგ "მამლებისთვის" თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში ბალტიისპირელებმა ორ ქულამდე შეამცირეს სხვაობა (70:72), თუმცა მეტის გასაკეთებლად ძალა აღარ ეყოთ - ბატუმმა და ჟელაბალემ სამქულიანები ჩააგდეს და საფინალო სირენამდე სამწუთნახევრით ადრე საფრანგეთი 78:70 გავიდა წინ.
შეხვედრა ბლუმსისა და პარკერის დუელად გადაიქცა. ლატვიელმა სნაიპერმა ცხრიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 32 ქულით მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, პარკერის 31 ქულა კი ფრანგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ტონიმ 19 ქულა მეორე ტაიმში მიითვალა.
აღსანიშნავია ლატვიელთა 18 წლის წევრის ბერტანსის თამაში - ის სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე და 13 წუთში 9 ქულა დააგროვა.
საფრანგეთის მსგავსად, პირველი მეოთხედი ჩააგდო სერბეთმა იტალიასთან მატჩში. აპენინელებმა ტურის ცენტრალური შეხვედრა 7 უპასუხო ქულით დაიწყეს, საწყისი 10-წუთეული კი 8 ქულით მოიგეს.
იტალიამ მეორე მეოთხედიც კარგად დაიწყო, მაგრამ ამჯერად მეტოქისგან საკადრისი პასუხიც მიიღო, თანაც თავი იჩინა პიანიჯანის გუნდის სუსტმა მხარემ - არაკვალიფიციურმა რეზერვმა. სერბეთმა ინიციატივა მოიპოვა და დიდი შესვენებისთვის თავად გავიდა წინ ექვსი ქულით. ერთ მომენტში ივკოვიჩის გუნდის უპირატესობა 17 ქულასაც შეადგენდა და ერთადერთი, რაც იტალიამ შეძლო, ბელინელისა და ბარნიანის მონდოებით სხვაობის ოთხ ქულამდე შემცირება იყო - 53:57. მეოთხე მეოთხედში სერბეთმა ისევ იძალა და საბოლოოდ, 12 ქულით მოიგო უმნიშვნელოვანესი მატჩი.
გერმანიის ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ მეორე მეოთხედში 25:23-ს იგებდა, როცა კრის კამანმა თავისი გუნდის 15:3 გაქცევას დაუდო სათავე და ისრაელი ამ შოკიდან მატჩის ბოლომდე ვერ გამოვიდა.
B ჯგუფი
სერბეთი-იტალია 80:68
10:18, 25:11, 22:24, 23:15
ს: ტეოდოშიჩი (15+8 პასი), ტეპიჩი (15+4 პასი), მაჩვანი (14+8 მოხსნა), კრსტიჩი (8), კეშელი (7), პეროვიჩი (6), სავანოვიჩი (5+6 მოხსნა), რაშიჩი (5), ბიელიცა (3+5 მოხსნა), მარკოვიჩი (2+5 პასი).
ი: ბარნიანი (22+9 მოხსნა), გალინარი (15), ბელინელი (9+5 პასი), მანჩინელი (8+6 მოხსნა), ჰაკეტი (7), მორდენტე (3), კუზინი (2), კარარეტო (2).
საფრანგეთი-ლატვია 89:78
18:25, 22:16, 23:18, 26:19
ს: პარკერი (28+7 პასი), დიაო (14), ჟელაბალე (11), ბატუმი (10), ნოა (10+7 მოხსნა), დე კოლო (4), ჩიკამბუ (4), პიეტრუსი (3), ტრაორა (2).
ლ: ბლუმსი (32+6 პასი), ფრეიმანისი (11), დავ. ბერტანში (9), მეიერსი (8), სტრელნიექსი (6), კუკსიქსი (6), დაირ. ბერტანში (3).
გერმანია-ისრაელი 91:64
15:14, 25:12, 25:17, 26:21
გ: ნოვიცკი (25), კამანი (18+10 მოხსნა), ბენცინგი (12), შაფარციკი (10), შვეტელმი (9+5 მოხსნა), ჰერბერი (8), ოლბრეხტი (6+6 მოხსნა), შტაიგერი (2), იაგლა (1).
ი: პნინი (20), ელიაჰუ (11+6 მოხსნა), ჰალპერინი (7), ნაიმი (7), ბლუ (6), ბურშტეინი (5), კადირი (3), გრინი (3), მეკელი (2).
ფინეთს სენსაცია შეეძლო
"ბალკანურ" ჯგუფშიც არ ყოფილა სენსაცია, თუმცა დღის მთავარ მოულოდნელობასთან ახლოს იყო ფინეთის ნაკრები. სკანდინავიური გუნდი 11 ქულით უგებდა ხორვატიას მეორე მეოთხედში და თამაშს დამაჯერებლად აკონტროლებდა იქამდე, სანამ მეტოქის 10:0 გაქცევა არ გამოეპარა. ამის გამო ფინეთმა ტაიმი მხოლოდ ორი ქულით მოიგო.
შესვენებაზე კი ხორვატებმა საჭირო დასკვნები გააკეთეს და მეორე ტაიმში გაცილებით კარგად ითამაშეს, თუმცა იქაც ჰქონდათ ერთი კრიტიკული მომენტი, როცა ფინეთმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა (66:67). იქვე მარკოტამ მეტად საჭირო სამქულიანი ჩააგდო და ხორვატიამ შვებით ამოისუნთქა.
რაც შეეხება სამქულიანებს, ამ მხრივ ბრწყინვალე იყო ხორვატების სნაიპერი ბოგდანოვიჩი - მან პერიმეტრიდან ექვსჯერ ჩააგდო. თამაშის ამ კომპონენტში ფინეთი მოიკოჭლებდა - შორეული ტყორცნების 33 პროცენტი ჩააგდო. არადა, უკეთ რომ აემუშავებინა თავისი მთავარი იარაღი, ვინ იცის, იქნებ მართლაც მომხდარიყო დიდი სენსაცია.
საბერძნეთის ნაკრები პირველ ტაიმს აგებდა ბოსნიასთან, მაგრამ მეორე ტაიმში, კერძოდ კი მესამე მეოთხედში გარდატეხა შეიტანა თამაშში. ბოსნია ახერხებდა თამაშისთვის ინტრიგის შენარჩუნებას, რომელიც საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე მოკვდა, როცა ზედიზედ ორი სამქულიანით ბერძნებმა ათი ქულით წაიყვანეს ანგარიში - 66:56.
ბოსნია დააღალატა თავისმა ერთ-ერთმა ლიდერმა ტელეტოვიჩმა, რომელმაც ბოლო ცხრა სროლიდან ყველა ააცილა. საბერძნეთის რიგებში კი თითქმის ყველამ კარგად ითამაშა. მაგალითად, შეცვლაზე შესულმა ბრამოსმა 10 ქულა და სამი მოხსნა მიითვალა, რაც მეტოქისთვის დიდი მოულოდნელობა იყო.
პირველ ტურში ერთი ოვერტაიმიც ვიხილეთ. ჩერნოგორიას შეეძლო ძირითად დროში დაემარცხებინა მაკედონია, მაგრამ პეკოვიჩმა ბოლო წამს ააცილა ტყორცნა. სამაგიეროდ, დამატებით დროში დაშიჩმა ურთულესი სიტუაციიდან ჩააგდო და ოთხქულიანი უპირატესობა მოუტანა ჩერნოგორიას, რომელმაც სასურველი ჰანდიკაპი ოვერტაიმის ბოლომდე შეინარჩუნა. დაშიჩი კი 20 ქულითა და 16 მოხსნით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
C ჯგუფი
საბერძნეთი-ბოსნია 76:67
15:17, 16:17, 24:15, 21:18
ს: კალატესი (13+7 მოხსნა), ცისისი (13+4 პასი), ბურუსისი (12+5 მოხსნა), კუფოსი (10+10 მოხსნა), ბრამოსი (10), ფოცისი (9), პაპანიკოლაუ (5), კაიმაკოგლუ (2), ქსანტოპულოსი (2).
ბ: კიკანოვიჩი (15), გორდიჩი (12), ვასილევიჩი (9+5 პასი), ბაირამოვიჩი (9+5 მოხსნა), ჯედოვიჩი (8), დომერკანტი (7+6 მოხსნა), ტელეტოვიჩი (6), ბავჩიჩი (1).
ჩერნოგორია-მაკედონია 70:65 (ო)
15:14, 10:16, 24:19, 12:12, 9:4
ჩ: დაშიჩი (20+16 მოხსნა), დრაგიჩევიჩი (12), პეკოვიჩი (9+9 მოხსნა), კუკი (8+4 პასი), ვუჩევიჩი (7), იერეტინი (6+5 მოხსნა+4 პასი), ბაკიჩი (6), ვრანიეში (2).
მ: მაკალები (17+4 პასი), ანტიჩი (11), ილიევსკი (8), ჩეკოვსკი (8+6 მოხსნა), ვ. სტოიანოვსკი (7+8 მოხსნა), სოკოლოვი (5), სამარძიისკი (5+11 მოხსნა), დ. სტოიანოვსკი (4).
ხორვატია-ფინეთი 84:79
25:26, 16:17, 19:13, 24:23
ხ: ბაირამოვიჩი (27+7 მოხსნა), ტომიჩი (14+8 მოხსნა), პოპოვიჩი (12), მარკოტა (11+7 მოხსნა), ანდრიჩი (6), ზორიჩი (5+6 მოხსნა), სიმონი (4), სტიპჩევიჩი (3), ტომასი (2).
ფ: კოპონენი (14+6 პასი), სალინი (13), ჰაფი (11), პანიკო (10), ლი (7), მუურინენი (7), კოტი (6+9 მოხსნა), კოივისტო (6), მოტოლა (3), ნიკილა (2)
რუსეთთან თამაში შეიძლება, სლოვენიასთანაც
ჩვენი ჯგუფის ფავორიტს სლოვენიის ნაკრებს ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ბულგარეთის ნაკრებისგან. თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთი რჩებოდა და ბულგარეთი კომფორტული ექვსქულიანი სხვაობით იგებდა - 57:51. სლოვენია 11:0 გაქცევამ გადაარჩინა, რომელიც ერაზემ ლორბეკის ზუსტი ტყორცნით დაიწყო. ფავორიტის ეს სპურტი 56:59-ზე დაიწყო და ბოლო ორნახევარ წუთში ბულგარეთმა ერთი ქულაც ვერ აიღო.
მატჩის გმირად ბულგარეთის ნატურალიზებული კალათბურთელი როულენდი მიიჩნიეს, რომელმაც 20 ქულა, ცხრა მოხსნა და სამი ჩაჭრა მიითვალა, გამარჯვებულთა რიგებში კი სამი კალათბურთელი ბრწყინავდა. ლორბეკმა 18 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, "ჰიუსტონის" გამთამაშებლის გორან დრაგიჩის ანგარიშზე 13 ქულა, 6 პასი და ამდენივე მოხსნა იყო, მისი ძმა - ზორანი კი 12 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა თავის გუნდს.
ორივე გუნდის სუსტი წერტილი იყო სამქულიანები - თითოეულმა 3-3 შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში. ბულგარეთს ამისთვის 21 ცდა დასჭირდა, სლოვენიას - 26.
სლოვენია თითქმის მთელი თამაში წინ იყო - მოიპოვებდა კომფორტულ უპირატესობას და შემდეგ დაწევის საშუალებას აძლევდა მეტოქეს. პირველად სლოვენიელები ორნიშნა უპირატესობით წინ მესამე მეოთხედში გავიდნენ - 43:32 და თითქოს გადაწყვიტეს მატჩის ბედი, მაგრამ ბულგარეთის 13:2 გაქცევას მოჰყვა ის კრიტიკული მომენტი, რომლის შესახებაც ზემოთ გელაპარაკეთ - სლოვენიას ბოლო წუთებზე ექვსქულიანი დეფიციტის გაბათილებაზე ზრუნვა მოუწია.
უკრაინის ნაკრებმა დაგვანახა, რომ რუსეთთან ბრძოლა შეიძლება. ბოლო მეოთხედის წინ ბლატის გუნდის უპირატესობა სულ რაღაც სამი ქულა იყო. ეს სხვაობა იყო დაფიქსირებული საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე (65:62), როცა რუსეთმა თავისი მთავარი იარაღი - დაცვა აამოქმედა და მაქსიმალურად შეზღუდა შეტევაში მეტოქე. ხრიაპასა და კირილენკოს კარგი თამაშის წყალობით რუსეთმა შვიდქულიანი ჰანდიკაპი აღადგინა და ამის შემდეგ მოგება დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა.
რაც შეეხება რუსების შეტევას, ამ მხრივ მხოლოდ კირილენკოს გამოყოფა თუ შეიძლება. სულ კი ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ თამაშიდან 64-ჯერ ისროლა და მხოლოდ 25 ჩააგდო, რაც 40 პროცენტზე ნაკლები იყო.
D ჯგუფი
სლოვენია-ბულგარეთი 67:59
17:13, 12:12, 18:15, 20:19
ს: ლორბეკი (18+9 მოხსნა), გ. დრაგიჩი (13+6 მოხსნა+6 პასი), ზ. დრაგიჩი (12+7 მოხსნა), ლაკოვიჩი (6+5 პასი), ბეგიჩი (4+5 მოხსნა), ოზბოლტი (4), ს. უდრიხი (3), იაგოდნიკი (3), სლოკარი (2).
ბ: როულენდი (20+9 მოხსნა), ვიდენოვი (14), კოსტოვი (7), კ. ივანოვი (5), დ. ივანოვი (5+9 მოხსნა), ვარბანოვი (4), ავრამოვი (2), გეორგიევი (2).
რუსეთი-უკრაინა 73:64
15:11, 13:13, 25:26, 20:14
რ: კირილენკო (20+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), შვედი (10), ფრიძონი (9), ბიკოვი (8), ხრიაპა (6+4 პასი), ვორონცევიჩი (6+6 მოხსნა), მოზგოვი (4), პონკრაშოვი (3), მონია (2).
უ: ლიშჩუკი (13), კრავცოვი (12), კოლჩენკო (9), ბერტი (7+6 პასი), პუსტოზვონოვი (6), პეჩეროვი (6+9 მოხსნა), ზაბირჩენკო (5), კოზლოვი (3), ლუკაშოვი (3).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"