კობი ბრაიანტმა მელოუნს გაუსწრო

AutoSharing Option

"მაიამი ჰიტის" კოშმარი ფლორიდაში გაგრძელდა. "პორტლენდმა" ბრწყინვალედ ჩაატარა სამხრეთული შტატის ორი გუნდის წინააღმდეგ მატჩები და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში პოზიციები გაიმყარა. წინა შეხვედრებში "მაიამი" პირველ ნახევარში დომინირებდა მოედანზე და მეორე ტაიმში აგებდა. ამჯერად ყველაფერი პირიქით გააკეთა, თუმცა საბოლოო შედეგი იგივე დარჩა. ფავორიტმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო.

ამ მატჩში ორი სუპერვარსკვლავი ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა ჯამში 67 ქულა დააგროვეს, პირველ მეოთხედში ამ დუეტს მხოლოდ ჩელმერსი ეხმარებოდა. მასპინძლების სათადარიგოებმა და კრის ბოშმა კოშმარული თამაში აჩვენეს. ერთად

ყველა რეზერვისტმა მხოლოდ რვა ქულას მოუყარა თავი, ბოშმა კი თამაშიდან 11-ჯერ ესროლა და მხოლოდ სამი გამოიყენა.

საბოლოოდ, ყოფილმა ტორონტოელმა მატჩი შვიდი ქულით დაასრულა. გუნდური კალათბურთი მხოლოდ უეიდსა და ლებრონს შორის იყო და შეიძლება ითქვას, "ჰიტის" ლიდერებმა პარტნიორების გამოსაცოცხლებლად ყველაფერი გააკეთეს. როცა "პორტლენდი" წინ გადიოდა, "მაიამის" ვარსკვლავები თამაშს თავის თავზე იღებდნენ და ჩამორჩენას აბათილებდნენ. როგორც კი ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ფიქსირდებოდა, ფლორიდული წყვილი ისევ აძლევდა შანსს სხვა მოთამაშეებს, მაგრამ ამ შემთხვევაში  თამაშზე კონტროლს მაშინვე სტუმრები აწესებდნენ.

მეოთხე მეოთხედში, როცა "პორტლენდის" უპირატესობა რვა ქულამდე გაიზარდა, გაბრაზებულმა უეიდმა დაშალა სტუმრების დაცვა, მაგრამ ვერც ამჯერად იპოვნა სათანადო მხარდაჭერა. როიმ, მილერმა და ოლდრიჯმა ნოკდაუნში ჩააგდეს "მაიამი", ხოლო ნოკაუტი მაშინ მოხდა, როცა მეტიუზმა საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 103:94 გახადა. ფლორიდელებმა სასწაული ვერ ჩაიდინეს.

ლებრონისა და უეიდისთვის სამწუხაროდ, მათი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი "მაიამის" ზედიზედ მეხუთე წაგებას დაემთხვა. ამ წაგებაში მათი დადანაშაულება არ შეიძლება. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თამაშს იგებს გუნდი და არა ინდივიდუალური კალათბურთელი. "პორტლენდმა" დაამტკიცა, რომ მართლაც კარგად დაყენებული კოლექტიური თამაში აქვს. "ბლეიზერსი" მრავალფეროვნად თამაშობდა, მუდმივად აიძულებდა "ჰიტს" გამოეცნო მაკმილანის რებუსები. რაც მთავარია, "ჰიტმა" წააგო არა უკანასკნელ წამებზე, როგორც ეს ბოლო დროს ხდებოდა, არამედ თამაშის მსვლელობისას.


* * *
გუშინდელი დღის გმირი გახდა კობი ბრაიანტი, რომელიც  NBA-ის ყველა დროის საუკეთესო სნაიპერებს შორის მეექვსე ადგილზე გადავიდა. "ლეიკერსის" ლიდერს "ატლანტასთან" მატჩში 12 ქულა სჭირდებოდა ლეგენდარული მოზეს მელოუნის გასასწრებად. კობიმ საჭირო რაოდენობა დიდ შესვენებამდე დააგროვა და ახლა 27 423 ქულით ყველა დროის მეექვსე ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ მარტო ამ სეზონში კობიმ უკან ჩამოიტოვა ელვინ ჰეიესი, ჰაკიმ ოლაჟუონი, ოსკარ რობერტსონი, დომინიკ უილკინსი და ჯონ ჰავლიჩეკი.

ატლანტა-ლეიკერსი 87:101
25:29, 24:28, 16:24, 22:20
ა: ჰორფორდი (17+9 მოხსნა), სმიტი (16+6 მოხსნა+6 პასი), ჰაინრიხი (12), ჯონსონი (11), უილკინსი (10), ფაჩულია (8+10 მოხსნა).
ლ: ბრაიანტი (26+6 მოხსნა), ბინუმი (16+16 მოხსნა+3 დაფარება), გასოლი (14+11 მოხსნა+5 პასი), ოდომი (12), ფიშერი (11).

კლივლენდი-გ. სტეიტი 85:95
30:18, 16:29, 19:29, 20:19
კ: დევისი (19+5 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ჰოლინზი (14), სამუელსი (11+9 მოხსნა), ჰიქსონი (10+7 მოხსნა).
გ-ს: ელისი (24+7 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), კარი (23+7 მოხსნა+6 პასი), ლი (14+14 მოხსნა).

ინდიანა-ფილადელფია 100:110
23:34, 30:31, 17:19, 30:26
ი: ჰენსბრო (26+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (13), პრაისი (12), გრეინჯერი (11), ჯონსი (11), კოლისონი (10).
ფ: იანგი (18+9 მოხსნა), ჰოლიდეი (16+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), იგუოდალა (16+10 პასი), მიქსი (15), ბრენდი (12+8 მოხსნა), ჰოსი (12), ტერნერი (10).

ვაშინგტონი-მილუოკი 76:95
21:22, 15:29, 16:24, 24:20
ვ: კროუფორდი (22), ევანსი (11), უოლი (10+9 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), იანგი (10).
მ: ჯენინგსი (23+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სალმონსი (22+5 მოხსნა+5 პასი), დელფინო (15+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოგუტი (14+9 მოხსნა+7 პასი), დულინგი (12).

მაიამი-პორტლენდი 96:105
25:25, 26:32, 24:20, 21:28
მ: უეიდი (38+6 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (31+11 მოხსნა+8 პასი), ჩელმერსი (10).
პ: ოლდრიჯი (26), უოლასი (22+9 მოხსნა), მილერი (14+5 პასი), როი (14), ბატუმი (11), მეტიუზი (10+5 პასი).

ფინიქსი-ჰიუსტონი 113:110
24:26, 24:24, 31:32, 34:28
ფ: კარტერი (32+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), უორიკი (32+8 მოხსნა), ჰილი (19), ნეში (9+14 პასი), გორტატი (13+16 მოხსნა).
ჰ: ლოური (32), პატერსონი (18+5 მოხსნა), მარტინი (17), ბადინგერი (13).

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული