ევრობასკეტი 2011: მაკედონია ნახევარფინალში

AutoSharing Option
პირველ ნახევარფინალურ მატჩში სლოვენიის ნაკრებმა ისეთი ტემპითა და შემართებით დაიწყო ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში, რომ ბევრმა გაიფიქრა - როგორც იქნა, ევრობასკეტის ფავორიტი სერიოზულ და ღირსეულ მოწინააღმდეგეს გადაეყარა და ამჯერად მაინც ვნახავთ თანაბარ თამაშსო.

პირველ მეოთხედში ბოჟიდარ მალკოვიჩის შეგირდები აშკარად კარნახობდნენ თამაშს ევროპის მოქმედ ჩემპიონს. რაც მთავარია, ისინი არ იმჩნევდნენ მოედანზე ძმები გასოლების ყოფნას და სამწამიან ზონაში დომინირებდნენ. ასე რომ, ფავორიტს კარგა ხანი მდევრის როლში მოუწია ყოფნა. მეოთხედის ბოლოს სლოვენიამ სამქულიანი ჩააგდო და საწყისი ათი წუთი შვიდი ქულით მოიგო - 23:16.

მეორე მეოთხედში ესპანეთის ნაკრებმა მთავარი ნაკლი გამოასწორა - დაცვას მიაქცია ყურადღება და მერე როგორ! დაახლოებით სამი წუთი სლოვენია ქულის აღებას ვერ ახერხებდა, ხოლო მეორე მეოთხედის საერთო ანგარიში იყო 19:8 სერჯო სკარიოლოს შეგირდების სასარგებლოდ. გარდა დაცვაში აქტიურობისა, ფერნანდესი და ნავარო ხშირად აშვებინებდნენ შეცდომას მეტოქეს. არსად იყო ის ტყორცნები, რომელსაც სლოვენიელები პირველ მეოთხედში აგდებდნენ. საწყისი მონაკვეთის შვიდი ქულით წაგების შემდეგ ესპანეთმა თამაში შემოატრიალა და თავად გავიდა წინ ოთხი ქულით - 35:31.

მეორე ტაიმში ესპანეთის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. მესამე მეოთხედში მალკოვიჩის შეგირდების სრული განადგურება ვიხილეთ. ხუან კარლოს ნავარომ და პაუ გასოლმა ყველა ბურთი ჩააგდეს, ყველაფერი მოხსნეს და ჩაჭრეს. ამ 10-წუთეულში განვითარებულ მოვლენებზე ანგარიშიც კარგად მეტყველებს - 36:14. პირენეელთა უპირატესობა, რომელმაც მეოთხე მეოთხედი ფორმალობად აქცია, 25 ქულას უდრიდა.

მეოთხე მეოთხედში კი ესპანეთის ნაკრები გასართობად იყო გასული მოედანზე, მაგრამ ეს მომენტიც ვერ გამოიყენა სლოვენიამ. ეს გუნდი კვლავ ცუდად ისროდა. ტყორცნების რეალიზაციის მაღალი პროცენტი სლოვენიას მხოლოდ პირველ მეოთხედში ჰქონდა, შემდეგ კი ესპანეთმა უბრალოდ გაანადგურა მეტოქე.

სლოვენიელებმა მეოთხე მეოთხედი მხოლოდ იმის გამო მოიგეს (19:15), რომ გასოლებს მისცეს დასვენების საშუალება. საბოლოოდ, შეხვედრის ანგარიშია - 86:64 და ესპანეთი კვლავაც ევრობასკეტის მთავარი ფავორიტია.

აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მომენტი:

პირველ ტაიმში ესპანეთმა 35 ქულა დააგროვა, მესამე მეოთხედის ათ წუთში კი მისი მონაგარი 36 ქულა იყო. ამ 36 ქულიდან 17 ხუან-კარლოს ნავაროს ეკუთვნოდა. საბოლოოდ, ეს მცველი 26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. ბრწყინვალე ორმაგი დუბი ჰქონდა პაუ გასოლს - 19 ქულა და 16 მოხსნა.
პირველ ათ წუთში 23 ქულის ჩაგდების შემდეგ, მომდევნო 23 ქულის დასაგროვებლად სლოვენიელებს 21 წუთი დასჭირდათ.

* * *
გუშინდელ მეორე ნახევარფინალში ირკვეოდა ესპანეთის მეტოქე. თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ მასპინძელი ლიტვა დაასრულებდა მაკედონიურ ზღაპარს და ამ გუნდს შინ გაამგზავრებდა, მაგრამ მოხდა პირიქით - მაკედონიელებმა ევრობასკეტის ყველაზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზეს და მინიმუმ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაში გაინაღდეს.

პირველივე წუთებიდან ლიტველებმა ინიციატივა მოიპოვეს. მათ იოლად გამოსდიოდათ მეტოქის სამწამიანში შესვლა, რისი წყალობითაც სწორედ ამ ზონიდან მოიპოვეს 4-4 ქულა სონგაილამ და კალნეიტისმა, რასაც იასაიტისის სამქულიანი დაემატა. მაგრამ მაკედონიაც კარგი პროცენტით ესროდა და შორს არ გაუშვა მასპინძელი. მართალია, თავიდან ბო მაკალებს თამაში არ წაუვიდა, სამაგიეროდ სხვები იოლად უმკლავდებოდნენ ლიტვის ზონურ დაცვას და პირველ მეოთხედში სამიდან ორი სამქულიანი ჩაუგდეს. თანაც დოკუზოვსკის შეგირდები მეტოქის ფარზეც ყოჩაღობდნენ.

ლიტვამ ოდნავ კომფორტული უპირატესობით წინ გასვლა მეოთხედის შუაში შეძლო - 17:10, მაგრამ მაკედონიის ტაიმ-აუტის შემდეგ სიტუაცია გათანაბრდა. მაკალებმა ნელ-ნელა იპოვნა თავისი თამაში, მისმა გუნდმა კი დაცვაში მოქმედება გამოასწორა და საბოლოოდ, ლიტვამ თითქმის სამი წუთის განმავლობაში ქულა ვერ აიღო. წერტილი კი საწყის მეოთხედს ილიევსკისა და მაკალების დუეტმა დაუსვა. პირველმა ჩაჭრა გააკეთა და მეორემ ჯარიმით ჩააგდო - 18:20.

მეორე მეოთხედის პირველი ხუთი წუთი ორივე გუნდი კარგად იცავდა თავს და ამ მონაკვეთის ანგარიში - 3:3 ამის ნათელი დადასტურებაა. მასპინძლებმა თამაში კემზურას ტაიმ-აუტის შემდეგ გამოასწორეს. ძალიან კარგი სამსვლიანი კომბინაცია იავტოკასის ჩატენვით დასრულდა, შემდეგ კი კაუკენასმა და პოჩიუსმა იყოჩაღეს - 29:21. ამჯერად უკვე დოკუზოვსკის მოუწია ტაიმ-აუტის აღება და ამ სვლამაც გაამართლა - რვაქულიანი ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დავიდა - 30:34.

ბალკანელებმა ლიტვის დაწევა მესამე მეოთხედში მოახერხეს. მისი დასრულებიდან შვიდნახევარი წუთით ადრე ვოიდან სტოიანოვსკიმ სამქულიანი ჩააგდო - 38:38. ლიტვამ ძალიან მალე მიიღო ხუთი გუნდური ჯარიმა, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან მაკედონიელები ხშირად აცილებდნენ. და მაინც, ცოტა ხნით მათ შეძლეს წინ გასვლა - მაკალების ერთი ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში გახდა - 42:41.

მეოთხედის ბოლომდე ტაბლოზე კიდევ ორჯერ დაფიქსირდა საყაიმო ანგარიში და ლიტვამ ბოლო ორ წუთში მოახერხა მცირე გაქცევა. ვალანჩუნასისა და იასაიტის დამსახურებით მეოთხე მეოთხედი ასეთი ანგარიშით დაიწყო - 52:49.

ბოლო მეოთხედის დასაწყისში სონგაილას საშუალო მანძილიდან ტყორცნას ვოიდან სტოაინოვსკიმ მეხუთე (ხუთიდან) ზუსტი სამქულიანით უპასუხა. თუმცა ლიტველთა მორიგი შეცდომები ბალკანელებმა კარგად ვერ გამოიყენეს. დოკუზოვსკის შეგირდებს შეტევაში თამაში აერიათ და მხოლოდ თავისი მეხუთე იერიშის შემდეგ შეძლო მაკედონიამ ახლოს მისვლა: ისევ სამქულიანი, ამჯერად ანტიჩისგან და 55:56.

ლიტველები ისევ გაიქცნენ, მაგრამ ანტიჩმა და მაკალებმა კვლავ დაიბრუნეს მატჩის გადარჩენის შანსი და 63:65-ზე დაიწყო შეხვედრის ბოლო წუთი. ანგარიში ნახევარი წუთი არ შეცვლილა, შემდეგ 15 წამში კი ლიტველებმა ორჯერ მოასწრეს ბურთის დაკარგვა, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც: სტოიანოვსკის ჩაჭრის შემდეგ ილიევსკიმ გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო - 66:65. ლიტვას 11 წამი და ორი ტაიმ-აუტი ჰქონდა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ იასაიტისმა კუთხიდან ააცილა, მოხსნა კი ანტიჩმა მოიგო. ამას მოჰყვა ლიტველთა ჯარიმა, თუმცა საფინალო სირენამდე 0.5 წამი იყო დარჩენილი და ამიტომაც მაკედონიის ორ ჯარიმას ყოველგვარი აზრი დაკარგული ჰქონდა.

67:65 - მაკედონიამ მასპინძლების ძლევით ევრობასკეტის ყველაზე ხმამაღალი სენსაცია დააფიქსირა. ახლა, ლიტვაში რამდენიმედღიანი გლოვა იქნება.

1/4 ფინალი
ესპანეთი-სლოვენია 85:64
16:23, 19:8, 36:14, 14:19
ე: ნავარო (26), პ. გასოლი (19+16 მოხსნა+3 დაფარება), მ. გასოლი (7+5 მოხსნა), ფერნანდესი (8+5 მოხსნა), კალდერონი (9+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), იბაკა (9), ლიული (3), რეიესი (3), სან ემეტერიო (2).
ს: გ. დრაგიჩი (14+5 მოხსნა), ბეგიჩი (10+5 მოხსნა), ლორბეკი (7), ოზბოლტი (6), სმოდიში (6), იაგოდნიკი (6), სლოკარი (4), მურიჩი (4+3 ჩაჭრა), ლაკოვიჩი (3), ზ. დრაგიჩი (2), რუპნიკი (2).

მაკედონია-ლიტვა 67:65
18:20, 12:14, 19:16, 18:13
მ: მაკალები (23), ვ. სტოიანოვსკი (15), ილიევსკი (12), ანტიჩი (8+8 მოხსნა), სამარძინსკი (7+10 მოხსნა), ჩეკოვსკი (2+5 მოხსნა).
ლ: იავტოკასი (13+6 მოხსნა), სონგაილა (12), კაუკენასი (6), კალნიეტისი (9+9 მოხსნა+4 პასი), იასაიტისი (9+6 მოხსნა), იასიკიავიჩუსი (7+5 პასი), იანკუნასი (4), ვალანჩუნასი (3+6 მოხსნა), პოჩიუსი (2).


Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული