რა დააშავეს ბერძნებმა?

AutoSharing Option
წინა ნომერში ვწერდით იმ სკანდალის შესახებ, რომელიც საბერძნეთის ნაკრებში მოხდა და რომელსაც, მოულოდნელად ხმაურიანი რეზონანსი არ მოჰყოლია.

მსაჯის მოსყიდვის საქმე ვინმე სტავროს ელიანიდისის ჯარიმით შემოიფარგლა. ბერძენმა ჟურნალისტებმა ამ საქმეში ერთიანი პოზიცია დაიკავეს და თავიანთი ქვეყნის ნაკრებს საქმე არ გაუფუჭეს.

მოგვიანებით, ამ საქმის დეტალები გახდა ცნობილი. ყოველდღიურად ევრობასკეტზე სადისციპლინო კომისია იკრიბება, რომელიც რეგლამენტის სხვადასხვა დარღვევას განიხილავს.

ხუთშაბათს საღამოს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის ნაკრების წევრი ენდრიუ სალივანი "ტვიტერზე" არაკორექტული კომენტარებისთვის ათასი ევროთი დააჯარიმეს, ხოლო ბოსნიის კალათბურთის ფედერაცია არაკანონიერი რეკლამისთვის -
ხუთი ათასი ევროთი.

სადისციპლინო კომისიის ოქმის ბოლოს კი "მშრალი" საკანცელარიო ენით შემდეგი განცხადება ეწერა: "დადგენილია, რომ ბატონი სტავროს ელიანიდისი არასპორტულად იქცეოდა და საბერძნეთის ნაკრების მატჩზე დანიშნულ სამ არბიტრს მობილური კავშირის საშუალებით ელაპარაკებოდა. მას აკრედიტაცია ჩამოართვეს  და 15 ათასი ევროთი დააჯარიმეს".

ეს ინფორმაცია მაშინვე მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ჭორიც მოყვა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ელიანიდისსა და მსაჯებს შორის კონტაქტს საბერძნეთისა და ჩერგონორიას მატჩის წინ მართლაც ჰქონდა ადგილი.

ამ მატჩამდე ერთი დღით ადრე ბერძნებმა სენსაციურად წააგეს მაკედონიასთან და წინ ჰქონდათ ყოფილი იუგოსლავიის ორ წარმომადგენელთან - ჩერნოგორიასთან და ხორვატიასთან ურთულესი მატჩები. კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ტურნირის შემდეგ სტადიაზე გასვლის საკითხი.

ამიტომაც ელინებმა თავის დაზღვევა გადაწყვიტეს. მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობდა - ელიანიდისი ეროვნული ნაკრების შტაბის მითითებით მოქმედებდა თუ საკუთარი ინიციატივით. და საერთოდ, ვინ არის სტავროს ელიანიდისი?

როგორც აღმოჩნდა, შარშანდლამდე ეს ადამიანი საბერძნეთის ნაკრების გენერალური მენეჯერი იყო. იგივე პოსტები ეჭირა მას ბერძნულ კლუბებში - "ოლიპიაკოსსა" და "მარუსიში". ბერძენი ჟურნალისტების განცხადებით, ელიანიდისი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა ბერძნულ კალათბურთში და ევროპულშიც ფართო კავშირები აქვს.

კარგი კავშირების ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ მან შეძლო გარე სამყაროსგან მაქსიმალურად იზოლირებულ არბიტრებთან მობილური კავშირის დამყარება.

მსაჯებმა კი "ფეარ პლეის" პრინციპებით იხელმძღვანელეს და ბერძნებისგან მიღებული წინადადების შესახებ ტურნირის დირექტორატს მოუყვნენ.

თავად საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ადგილი არ ჰქონია არანაირ მიუღებელ წინადადებას, რომელშიც თუნდაც მინიშნება იქნებოდა საბერძნეთის ნაკრებისთვის დახმარების გაწევაზე. უფრო მეტიც, ნაკრების ხელმძღვანელთა თქმით, ელიანიდისს დღევანდელ გუნდში არანაირი თანამდებობა არ უკავია.

ზოგიერთმა ბერძენმა ჟურნალისტმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა. მათი აზრით, დღეს ევროპაში ცდილობენ ნეგატიური იმიჯი შეუქმნან საბერძნეთს, რომელიც ევროკავშირისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას იღებს. მათი თქმით, ისე გამოდის, რომ ბერძნებს ფულს აძლევენ ეკონომიკის გადასარჩენად, ისინი კი ამ თანხებს მსაჯების მოსყიდვისთვის ხარჯავენ.

საბერძნეთისა და ჩერნოგორიის მატჩის მომსახურე არბიტრების მიმართ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. ბერძნებმა ეს მატჩიც მოიგეს, ხორვატიასთან შეხვედრაც და მეორე ეტაპზე გავიდნენ.

რთულია იმის თქმა, მართლაც ცდილობდნენ თუ არა ბერძნები მსაჯების მოსყიდვას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათ სპორტულ სამყაროში სახელი აქვთ გატეხილი.

ფეხბურთში ჩაწყობილი მატჩების სკანდალის გამო ჯერაც სრულფასოვნად არ დაწყებულა ქვეყნის ჩემპიონატი, რადგან ვერ გაურკვევიათ - რამდენიმე გუნდი ჩამოაშორონ მთავარ ლიგას. უეფამ კი უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ამ სკანდალის გამო ევროპის ლიგის გათამაშებიდან მოკვეთა ვოლოსის "ოლიმპიაკოსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული