ევრობასკეტი 2011. მეორე ჯგუფური ეტაპი: რუსული იღბალი

AutoSharing Option
ევრობასკეტის მეორე ჯგუფური ეტაპი F ჯგუფის სამი მატჩით დასრულდა. დღის პირველ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა - სლოვენიასა და ფინეთის შეხვედრაში გამარჯვებული მეოთხედფინალის საგზურს ინაღდებდა, წაგებული - შინ მიემგზავრებოდა.

ფინელებმა თავიდანვე აქტიურ დაცვას მიმართეს, ხშირად იყენებდნენ "ზონას", რომლის წინააღმდეგ თამაში სლოვენიელებმა უკვე ისწავლეს. პირველ მეოთხედში სკანდინავიელები ინტრიგას პეტერი კოპონენის სნაიპერული თვისებების ხარჯზე ინარჩუნებდნენ, სლოვენია კი არ ჩქარობდა და გადამწყვეტი გაქცევის შესაძლებლობას ელოდა.

და ეს გაქცევა მეორე მეოთხედის ბოლოს მოხდა. ლაკოვიჩის ორი ზუსტი სროლის შემდეგ სლოვენიის უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია. მნიშვნელოვანი შორეული
ტყორცნები ჩააგდო უროშ სლოკარმა, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაატარა პირველი ტაიმი. სწორედ მისი მონდომების წყალობით ისე ჩანდა, რომ ფინელთა ზღაპარი ევრობასკეტზე დასრულებული იყო.

მაგრამ ასე არ ფიქრობდა შონ ჰუფი. ფინელმა ზედიზედ ორი ბურთი ჩააგდო და ინტრიგა აღდგა. ამჯერად უკეთ ამოქმედდა დეტმანის "ზონა". ფინელები ზუსტად და დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ვინ იცის, როგორი იქნებოდა ანგარიში, მალკოვიჩის განკარგულებაში რომ არ ყოფილიყვნენ ბეგიჩი, სლოკარი და ლორბეკი, რომლებმაც მთლიანად დაიპყრეს ფარი. მაგრამ მოხსნების წაგების მიუხედავად, მეოთხე მეოთხედისთვის ფინელთა ჩამორჩენა სულ რაღაც ექვსი ქულა იყო.

თუმცა ბოლოს სლოვენიელთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ყველაფერი ფაქტობრივად მაშინ გადაწყდა, როცა ლაკოვიჩმა საფინალო სირენამდე ოთხი წუთით ადრე სამქულიანი მოათავსა კალათში. ცხრა ქულის ამოქაჩვა დეტმანის შეგირდებმა ვეღარ შეძლეს, თუმცა ძალიან მოინდომეს: რანიკომ და კოპონენმა სამქულიანები ჩააგდეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში შეცდნენ იგივე კოპონენი და მუურინენი.

სლოვენია მეოთხედფინალში გაძვრა, მაგრამ იქ შანსი არ აქვს, რადგან ესპანეთს უნდა შეხვდეს.

* * *
პირველი ადგილისთვის ბრძოლაში კი რუსეთი და მაკედონია შეხვდნენ ერთმანეთს. ლიტვასთან მეოთხედფინალში დაპირისპირება არც ერთს არ სურდა, ამიტომაც მივიღეთ მეორე ჯგუფური ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი.

რუსეთმა ძალიან ცუდად დაიწყო და მეტოქეს 8:0 დაწინაურების საშუალება მისცა. ბლატის გუნდმა ანგარიში მეოთხედის დასრულებამდე სამნახევარი წუთით ადრე მოახერხა, თუმცა პირველი ათი წუთი მაინც წააგო, ოღონდ ერთი ქულით - 19:20.

მეორე მეოთხედის სტარტი რუსების 6:1 გაქცევით აღინიშნა და მათ კარგა ხანი აღარ გაუშვიათ ხელიდან ინიციატივა, თუმცა შორს წასვლაც ვერ მოახერხეს. მესამე ათწუთეულის პირველმა ორმა წუთმა უქულოდ ჩაიარა, რის შემდეგაც ანგარიში მაკედონიამ შეცვალა - ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი ანტიჩის სამქულიანით წინ გავიდა. აქედან დაიწყო ქულა ქულაში თამაში. სხვათა შორის რუსები დომინირებდნენ ფარზე (34:23), მაგრამ ამ უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს.

მეოთხე მეოთხედი რუსეთმა ორქულიანი უპირატესობით დაიწყო და მალე თითქოს გადამწყვეტი დარტყმაც მიაყენა მეტოქეს - 58:51. თანაც დაცვა ბლატის შეგირდებს კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ მოულოდნელად შეტევაში თამაში მოიშალა და შედეგად, რუსეთმა სამი წუთი ქულა ვერ აიღო, რის გამოც კინაღამ დაისაჯა.

დაახლოებით წუთნახევრით ადრე რუსებს მინიმალური უპირატესობა ჰქონდათ - 60:59. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მათ ანგარიში ვერ გაზარდეს, ბო მაკალებმა კი საპასუხოდ ორი საჯარიმო ჩააგდო და მაკედონია წინ გავიდა - 61:60.

საფინალო სირენამდე 40 წამი რჩებოდა, როცა ბიკოვი გადაცემისას შეცდა, სტოიანოვსკიმ კი სამქულიანი ააცილა. ბოლო შეტევისთვის რუსეთს 11 წამი ჰქონდა, რომელთაგანაც 9.5 წამი მაკედონიამ პერსონალურებით გაიყვანა, დარჩენით ორწამნახევარში კი რუსეთმა მაინც გამოგლიჯა გამარჯვება მეტოქეს - შვედმა პირითი ხაზიდან მონიას მიაწოდა და მან ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო - 63:61.

რუსეთი მეოთხედფინალში სერბეთზე გავიდა, მაკედონია - ლიტვაზე.

F ჯგუფი
სლოვენია-ფინეთი 67:60
14:12, 28:16, 12:20, 13:12
ს: ლორბეკი (14+6 მოხსნა), სლოკარი (13+8 მოხსნა), ლაკოვიჩი (11), ზ. დრაგიჩი (10), ბეგიჩი (8+8 მოხსნა), გ. დრაგიჩი (7+4 პასი), მურიჩი (3), ოზბოლტი (1).
ფ: კოპონენი (14), ჰუფი (12), ლი (7), კოტი (7+7 მოხსნა), რანიკო (6), მოტოლა (4), ნიკილა (3), მუურინენი (2), სალინი (2), კოივისტო (2).

რუსეთი-მაკედონია 63:61
19:20, 18:14, 14:15, 12:12
რ: შვედი (14+6 მოხსნა+4 პასი), ფრიძონი (11), ბიკოვი (8), მოზგოვი (8+2 დაფარება), მონია (8), ვორონცევიჩი (4+8 მოხსნა+2 დაფარება), ანტონოვი (4), ხრიაპა (4+6 მოხსნა), კირილენკო (2).
მ: მაკალები (16), ანტიჩი (15+10 მოხსნა+5 პასი), სამარძინსკი (9), ვ. სტოიანოვსკი (6+5 მოხსნა), ილიევსკი (6+4 პასი), ჩეკოვსკი (6), დ. სტოიანოვსკი (3).

თ მ ფ ბ ქ
1. რუსეთი 5 5 0 355-310 10
2. მაკედონია 5 4 1 338-313 9
3. საბერძნეთი 5 3 2 348-336 8
4. სლოვენია 5 2 3 337-337 7
5. ფინეთი 5 1 4 338-372 6
6. საქართველო 5 0 5 329-377 5

1/4 ფინალი
14 სექტემბერი
ესპანეთი-სლოვენია
მაკედონია-ლიტვა

15 სექტემბერი
საფრანგეთი-საბერძნეთი
რუსეთი-სერბეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული