ევრობასკეტი 2011. მეოთხედფინალები: მაინც კანონზომიერი შედეგები

AutoSharing Option
საფრანგეთისა და საბერძნეთის მეოთხედფინალი ის წყვილი იყო, რომელშიც ნებისმიერი მოულოდნელობა შეიძლებოდა მომხდარიყო, პირველ რიგში, იგულისხმება საბერძნეთის მოგება. არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ბერძნები ბრძოლას გაუმართავდნენ ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტს.

რა თქმა უნდა, ეს არ არის დიამანტიდისის ან პაპალუკასის საბერძნეთი, რომელიც 2005 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ დღევანდელი ნაკრებისგანაც ნებისმიერი გართულება იყო მოსალოდნელი. ასეც მოხდა და ფრანგებმა დიდი გაჭირვებით გააღწიეს ნახევარფინალში.

საფრანგეთს პრობლემები პირველივე წუთებიდან შეექმნა - საწყისი მეოთხედის სტარტზე საბერძნეთი დამაჯერებლად იგებდა - 15:4. სიტუაციის გამოსწორება თავის თავზე აიღო ნანდო დე
კოლომ: "ვალენსიას" მცველი ფრანგების ნამდვილი ჯოკერი აღმოჩნდა და საბოლოოდ, შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა: თამაშიდან რვაჯერ ისროლა, აქედან ექვსი ჩააგდო და 16 ქულა დააგროვა.

დე კოლოს შედეგიანი თამაში სიუპრიზი აღმოჩნდა ბერძნებისთვის და მათ გარკვეული ხანი დასჭირდათ იმისთვის, რომ ფრანგების მე-12 ნომრის მოქმედებისთვის ალღო აეღოთ. როცა ეს პრობლემა მოგვარდა, საბერძნეთი ისევ წინ გავიდა და თანდათან გაამყარა უპირატესობა. მართალია, შვიდ ქულაზე შორს ვერ მიდიოდა, მაგრამ ლიდერობას დამაჯერებლად ინარჩუნებდა.

საფრანგეთი სულაც არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელსაც ევრობაკეტის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი მიანიჭეს. შესაძლოა, ეს გუნდის ლიდერის - ტონი პარკერის ჩვეულებრივზე პასიური თამაშის ბრალი იყო - "სპურსის" გამთამაშებელი არ ცდილობდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და პარტნიორებს ტვირთავდა გადაცემებით, ისინი კი ბევრს ცდებოდნენ.

მოკლედ, ფრანგებს არაფერი შველოდათ იქამდე, სანამ თამაშში... პარკერი არ ჩაერთო. ეს მეოთხე მეოთხედის დებიუტში მოხდა. ბერძნები ხუთ ქულას იგებდნენ და სწორედ ტონის მონდომებით დაიწყო გაქცევა, რომელიც 16:5 დასრულდა. ეს სპურტი გახდა გადამწყვეტი ამ მატჩში - საფრანგეთმა ექვსქულიანი უპირატესობა გაიფორმა და ბოლომდე შეძლო მისი შენარჩუნება.

რა თქმა უნდა, ბერძნებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და აქტიურობის ხარჯზე ბევრი ჯარიმა მიაღებინეს მეტოქეს, მაგრამ საჯარიმოებს ისროდნენ ცუდად. ბოლოსკენ მნიშვნელოვანი ოთხი ქულა ჩააგდო ნიკოლა ბატუმმა - 60:54. წუთით ადრე ბერძნებმა ტაიმ-აუტი აიღეს.

ცისისის ჯარიმების შემდეგ სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა. მართალია, შემდეგი იერიში საფრანგეთმა გააფუჭა, მაგრამ შეტევაში მოხსნა აიღო და საბერძნეთი იძულებული გახდა ჯარიმების ტაქტიკაზე გადასულიყო, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ თამაშის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

* * *
ბოლო მეოთხედფინალში კიდევ უფრო რთული იყო გამარჯვებულის წინასწარმეტყველება. რუსეთის ნაკრების წინა მიმოხილვებისას არაერთხელ დავწერეთ, რომ დევიდ ბლატის გუნდს ხშირად უმართლებდა და სერგეი მონიას "ოქროს ხელი" რომ არა, მინიმუმ ორი მატჩი უნდა წაეგო, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთი კვლავაც ერთადერთი დაუმარცხებელია გუნდია ევრობასკეტზე.

თუმცა ამჯერად, სერბეთთან დაპირისპირებაში იღბალი არაფერ შუაში იყო - რუსებმა აშკარად უფრო მაღალი კლასისა და დაცვაში ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მოუგეს მეტოქეს და მინიმუმ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა გაინაღდეს.

სერბეთი მხოლოდ მატჩის დებიუტში ლიდერობდა, როცა მილოშ ტეოდოშიჩმა ოთხი უპასუხო ქულით გახსნა ანგარიში - 4:0. ამას მოჰყვა რუსეთის 8:0 გაქცევა და ამის შემდეგ ბლატის გუნდს ლიდერობა არ დაუთმია.

თამაშის მსვლელობისას იყო მომენტები, როცა სერბეთი ოთხი-ხუთი ქულით უახლოვდებოდა მეტოქეს, მაგრამ როგორც კი საქმე აქამდე მიდიოდა, მაშინვე რუსეთი ახერხებდა რამდენიმე უპასუხო ქულის აღებას და კომფორტული უპირატესობის აღდგენას. ამაში ორ კალათბურთელს ჰქონდა ყველაზე დიდი წვლილი - სერგეი კირილენკოს, რომელმაც მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა და ტეოდოშიჩს, ვინც ევრობასკეტის რეკორდი დაამყარა ცხრა დაკარგული ბურთით.

ასეთ პირობებში, ისედაც უნიათოდ მოთამაშე სერბეთს შანსი არ ჰქონდა და ის დღეს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურისთვის საბერძნეთს შეხვდება, ფინალის საგზურისთვის კი რუსეთს საფრანგეთთან მატჩი ელის.

* * *
გუშინ, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს საგზური თამაშდებოდა. მაკედონიასთან ტრაგიკული მარცხის შემდეგ ლიტვამ მოახერხა გონს მოსვლა და სლოვენიის დამარცხება, მაგრამ ნერვული დაძაბულობა მაინც ვერ ააცილა თავის გულშემატკივარს.

მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ სლოვენია 7:0 გაქცევის შემდეგ, საფინალო სირენამდე წუთით ადრე ერთი ქულით გავიდა წინ - 77:76. შემდეგი შეტევა ლიტვამ გააფუჭა, მაგრამ სლოვენიამაც იგივეთი უპასუხა. შეხვედრის ბედი მანტას კალნიეტისის სამქულიანმა გადაწყვიტა. სლოვენიელთა ორი შეტევა, რომლითაც შეიძლებოდა ანგარიშის გათანაბრება, უშედეგოდ დასრულდა: თავდაპირველად იაკა ლაკოვიჩის შესვლა დაბლოკეს, გორან დრაგჩმა კი სროლა ვერ მოასწრო.

1/4 ფინალი
საფრანგეთი-საბერძნეთი 64:56
14:17, 13:14, 13:12, 24:13
საფ: პაკერი (18+5 მოხსნა), დე კოლო (16), ბატუმი (15), ტრაორე (6), ნოა (5+8 მოხსნა), კაუდი (2), პიეტრუსი (2+6 მოხსნა).
საბ: ბურუსისი (17+11 მოხსნა), ფოცისი (9+5 მოხსნა), კალატესი (7), კაიმაკოგლუ (6+6 მოხსნა), ცისისი (6+5 პასი), კუფოსი (5), პაპანიკოლაუ (4), ბრამოსი (2).

რუსეთი-სერბეთი 77:67
16:12, 18:15, 20:21, 23:19
რ: კირილენკო (14+11 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა+2 დაფარება), ვორონცევიჩი (11), ხრიაპა (11+4 პასი), შვედი (10+5 პასი), ფრიძონი (9), მოზგოვი (8), პონკრაშოვი (5), მონია (5), ბიკოვი (4).
ს: ტეოდოშიჩი (20), კრსტიჩი (13+5 მოხსნა), სავანოვიჩი (9), პეროვიჩი (7), კეშელი (6+5 მოხსნა), მაჩვანი (5), ბიელიცა (5), მარკოვიჩი (2).

1/2 ფინალი
16 სექტემბერი
ესპანეთი-მაკედონია
საფრანგეთი-რუსეთი

5-8 ადგილი
სლოვენია-ლიტვა 77:80
20:19, 13:25, 24:19, 20:17
ს: ლორბეკი (16+5 მოხსნა), გ. დრაგიჩი (16+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ბეგიჩი (11+4 დაფარება), ზ. დრაგიჩი (10), ოზბოლტი (9), სმოდიში (8+6 მოხსნა), ლაკოვიჩი (7+4 პასი).
ლ: კალნიეტისი (17+4 პასი), სონგაილა (12), იასიკიავიჩუსი (12+7 პასი), კაუკენასი (10+4 პასი+3 ჩაჭრა), იავტოკასი (9), ვალანჩიუნასი (8+6 მოხსნა), პოჩიუსი (6), იასაიტისი (4), იანკუნასი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული