ნუ ჩამოწერთ ჩემპიონებს

AutoSharing Option
"მაიამის" სერიოზული პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ფლორიდურ კლუბს რთული კალენდარი ჰქონდა, ზედიზედ ოთხი წაგება ვარსკვლავური გუნდისთვის მეტისმეტია.

გუშინ, "ჰიტს" საკუთარი გულშემატკივრების წინაშე შელახული პრესტიჟის აღდგენა მართებდა (შეგახსენებთ, რომ ბოლო საშინაო მატჩი "მაიამიმ" "ორლანდოსთან" 24 ქულით წააგო), თანაც "ჩიკაგო" გათამაშების ცხრილში უსწრებდა "ჰიტს" და ეს მატჩი სატურნირო მდგომარეობის მხრივაც იყო მნიშვნელოვანი. და კიდევ, "დიდი ტრიოსთვის" ეს იყო რეგულარულში "ჩიკაგოს" დამარცხების ბოლო შანსი (ამ გუნდების პირველი ორი შეხვედრა "ბულზმა" მოიგო).

სტუმრებმა პირველი ოთხი ქულა ჟოაკიმ ნოას ორი ჩატენვით მოიპოვეს,
რასაც მასპინძლებმა ბოშის საშუალო მანძილიდან ტყორცნითა და უეიდის სწრაფი გარღვევით უპასუხეს. ფარქვეშ ბრძოლა უკეთ ჩიკაგოელებს გამოსდიოდათ, მაგრამ "მაიამის" მეტოქის მიერ ტყორცნების ცუდი რეალიზაცია შველოდა. ამის წყალობით მან ნელ-ნელა გაზარდა სხვაობა და მეორე მეოთხედის დაწყებიდან ორი წუთის შემდეგ პირველად გავიდა წინ ორნიშნა უპირატესობით - 28:18. ტიმ ტიბოდომ ტაიმ-აუტი აიღო და "ჩიკაგოს" საქმეები მაშინვე გამოსწორდა - სტუმრებმა დაცვა გააძლიერეს და მალე სამ ქულამდე შეამცირეს სხვაობა.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში "ჩიკაგოს" ლიდერი დერიკ როუზი ნაკლებად შესამჩნევი ფიგურა იყო. თავისი საფირმო გარღვევა მან მხოლოდ პირველი ნახევრის ბოლო შეტევაში განახორციელა. იმ მომენტისთვის ფლორიდელებმა მოასწრეს 12 ქულით დაწინაურება, ჯეიმსის, უეიდისა და ბოშის ანგარიშზე კი 41 ქულა იყო - ერთით მეტი ვიდრე დანარჩენი გუნდის მონაგარი.

როუზმა მეორე ტაიმში მოუმატა თამაშს. მას ძალიან მჭიდროდ ეთამაშებოდნენ მეურვეები, მაგრამ MVP-ის პრიზის მთავარი კანდიდატი მაინც ახერხებდა გარღვევებს ან მცველების თავისკენ გატყუებას და შემდეგ თავისუფალი პარტნიორებისკენ პასების დარიგებას. საბოლოოდ, ბოლო შესვენებამდე წუთნახევრით ადრე "ხარები" მაქსიმალურად მიუახლოვდნენ მეტოქეს და როუზს სამქულიანი რომ ჩაეგდო, წინ გასვლასაც მოახერხებენ.

გუნდები საწყის პოზიციას მეოთხე მეოთხედის დაწყებიდან პირველ წუთზე დაუბრუნდნენ - 65:65. ამის შემდეგ კარგა ხანი ქულა ქულაში მიდიოდა, შემდეგ კი დუეინ უეიდის შეცდომების ხარჯზე სტუმრები სამწუთნახევრით ადრე სოლიდური უპირატესობით გავიდნენ წინ - 82:76. სპოელსტრას მორიგი ტაიმ-აუტის შემდეგ "მაიამი" გააფთრებით ათამაშდა დაცვაში. ამან შედეგი მოიტანა. ჩელმერსმა შორეული ტყორცნით გაათანაბრა ანგარიში - 84:84. თამაშის დასრულებამდე წუთი და 5 წამი რჩებოდა. წუთშესვენების შემდეგ კორვერმა სამქულიანი ააცილა, ჩელმერსმა კი კიდევ ერთი ბურთი ჩააგდო და მასპინძლები ორი ქულით გავიდნენ წინ.

"ჩიკაგოს" გადასარჩენად 25 წამი რჩებოდა. დრო საკმარისი იყო. სტუმრები შეტევის მერვე წამზე იყვნენ, როცა ჩელმერსი დენგზე დაჯარიმდა. ბრიტანელმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, მაგრამ მოხსნაზე ივარგა, იქვე მასზე ისევ დაჯარიმდნენ. ამჯერად დენგმა ორივე თავისუფალი ტყორცნა მოათავსა კალათში - 87:86. მასპინძლებს გადასაწყვეტი ჰქონდათ ვისთვის მიენდოთ ბოლო ტყორცნა: ლებრონისთვის თუ უეიდისთვის? სხვათა შორის, გამარჯვების მომტანი ტყორცნების რეალიზაციის მხრივ "მაიამი" NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე უარესი გუნდია.

სასწაული არც ამჯერად მომხდარა, თანაც სროლა ორივე სუპერვასკვლავმა მოასწრო. თავიდან გარღვევისას არაზუსტი იყო ლებრონი, შემდეგ ბურთი მოხსნა და ისროლა უეიდმა, მაგრამ ისიც შეცდა.

ასე რომ, "მაიამის" ამ რეგულარულში არ ეღირსა "ხარების" დამარცხება. საინტერესოა, რა მოხდება პლეი ოფში, თუ, რა თქმა უნდა, ფლორიდელებს მოუწიათ ნოკაუტ-რაუნდში "ბულზთან" შეხვედრა.


* * *
"მაიამისგან" განსხვავებით მოქმედმა ჩემპიონმა "ლეიკერსმა" რევანში აუღო თავის პრინციპულ მეტოქეს "სან ანტონიოს", რომელთანაც წინა ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.

თავიდან "ლეიკერსი" გამოიყურებოდა კარგად, გაცილებით შინაარსიანად უტევდა და რაც მთავარია, თავი გამოიჩინა ექვსივე მოთამაშემ, რომლებსაც პირველ მეოთხედში მოუწიათ მოედანზე გასვლა, მასპინძლებისგან რეალურ საფრთხეს მხოლოდ ტონი პარკერი წარმოადგენდა. "სპურსის" მთავარმა ვარსკვლავმა ტიმ დანკანმა კი საწყის 12 წუთში ქულა ვერ დააგროვა, თუმცა სულ ერთხელ ისროლა. ამ ყველაფრის გამო პირველი მეოთხედი რეგულარულის ლიდერმა სამარცხვინოდ წააგო 21 ქულით.

ჩემპიონმა შეტევითი ფეიერვერკი მეორე მეოთხედში გააგრძელა. სამქულიანები ჩააგდეს ორთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მეტ ბარნსმა და თვით პაუ გასოლმა, ვისთვისაც ეს იყო პირველი გამოყენებული შორეული ტყორცნა სეზონში. პირველი ტაიმის დასრულებამდე 27 წამით ადრე, დერეკ ფიშერის სამქულიანის შემდეგ სხვაობა კატასტროფული გახდა - 65:36.

"სპურსის" გულშემატკივარი, რომელიც გადაჩვეულია ამ სეზონში თავისი საყვარელი გუნდის საშინაო მარცხს (ამ მატჩამდე "სან ანტონიოს" შინ ზედიზედ 22 მატჩი ჰქონდა მოგებული), "ლეიკერსს" უსტვენდა, მაგრამ ეს მასპინძლებს არ შველოდა. დიადი მეჯიქ ჯონსონი პირდაპირ ეთერში აქებდა თავის გუნდს და "ლეიკერსის" გუშინდელ თამაშს სეზონში საუკეთესოს უწოდებდა.

ბოლო მეოთხედში ინტრიგა შემდეგში მდგომარეობდა - შეძლებდნენ თუ არა მასპინძლები ღირსეული ანგარიშით წაგებას. რა თქმა უნდა, გამარჯვებაზე ფიქრი ზედმეტი იყო. მასპინძლებმა ეს მეტ-ნაკლებად მოახერხეს, თანაც მათი საფინიშო სპურტი რეზერვისტების დამსახურება იყო, თორემ ძირითადის წევრები დიდი ხანია სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ მწუხარე სახეებით.

"ლეიკერსმა" კი მართლაც საუკეთესო მატჩი ჩაატარა ამ სეზონში და ყველას მიანიშნა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია და კალიფორნიელები არ აპირებენ ასე იოლად ტიტულის დათმობას.


* * *
გასული დღე რამდენიმე სტატისტიკური მიღწევითაც იყო აღსანიშნავი. თავი გამოიჩინეს ვეტერანმა პლეიმეიკერებმა - სტივ ნეშმა და ჯეისონ კიდმა. პირველმა "ოკლაჰომასთან" მატჩში 14 შედეგიანი პასი შეასრულა და ყველა დროის სიაში ლეგენდარულ აიზია ტომასს გადაასწრო. ახლა კანადელს 9066 გადაცემა აქვს და მხოლოდ ჯონ სტოქტონს, კიდს, მარკ ჯექსონს, მეჯიქ ჯონსონსა და ოსკარ რობერტსონს ჩამორჩება.

რაც შეეხება კიდს, მან "მემფისთან" მატჩში ორი ჩაჭრა მიითვალა და საერთო რაოდენობის გარი პეიტონს გადაუსწრო. "დალასის" მცველს კარიერის განმავლობაში 2447-ჯერ აურთმევია ბურთი მეტოქეებისთვის. კიდს თავისუფლად შეუძლია გაუსწროს მეორე ადგილზე მყოფ მაიკლ ჯორდანს (2514), მაგრამ პირველი ადგილი, როგორც ჩანს, სამუდამოდ ეკუთვნის ჯონ სტოქტონს (3265).

დაბოლოს, არ შეიძლება არ აღინიშნოს "ფილადელფიას" ლიდერი ანდრე იგუოდალა, ვინც ზედიზედ მეორე მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულა. კარიერაში მისი რიგით მეშვიდე ტრიპლ-დაბლი ასე გამოიყურება: 15 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი.


მაიამი-ჩიკაგო 86:87
22:18, 27:22, 16:23, 21:24
მ: ჯეიმსი (26+8 მოხსნა+6 პასი), ბოში (23), უეიდი (20+5 პასი), ჩელმერსი (11+5 პასი).
ჩ: როუზი (27+5 პასი), დენგი (18), ბუზერი (12+10 მოხსნა), ნოა (11+8 მოხსნა).

სან ანტონიო-ლეიკერსი 83:99
13:34, 24:31, 15:16, 31:18
ს-ა: ნოა (15+7 მოხსნა), პარკერი (14), ჰილი (14), ბლეირი (6+12 პასი), დანკანი (2+7 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (26+5 პასი+7 მოხსნა), გასოლი (21+6 მოხსნა+5 პასი), ბინუმი (4+17 მოხსნა), ოდომი (15+6 პასი), ბრაუნი (12).

ატლანტა-ნიუ იორკი 79:92
19:24, 23:20, 14:18, 23:30
ა: სმიტი (17+11 მოხსნა), ჰაინრიხი (15), ჯონსონი (14), კროუფორდი (14).
ნ-ი: სტაუდმაიერი (26+7 მოხსნა), ფილდსი (15), ენტონი (14+7 მოხსნა+7 პასი), უილიამსი (12+6 მოხსნა), დუგლასი (10+7 პასი).

დეტროიტი-ვაშინგტონი 113:102
29:22, 31:29, 22:22, 31:29
დ: პრინსი (20+6 მოხსნა), სტაკი (19+9 პასი+7 მოხსნა), ვილანუევა (16), მონრო (12+7 მოხსნა), დეი (12).
ვ: უოლი (24+7 პასი), იანგი (21), ბლეტჩი (21+9 მოხსნა), მაკგი (12).

ფილადელფია-გ. სტეიტი 125:117 (ო)
31:25, 33:31, 16:24, 26:26, 19:11
ფ: იგუოდალა (15+11 მოხსნა+10 პასი), იანგი (20+7 მოხსნა), ტერნერი (20+7 მოხსნა), უილიამსი (19), ჰოლიდეი (16+8 მოხსნა+7 პასი), ბრენდი (12).
გ-ს: ელისი (27), კარი (22+7 პასი), ლი (14+14 მოხსნა), რაიტი (16), ამუნდსონი (10).

კლივლენდი-ნიუ ორლეანი 81:96
24:27, 24:24, 18:22, 15:23
კ: დევისი (17+6 პასი), ჰიქსონი (15+10 მოხსნა), სეშენსი (15), სამუელსი (11+8 მოხსნა).
ნ-ო: უესტი (23+7 მოხსნა), ბელინელი (18), პოლი (13+11 პასი), ჯეკი (14+6 მოხსნა+5 პასი), ოკაფორი (10+7 მოხსნა), გრინი (10).

ოკლაჰომა-ფინიქსი 122:118 (ო)
25:18, 32:33, 29:30, 23:18, 13:9
ო: უესტბრუკი (32+11 პასი), ჰარდენი (26+6 მოხსნა), დურანტი (18+8 მოხსნა), იბაკა (15+7 მოხსნა+4 დაფარება), კოლისონი (11+9 მოხსნა), სეფოლოშა (8+9 მოხსნა).
ფ: კარტერი (29), გორტატი (20+8 მოხსნა), პიეტრუსი (20), ნეში (11+14 პასი), ფრაი (11+15 მოხსნა), დადლი (10).

დალასი-მემფისი 103:104
27:21, 28:17, 23:41, 25:25
დ: ტერი (26), ნოვიცკი (23), ბობუა (15), მერიონი (10+12 მოხსნა), ბარეა (10+5 პასი).
მ: რენდოლფი (27+9 მოხსნა), კონლი (17+10 პასი), გასოლი (16+10 მოხსნა), ბატიე (11+11 მოხსნა), არტური (13+6 მოხსნა), მაიო (11+7 პასი).

მილუოკი-ბოსტონი 83:89
26:27, 23:16, 16:26, 18:20
მ: ჯენინგსი (23+6 მოხსნა+5 პასი), მბა ა მუტე (19+7 მოხსნა), სალმონსი (11+6 პასი), ბრუკმანი (4+9 მოხსნა).
ბ: პირსი (23), კრსტიჩი (17), გარნეტი (14+11 მოხსნა), ალენი (13), გრინი (11), რონდო (6+8 პასი).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული