ევრობასკეტმა ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი შეიწირა

AutoSharing Option
როგორც იცით, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრების რიგებში არ ითამაშა პაუ გასოლმა. თავიდან დაწერეს, რომ "ლეიკერსის" ცენტრს მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ თურქეთთან გასოლის უთამაშებლობის მიზეზი ფეხის მცირე ტრავმა იყო, რომელიც მან ლიტვასთან შეხვედრაში მიიღო.

ესპანეთმა თურქეთთან მატჩი წააგო (57:65), თუმცა ჯგუფში მაინც პირველ ადგილზე დარჩა. ჟურნალისტებმა კი გაარკვიეს, რომ გასოლის ტრავმა სერიოზული არ არის და ის შეძლებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშს. შემდეგ შეხვედრას ესპანეთი დღეს გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ის ხვალ მწყობრში იქნება. გასოლი საჭირო
სამედიცინო დახმარებას იღებს და ექიმები საბოლოო დასკვნას დღეს გადმოგვცემენ", - აცხადებს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერჯო სკარიოლო.

* * *
ევრობასკეტმა უკვე შეიწირა ერთი მწვრთნელი. ხორვატთა ახალგაზრდა დამრიგებელმა იოსიპ ვრანკოვიჩმა მთლიანად ჩააგდო კონტინენტის პირველობა: მისმა გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაში წააგო და მეორე რაუნდში ვერ გავიდა.

"ჩემი კონტრაქტი კალათბურთის ფედერაციასთან შეწყდა. მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ვინც მე და ჩემს შეგირდებს შანსი მოგვცა", - განაცხადა ვრანკოვიჩმა.

ხორვატთა აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა ეროვნულ ნაკრებთან ორი წელი იმუშავა. შარშან გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა, მაგრამ ამჯერად სრული კრახი განიცადა.

* * *
ბელგიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ უკრაინის ნაკრების 29 წლის ცენტრმა სერგეი ლიშჩუკმა გამოაცხადა, რომ დაასრულა საერთაშორისო კარიერა.

"ნაკრებში 11 წელი ვითამაშე. მას მთელი ჩემი თავისუფალი დრო და ენერგია შევალიე. ჩემი აზრით, საკმარისად ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც ვეტერანების შეცვლა შეუძლიათ", - აღნიშნა ლიშჩუკმა.

ევრობასკეტზე ეს კალათბურთელი საშუალოდ მოედანზე 20 წუთს ატარებდა და 7.2 ქულასა და 4.8 მოხსნას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული