NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სპურსის" 60 მოგება, დურანტისა და უეიდის დაბრუნება

AutoSharing Option
პლეი ოფის სურათ
რეგალურული ჩემპიონატის დამთავრებამდე 28 მატჩია დარჩენილი. უახლოესი სამი დღის განმავლობაში, გუნდებმა ბევრ კითხვას უნდა გასცენ პასუხი. პირველ რიგში, ეს ეხება აღმოსავლეთს, სადაც ჯერ პლეი ოფის არც ერთი წყვილი არ არის ჩამოყალიბებული.

ვარიანტი უამრავია, თანაც ეს შეეხება ცხრილის ზედა ნაწილსაც და ქვედასაც. ზემოთ "კლივლენდსა" და "ბოსტონს" ჯერ არ გაურკვევიათ ერთმანეთში - რომელს ექნება საკუთარი მოედნის უპირატესობა ფინალამდე. რაც შეეხება ქვედა ნაწილს, აქ გუნდები კიდევ არა ერთხელ გაცვლიან ადგილებს.

მშვიდად გრძნობენ თავს "ატლანტა" და "მილუოკი", რომლებიც მეხუთე ადგილს გაითამაშებენ, რაც
შეეხება "ინდიანას", "ჩიკაგოსა" და "მაიამის", ამ სამეულიდან ერთი ზედმეტი იქნება. ჯერჯერობით უფრო ცუდად აქვს საქმე "მაიამის", თუმცა, "ჰიტს" ეყოფა "ჩიკაგოს" მხოლოდ ერთი შეცდომა იმისთვის, რომ მერვე ადგილზე დამკვიდრდეს.

დასავლეთში ასეთი დაძაბულობა არ არის. "დენვერმა" თავად გადაიკეტა პლეი ოფის კარი და გზა გაუნთავისუფლა "პორტლენდს", რომელიც პირველ რაუნდში "გოლდენ სტეიტს" შეხვდება. სხვა წყვილებიც დაკომპლექტებულია: "სან ანტონიო" შეხვდება "მემფისს", ჯეიმს ჰარდენის "ჰიუსტონი" დაუპირისპირდება რასელ უესტბრუკის "ოკლაჰომას". დაბოლოს, "იუტა" შეეცდება 2010 წლის შემდეგ პირველად გადალახოს პლეი ოფის პირველი რაუნდი "კლიპერსთან" დუელში. სხვათა შორის, ამ სერიაში ჯერ არ არის გარკვეული საკუთარი მოედნის უპირატესობა.

მიღწევა
"სან ანტონიომ" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ ორ სეზონში 60 მატჩის მოგება. მიღწევა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა განსაკუთრებული. "გოლდენ სტეიტმა" წელს ზედიზედ მესამე ასეთი სეზონი ჩაატარა და გაუთანაბრდა "ჩიკაგოსა" და "ბოსტონს". აბსოლუტურ რეკორდს კი "ლეიკერსი" ფლობს, რომელსაც ზედიზედ ოთხ სეზონში მოუგია 60 მატჩზე მეტი (1985-88).

დაბრუნება
დიდხნიანი სპეკულაციებისა და მრავალრიცხოვანი ჭორების შემდეგ, კევინ დურანტმა მოახერხა მწყობრში ჩადგომა და როგორც დაპირებული იყო, პლეი ოფამდე მიიღო სათამაშო პრაქტიკა. დაბრუნება არც ისე დამაჯერებელი გამოვიდა მოპოვებული ქულების მხრივ (16 ქულა, 15-დან 6 ზუსტი ტყორცნა), სამაგიეროდ, სხვა მიმართულებით დურანტს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - 10 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი "ნიუ ორლეანთან" მოგებულ მატჩში. საერთო ჯამში, ტრავმის გამო ფორვარდს 19 მატჩის გამოტოვება მოუწია.

დუეინ უეიდის პაუზა უფრო დიდ ხანს გაგრძელდა, თუმცა, "ჩიკაგოს" ერთ-ერთი ლიდერის ასეთ სწრაფ დაბრუნებას არავინ ელოდა. "ბრუკლინთან" მატჩში დუეინი ცუდად არ გამოიყურებოდა და არც დისკომფორტს გრძნობდა, თუმცა, მცველისგან იმ საღამოს ბევრი არ იყო საჭირო (14 ქულა, 7 მოხსნა), რადგან, ტრადიციულად, "ბულზში" ბრწყინავდა ჯიმი ბატლერი (33 ქულა).

ტრავმა
უეიდის დაბრუნება დროული აღმოჩნდა, რადგან ტრავმა მიიღო "ხარების" "დიდი ტრიოს" კიდევ ერთმა წევრმა რაჟონ რონდომ. რეგულარულის ბოლოსკენ მცველმა ძველი სტატისტიკა შეგვახსენა - 11 მატჩიდან რვაში შეასრულა მინიმუმ რვა შედეგიანი გადაცემა. მაგრამ, "ნიუ იორკთან" მატჩში რონდომ მაჯის ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით გამოეთიშა თამაშს.

რკინის კაცი
მედიცინასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა ტრისტან ტომპსონს: მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ფორვარდმა ზედიზედ ოთხი სეზონი ჩაატარა, რომლებშიც ყველა - 82 მატჩი ჩაატარა. მისი უპაუზო სერია 447 მატჩს შეადგენდა, მაგრამ ტომპსონმა ვერ შეძლო ზედიზედ მეხუთე სრული სეზონის ჩატარება მარჯვენა ხელის ტრავმის გამო, ასე რომ, ზედიზედ ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენს (1192 თამაში) ეი სი გრინს შეუძლია მშვიდად იყოს.

პირადი რეკორდები
ერთ მატჩში 50 ქულის დაგროვება - არც ისე რთული ამოცანაა "პორტლენდის" ლიდერისთვის დამიენ ლილარდისთვის. მცველმა ამ სეზონში უკვე ორჯერ შეძლო ამ ზღვარის მიღწევა, მაგრამ 60 ქულასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა. "იუტასთან" მატჩში მცველს ჰქონდა შესანიშნავი შანსი - ახალ სიმაღლეზე ასულიყო, მაგრამ ერთი ქულა დააკლდა.

იმ მატჩში გორდონ ჰეივორდმა მხოლოდ 21 ქულა დააგროვა, სამაგიეროდ, წინა მატჩში "მინესოტას" წინააღმდეგ ფანტასტიკური შედეგიანობა აჩვენა - ხუთიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო, რვიდან შვიდი საჯარიმო გამოიყენა და თამაშიდან 22-დან 14 ბურთი მოათავსა კალათში. 39 ქულა მისი პირადი რეკორდია.

ნიუ იორკი-ტორონტო 97:110
29:23, 26:29, 20:24, 22:34
ნ-ი: ერნანგომესი (24+11 მოხსნა), ლი (14), კუზმინსკასი (12), ბეიკერი (11+8 მოხსნა+8 პასი), ჰოლიდეი (10).
ტ: დეროზანი (35), ლაური (17+7 მოხსნა+11 პასი), პატერსონი (15), იბაკა (12).

ატლანტა-კლივლენდი 126:125 (ო)
21:38, 25:27, 21:28, 44:18, 15:14
ა: მილსეპი (22+9 მოხსნა), ჰარდუეი (21+9 მოხსნა), ჰოვარდი (19), შრიოდერი (13), ბეიზმორი (13), მუსკალა (12).
კ: ირვინგი (45+9 პასი), ჯეიმსი (32+16 მოხსნა+10 პასი), ფრაი (12+8 მოხსნა), ლავი (11+15 მოხსნა), კორვერი (11).

დენვერი-ოკლაჰომა 105:106
26:27, 27:25, 38:29, 14:25
დ: გალინარი (34+10 მოხსნა), იოკიჩი (23), ჩენდლერი (17+10 მოხსნა), მუდიაი (14).
ო: უესტბრუკი (50+16 მოხსნა+10 პასი), კანტერი (15+8 მოხსნა), ადამსი (10+10 მოხსნა).

ფინიქსი-დალასი 124:111
40:29, 28:36, 36:20, 20:26
ფ: ბუკერი (21), უორენი (21+7 მოხსნა), იულისი (20+10 პასი), ჯონსი (15), ლენი (14+10 მოხსნა), უილიამსი (13).
დ: ფერელი (21), პაუელი (21), იუტოფი (12+9 მოხსნა), ნოვიცკი (11), ბრუსინო (11), ფინი-სმიტი (6+11 მოხსნა).

საკრამენტო-ჰიუსტონი 128:135
27:42, 35:36, 27:29, 39:28
ს: ლაბისიერი (25), ლოუსონი (20+11 პასი), მაკლემორი (18), კოული-სტაინი (16+10 მოხსნა), ტემპლი (13), ჰილდი (12), ჰელოუეი (10).
ჰ: ჰარდენი (35+11 მოხსნა+15 პასი), ანდერსონი (21), კაპელა (18), უილიამსი (18), ბრაუნი (16), უილიამსი (12+9 მოხსნა).

მემფისი-დეტროიტი 90:103
28:24, 29:24, 10:27, 23:28
მ: კონლი (15), მ. გასოლი (13), გრინი (12+7 მოხსნა).
დ: ბულოკი (14), მარიანოვიჩი (14+10 მოხსნა), ჰილიარდი (13), ჰარისი (12), სმიტი (11+7 პასი), უდრიხი (11), დრამონდი (5+11 მოხსნა).

ლეიკერსი-მინესოტა 110:109
29:21, 24:30, 25:28, 32:30
ლ: ენისი (20), კლარკსონი (17), რასელი (16), რენდლი (13+8 მოხსნა), ინგრემი (10), ნენე (10+10 მოხსნა+6 პასი).
მ: უიგინსი (41), თაუნსი (40+21 მოხსნა), ჯენგი (12+7 მოხსნა), მუჰამადი(12), რუბიო (2+11 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული