"ჰიტი" "ჯადოქრებმა" დაბომბეს

AutoSharing Option
გუშინ რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ინტერესს "მაიამისა" და "ორლანდოს" დაპირისპირება იწვევდა. "ჰიტის" ვარსკვლავური შემადგენლობის შესახებ ყველამ იცის, ახლა კი ამ გუნდმა ცნობილი გამთამაშებელი მაიკ ბიბი დაიმატა, რაც სერიოზული შევსებაა. ყოფილი ატლანტელის დებიუტი სწორედ ამ მატჩში იგეგმებოდა.

საკუთარი კედლები თავიდან მარტო დუეინ უეიდს დაეხმარა - სასტარტო ოთხი წუთის განმავლობაში "ჰიტის" შემადგენლობაში მხოლოდ ის აგდებდა ბურთს, "ორლანდოში" კი თამაში ჯამირ ნელსონს მიჰყავდა, რომლის სროლებსა და პასებს "მაიამიმ" ვერაფერი მოუხერხა.

პირველი მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთითა და
20 წამით ადრე "ორლანდო" 17:14-ს იგებდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ფანტასტიკური გაქცევა მოაწყვეს - 14:2. ამ წუთებში ბრწყინვალედ ითამაშა ლებრონ ჯეიმსმა. გარდა იმისა, რომ მან 13 ქულა დააგროვა, მოხსნასაც ასწრება, პასებსაც, ჩაჭრასაც და დაფარებასაც. სწორედ ამ დროს გავიდა მოედანზე ბიბი და კიდევ უფრო გააძლიერა მასპინძლების თამაში. მეორე მეოთხედის დასრულებამდე 24 წამით ადრე "მაიამის" გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა - 63:45 გახდა ანგარიში უეიდის ზუსტი ტყორცნის შემდეგ.

მესამე მეოთხედი 3 წუთის დაწყებული იყო, როცა სხვაობა 24 ქულამდე გაიზარდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არა ტიტულის ორი პრეტენდენტი, არამედ ფავორიტი და აუთსაიდერი ხვდებოდნენ ერთმანეთს. სტენ ვან განდიმ მწუხარე სახით მოითხოვა ტაიმ-აუტი.

და სწორედ აქედან დაიწყო სასწაული. შემდეგი შვიდი წუთი სტუმრებმა 17:4 მოიგეს. "ჯადოქრებმა" თავიანთი საყვარელი იარაღით - სამქულიანებით დაიწყეს სიტუაციის გამოსწორება. ნელსონმა ერთი ჩააგდო, ჯეისონ რიჩარდსონმა - სამი. თუმცა დუაიტ ჰოვარდმა ოთხი პერსონალური მიიღო და მატჩის ბოლოსთვის საკუთარი გუნდის პერსპექტივები ბუნდოვანი გახადა. არადა, სხვაობა 9 ქულამდე შემცირდა და მართლაც მოსალოდნელი იყო ნერვიული ფინალი.

საფინალო სირენამდე 9 წუთით ადრე მატჩის გმირმა რიჩარდსონმა ზედიზედ მეორე სამქულიანი ჩააგდო და "ჰიტის" მწვრთნელი ერიკ სპოელსტი სერიოზულად ანერვიულდა - 82:79. მას ტაიმ-აუტმა ვერ უშველა: პაუზის შემდეგ არენასმა კიდევ ერთი სამქულიანი ჩააგდო. ანგარიში გათანაბრდა. მალე რაიან ანდერსონმა მოუტანა ლიდერობა სტუმრებს, არენასმა კი კიდევ ერთი სამქულიანი დაუმატა. 24-ქულიანი ჩამორჩენა 7-ქულიან უპირატესობად გადაიქცა. ფავორიტის თამაში საბოლოოდ მოიშალა, "ორლანდომ" კი ფანტასტიკური სროლების გარდა შესანიშნავი დაცვა აჩვენა.

მაქსიმუმი, რაც "ჰიტმა" მოახერხა, საფინალო სირენამდე 44 წამით ადრე სხვაობის ორი ქულით შემცირება იყო. ამას მოჰყვა "ორლანდოს" ხანგრძლივი შეტევა, რომლის დროსაც სტუმრებმა მეტოქის ფარზე ორჯერ მოხსნეს ბურთი და ბოლოს ნელსონზე ჯარიმა მოიპოვეს. ჯამირმა მხოლოდ ერთი ტყორცნა ჩააგდო და მეტოქეს გადარჩენის შანსი დაუტოვა.

თავიდან ბედი ლებრონმა სცადა, მაგრამ ააცილა, შემდეგ დაცვაში ითამაშა კარგად და უეიდს მიაწოდა ბურთი, რომელზეც დაჯარიმდნენ. "ფლეშმა" ორივე საჯარიმო ჩააგდო - სათამაშოდ ცხრა წამი რჩებოდა. ვან განდიმ ტაიმ-აუტის შემდეგ ჯეი ჯეი რედიკი შეუშვა მოედანზე. სწორედ მასზე დაჯარიმდნენ მაიამელები და რედიკმა ორივე საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა. ბოლო რვა წამში კრის ბოშმა და ლებრონ ჯეიმსმა მოასწრეს სამქულიანების შესრულება. ორივემ ააცილა და "მაიამიმ" მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დასანანი მარცხი იწვნია.


* * *
სოლტ-ლეიკ-სიტიში ერთმანეთს ხვდებოდნენ გუნდები, რომლებმაც ამ სატრანსფერო ბაზარზე ლიდერები დაკარგეს - "იუტამ" დერონ უილიამსი, "დენვერმა" - კარმელო ენტონი. მაგრამ "ნაგეტსს" ეს დანაკლისი არ დასტყობია და გუნდი უკეთ ათამაშდა (ბოლო ხუთ მატჩში ოთხი მოგება), "იუტას" კი დერონთან ერთად უჭირდა და ახლა, მით უმეტეს.

"ჯაზმენთა" პრობლემები თავიდანვე გამოჩნდა. 0:7 - ასეთი იყო შეხვედრის დებიუტი. სტუმრებისთვის მთავარი პრობლემა გახდა "დენვერის" უკანა ხაზის (ლოუსონი-აფლალო) შეჩერება. ამ დუეტმა  "ჯაზის" მცველებისგან სათანადო წინააღმდეგობა ვერ მიიღო.

მასპინძლები დიდი ხანი ელოდნენ შანსს და მხოლოდ დიდი შესვენების შემდეგ მოახერხეს კონტრდარტყმა. "იუტა" მაილზის, ჰარისისა და ჯეფერსონის დახმარებით ბოლო შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა. წინ საინტერესო ბოლო მეოთხედი იყო.

საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე სი ჯე მაილზმა საჯარიმოს ხაზიდან ანგარიში 98:99 გახადა. ერთადერთი, რაც "ჯაზმენებს" სჭირდებოდათ, უბრალოდ კარგად უნდა დაეცვათ თავი მეტოქის ბოლო სრულფასოვანი შეტევის დროს. მაგრამ მასპინძლების უკანა ხაზს ისევ გაეპარა აფლალო, რომელმაც პერიმეტრიდან ფანტასტიკური ტყორცნა მოათავსა კალათში და ამით მატჩის ბედი გადაწყვიტა.


მაიამი-ორლანდო 96:99
30:22, 33:23, 17:26, 16:28
მ: ჯეიმსი (29+6 მოხსნა), უეიდი (28+5 პასი), ბოში (13+5 მოხსნა).
ო: რიჩარდსონი (24), ნელსონი (16+7 პასი), ანდერსონი (15+5 მოხსნა), ჰოვარდი (14+18 მოხსნა+5 პასი+5 დაფარება), არენასი (11).

იუტა-დენვერი 101:103
23:30, 28:28, 25:16, 25:29
ი: მაილზი (22+6 მოხსნა), ჰარისი (21+9 პასი), ჯეფერსონი (19+10 მოხსნა+6 დაფარება), კირილენკო (12+5 პასი), მილსეპი (10+8 მოხსნა).
დ: ლოუსონი (23+6 მოხსნა+5 პასი), აფლალო (19), ნენე (13+8 მოხსნა), ანდერსენი (13), მარტინი (11+8 მოხსნა).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული