"თანდერის" რიგებში გადავიდნენ ფორვარდები - ტაჯ გიბსონი და დაგ მაკდერმოტი. სანაცვლოდ, "ჩიკაგომ" მიიღო გამთამაშებელი კემერონ პეინი და ფორვარდები - ჟოფრე ლოვრენი და ენტონი მოროუ, რასაც ემატება 2018 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლება.
გიბსონი წლევანდელ სეზონში 11.6 ქულასა და 7.0 მოხსნას აგროვებს, მაკდერმოტის სტატისტიკა კი 10.2 ქულა და 3.0 მოხსნაა. 22 წლის პეინმა წელს, "ოკლაჰომაში" მხოლოდ 22-ჯერ ითამაშა და 5.3 ქულა მიითვალა.
საინტერესო გარიგება შედგა "ფილადელფიასა" და "დალასს" შორის. "სიქსერზის" ცენტრი ნერლენს ნოელი "მავერიქსში" გააგრძელებს კარიერას, ხოლო მის ნაცვლად აღმოსავლელები მიიღებენ ფორვარდ ჯასტინ ანდერსონს, ცენტრს ენდრიუ ბოგუტსა და 2017 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლებას.
2013 წლის დრაფტის მეექვსე ნომერმა ნოელმა ტრავმების გამო, წელს მხოლოდ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 8.9 ქულა და 5.0 მოხსნა დააგროვა. ამ ზაფხულს, ის შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება და "დალასი" აპირებს 22 წლის ცენტრთან კონტრაქტის გაფორმებას.
* * *
მოთამაშეები გაცვალეს "ფინიქსმა" და "ტორონტომ". კერძოდ, ფორვარდი პი ჯეი ტაკერი (წელს - 7.0 ქულა, 5.9 მოხსნა, 1.5 ჩაჭრა) "რეპტორზში" გაემგზავრა ცენტრ ჯარედ სალინჯერის (3.4 ქულა, 2.5 მოხსნა) სანაცვლოდ.
კიდევ ერთი გაცვლის თანახმად, "მილუოკიმ" "დენვერში" გაუშვა ცენტრი როი ჰიბერტი (5.2 ქულა, 3.6 მოხსნა) და ამის სანაცვლოდ მიიღო 2019 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება. მიმდინარე სეზონი ჰიბერტმა "შარლოტში" დაიწყო და თებერვლის დასაწყისში "მილუოკიში" გაიცვალა, სადაც ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.
დაბოლოს, "ჰიუსტონმა" ქეი ჯეი მაკდენიელსი (2.8 ქულა, 1.0 მოხსნა) "ბრუკლინში" გაშვა, რითაც გაანთავისუფლა ადგილი სახელფასო ბიუჯეტში თავისუფალი აგენტებისთვის.
სიმონსი წელს გამოირიცხა
"ფილადელფიას" ფორვარდი ბენ სიმონსი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს ტრავმის გამო, - იტყობინება NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.სიმონსმა, რომელიც 2016 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს, ფეხი წლევანდელი სეზონის დაწყებამდე მოიტეხა და თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ის მწყობრში იანვარში ჩადგებოდა. მაგრამ, "სიქსერზის" ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტეს არ გაერისკათ ამ სეზონში კალათბურთელის ჯანმრთელობით.
ამ მომენტისთვის, "ფილადელფია" მე-13 ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში და დიდი შანსია, ზედიზედ მეხუთედ ვერ მოხვდეს პლეი ოფში.
ჯონსი D-ლიგაში გაუშვეს
"ფინიქსმა" პერსპექტიული ფორვარდი დერიკ ჯონსი D-ლიგაში გაუშვა. მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა, როცა "სანზის" სამწვრთნელო შტაბი 20 წლის კალათბურთელს განვითარების ლიგაში ისტუმრებს.ჯონსი ფართო პუბლიკამ ცოტა ხნის წინ გაიცნო, როცა მონაწილეობა მიიღო "ოლ სტარის" ჩატენვების კონკურსში და იქ ფინალში დამარცხდა გლენ რობინსონთან.
ლეიკერსი კალდერონს იშორებს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" და გამთამაშებელი ხოსე კალდერონი განიხილავენ კონტრაქტის გამოსყიდვის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ 35 წლის ესპანელი კალათბურთელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა, მის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ "გოლდენ სტეიტი" და "ჰიუსტონი".მიმდინარე სეზონში კალდერონმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საშუალოდ 12 წუთი ითამაშა და 3.3 ქულა და 2.1 შედეგიანი პასი დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"