ბეჭდების მბრძანებლები: ამერიკული კალათბურთის მმართველი დინასტიები [დასასრული]

AutoSharing Option
რედ აუერბახი 50-იან წლებს იმეორებდა. როგორც აღმოჩნდა, ლარი ბერდის შეძენით ის მხოლოდ ახლა იწყებდა სუპერგუნდის შექმნას. მეორე ბოსტონურ დინასტიას მეტ-ნაკლებად დასრულებული სახე 1980 წელს აყვანილმა ცენტრმა რობერტ პერიშმა (მეტსახელი "ბელადი") და მძიმე ფორვარდმა კევინ მაკჰეილმა მისცეს.

ახლა, ბოსტონელებს ჰყავდათ ისეთი კალათბურთელები, რომლებსაც ბურთის ჩაგდება ევალებოდათ (ბერდი, სერდიკ მაქსველი) და ისეთებიც, რომლებსაც ფარქვეშ ბრძოლა შეეძლოთ. მორიგი ჩემპიონატი "სელტიქს" დარჩა.

"ლეიკერსის" საპასუხო სვლა იყო პოლ უესტჰედის მწვრთნელის პოსტიდან გაშვება და მის ადგილას მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სპეციალისტის პატ რაილის მიწვევა. ის აღმერებდა
ეფექტურ ძვირფას კოსტიუმებს, ისევე როგორც, აღმერთებდა ეფექტურ თამაშს - სწრაფსა და კომბინაციურს. იგივე გატაცება ჰქონდათ ახალი მწვრთნელის თანაშემწეებს - მეჯიქ ჯონსონს, ქარიმ აბდულ ჯაბარსა და ბობ მაკადუს. რაილის მიერ გაწეულმა სამუშაომ მაშინვე გამოიღო ნაყოფი - "ლეიკერსმა" ლამაზად მოიგო ჩემპიონატი. ჟურნალისტებმა კალიფორნიულ გუნდს Showtime შეარქვეს, რადგან გადამწყვეტ მატჩებსაც კი, ეს გუნდი ნამდვილ შოუდ აქცევდა ხოლმე.

"ლეიკერსს" შოუსადმი მიდრეკილებამ 1983 წელს ცუდი სამასახური გაუწია, როცა ფინალში კალიფორნიელები დისციპლინირებულ "ფილადელფიასთან" დამარცხდნენ. მაგრამ საერთო ჯამში, ეს მაინც შემთხვევითი ჩავარდნა იყო. შემდეგ სეზონში კი, მოხდა ის, რასაც ასე მოუთმენლად ელოდა ყველა: პრინციპში უკვე ჩამოყალიბებული დინასტიები, ფინალში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს გრანდიოზული "ომი" უნდა ყოფილიყო და ვარაუდი გამართლდა კიდეც.

"თუ სიმართლე გაინტერესებთ, ის სერია 0:4 უნდა წაგვეგო", - მოგვიანებით გაიხსენებს იმ ფინალს ბერდი. "ლეიკერსმა" ბოსტონში პირველი მატჩი მოიგო.

მეორეში, ასევე გასვლაზე, საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე 115:113 იგებდა. იმ შეხვედრაში რომ გაემარჯვათ, კალიფორნიელები ჩემპიონის საკითხს შინ იოლად გადაწყვეტდნენ. მაგრამ "ლეიკერსის" ახალ ვარსკვლავს ჯეიმს უორთის, გადაცემის შესრულებისას ხელი აუკანკალდა. ჩაჭრა, "ბოსტონის" ორი ქულა და ოვერტაიმი, რომელშიც ფორტუნა მასპინძლების მხარეს აღმოჩნდა. ასევე გაუმართლა "სელტიქსს" მეოთხე მატჩის ოვერტაიმშიც. და საბოლოოდ, "შოუთაიმმა", ალბათ, NBA-ის ისტორიაში ყველაზე წარმტაცი სერია შვიდ მატჩში წააგო.

სამაგიეროდ, მომავალ წელს, სამართლიანობა აღდგა. ჯონსონმა, აბდულ-ჯაბარმა და უორთიმ რევანში აუღეს "ბოსტონს", თანაც გზად, ფინალური სერიის პირველ მატჩში, აშკარად დაამცირეს ბერდი და მისი მეგობრები - 148:114.
აუერბახმა, რა თქმა უნდა კვლავ დროულად იგრძნო, რომ მის გუნდს გაძლიერება ესაჭიროებოდა და რამდენიმე შენაძენი გააკეთა. ახალწვეულთაგან ყველაზე გამოცდილი ცენტრი ბილ უოლტონი აღმოჩნდა. "ბოსტონის" ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ისედაც სუპერვარსკვლავებისგან (ბერდი, მაკჰეილი, პერიში, დენის ჯონსონი, დენი ეინჯი) შედგებოდა, უნიკალურად ძლიერი გახდა.

1986 წლის ჩემპიონატი აღმოსავლეთის ლიდერმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგო. "ლოს ანჯელესმა" კი, კვლავაც შედეგის საზიანოდ ეფექტურობაზე გააკეთა აქცენტი და მოულოდნელად ნახევარფინალში "ჰიუსტონ როკეტსთან" წააგო.

"ლეიკერსმა" მომდევნო წელს აღარ დაუშვა მსგავსი გაუგებრობა და 80-იან წლებში მესამედ (და უკანასკნელად) შედგა ფინალში ბოსტონურ-ლოსანჯელესური დაპირისპირება. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე მატჩი ბოსტონში. სერიაში ანგარიში 2:1 იყო "ლეიკერსის" სასარგებლოდ. თუმცა "სელტიქსს" სტატუს-ქვოს აღდგენის კარგი შანსი ჰქონდა, რადგან ბოლო წამებზე იგებდა - 106:104.

და აი აქ, აბდულ-ჯაბარზე თამაშის წესი დაირღვა. ლეგენდარულმა ცენტრმა ერთი ჯარიმა ჩააგდო, მეორე - ააცილა, მაგრამ ბურთი მეჯიქს მიუვიდა. ჯონსონის წინააღმდეგ სამი ბოსტონელი აღიმართა - მაკჰეილი, ბერდი და პერიში. მეჯიქმა კი ბურთი მაღალი ტრაექტორიით გაუშვა და ზუსტად ჩასვა კალათში. ამის შემდეგ, ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ "ლეიკერსი" ჩემპიონობას ხელიდან აღარ გაუშვებდა.

ამით ბოსტონელთა დინასტია დასამარდა. კალიფორნიულმა კიდევ ერთი სეზონი იარსება, იქამდე, სანამ 1989 წლის ფინალში ის "ჭუჭყიანი" კალათბურთის მოთამაშე "დეტროიტ პისტონზმა" არ დაამარცხა.

ერთი მეფის დინასტია
ძალიან მალე, NBA-ში ახალი დინასტია დაიბადა. დაიბადა იქ, სადაც მანამდე კარგი კალათბურთი არასოდეს ეთამაშათ. დაიბადა ექვსი წლის შემდეგ იმ მოვლენიდან, როცა "ჩიკაგო ბულზის" გენერალურმა მენეჯერმა, ჯერი კრაუზემ მისი შექმნისთვის პირველი და მთავარი ნაბიჯი გადადგა. საქმე ეხება 1984 წლის დრაფტს, რომელშიც "ბულზს" მესამე ნომრის არჩევის უფლება ჰქონდა და მან მაიკლ ჯორდანი აიყვანა. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ ის გახდებოდა დიადთა შორის უდიადესი, განუმეორებელი მისი უჰაერესობა.

მაგრამ ბუნებრივია, აუთსაიდერის დინასტიად ქცევისთვის, მარტო ჯორდანი საკმარისი არ იქნებოდა. კრაუზე დიდი დაკვირვებით ირჩევდა ჯორდანისთვის დამხმარეებს. 1987 დრაფტზე "ჩიკაგოს" ჰორას გრანტი და სკოტი პინენი ერგო. ერთი წლის შემდეგ, გაცვლის წესით, "ბულზმა" როგორც იქნა, ასე თუ ისე ნორმალური ცენტრი - ბილ კარტრაიტი ჩაიგდო ხელში. შემდეგ სეზონში გამთამაშებელ-სნაიპერ ჯონ პაქსონს პერსპექტიული ბი ჯეი არმსტრონგი შეუწყვილა. რჩებოდა მხოლოდ ერთი: კალათბურთელები ჯორდანთან ისე უნდა შეთამაშებულიყვნენ, რომ ეს "მასა" (რომელშიც რამდენიმე ბრწყინვალე შემსრულებელი მოხვდა) ერთ აზრზს შეგუებოდა - გუნდში მხოლოდ ერთი ლიდერია, ყველა ამ გენიოსს უნდა მიეხმაროს და ზედმეტი არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე.

1989 წლის ზაფხულში, ჯერი კრაუზემ ამ სცენარის განსახორციელებლად მწვრთნელი ფილ ჯექსონი მონახა. მას არასოდეს მოიხსენიებდნენ კარგ ტაქტიკოსად ან დაცვითი სქემების ოსტატად. სამაგიეროდ, მან იცოდა ის, რითაც სხვა ვერავინ დაიკვეხნიდა - ამბიციურ ვარსკვლავებთან საერთო ენის სწრაფად გამონახვა. ნებისმიერი სხვა სპეციალისტის ხელში, უნიჭიერესი, დიდი შესაძლებლობების მქონე, მაგრამ ჯორდანის ჩრდილქვეშ ყოფნისთვის განწირული სკოტი პინენი, მის უჰაერესობას სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერებოდა. ჯექსონის მეცადინეობით კი, მაიკლი და სკოტი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. და ორივენი დღემდე თავიანთ საუკეთესო მეგობრად ფილ ჯექსონს მოიხსენიებენ.

სხვა დანარჩენი, რაც ჩიკაგოს დინასტიას შეეხება, დაწვრილებით აღწერას არ საჭიროებს. პლეიოფის ფინალებში "ხარებს" ბრწყინვალე მეტოქეები ერგოთ: "ლეიკერსი", "პორტლენდი", "ფინიქსი"... ამ შესანიშნავ გუნდებსა და მათ არანაკლებ შესანიშნავ მოთამაშეებს არ გაუმართლათ. მათი კარიერის პიკი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ლიგაში ჯორდანი და პიპენი ბრწყინავდნენ. ყველა ფინალი, ერთი გუნდის მეორეზე აშკარა უპირატესობის ფონზე, საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა.

სამაგიეროდ, გაუმართლა "ჰიუსტონ როკეტსს". მისი აღზევების პერიოდი იმ ორ სეზონს დაემთხვა, რომლის განმავლობაში ჯორდანი ბეისბოლით იყო დაკავებული. შემდეგ მაიკლი "ჩიკაგოში" დაბრუნდა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. თუმცა ამისთვის, ფილ ჯექსონმა კლუბის მეპატრონეს, ჯერი რეინსდორფს თავისი გუნდის ლიდერისთვის ამერიკული სპორტის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი - წელიწადში 36 მილიონი დოლარი დასტყუა, აგრეთვე მისი უჰაერესობა კიდევ ერთ ამბიციურ ვარსკვლავთან და ნომერ პირველ სკანდალისტთან - დენის როდმანთან დაამეგობრა. "ბულზმა" ფინალებში "სიეტლ სუპერსონიქსი" და "იუტა ჯაზი" (ორჯერ) დაამარცხა და ჯამში, რვა წელიწადში ექვს ტიტულს მოუყარა თავი.

ამის შემდეგ დინასტია დაიშალა. წავიდა ჯორდანი, პიპენი, როდმანი. მათ ფილ ჯექსონიც მიჰყვა, რომელსაც "ლეიკერსის" მფლობელმა ჯერი ბასმა სარფიანი პირობები შესთავაზა. სხვათა შორის, ამ მწვრთნელმა "კალიფორნიაში რაღაც დინასტიის მსგავსი შექმნა - შაკილ ო'ნილისა და კობი ბრაიანტის დახმარებით, რომლებსაც რიკ ფოქსისა და რობერტ ორის მსგავსი "შავი მუშები" ედგნენ გვერდით.

ისევე როგორც "ჩიკაგოში", ჯექსონმა აქაც ორ ვარსკვლავს - ო'ნილსა და ბრაიანტს პოპულარობის ორად გაყოფა ასწავლა და "ლეიკერსმაც" ზედიზედ სამი ჩემპიონატი მოიგო. თითქოს გამარჯვებების სერია უნდა გაგრძელებულიყო. კალიფორნიელებმა ვარსკვლავი ვეტერანები - გერი პეიტონი და კარლ მელოუნი დაიმატეს, მაგრამ "დეტროიტმა" ლოსანჯელესელების მონდომება წყალში ჩაყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და ლეიკერში ფილ ჯექსონმა დინასტია ვერ შექმნა? 5ჯერ გახდა მისი ხელმძგვანელობით ლეიკერსი ჩემპიონი
vaxo
23 თებერვალი 2017 15:36
0
Chicago...
tazo
23 თებერვალი 2017 10:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული