NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლივლენდმა" პირველი ადგილი დაკარგა

AutoSharing Option
"ინდიანა" არ აძლევს შანსს "მაიამისა" და "ჩიკაგოს" მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში. "პეისერსმა" "ფილადელფია" დაამარცხა, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და მეშვიდე პოზიციაზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში. თავად "ფილადელფიამ" გააგრძელა თავისი წაგებათა სერია შვიდ მატჩამდე.

"პეისერსი" ბოლო შეხვედრას შინ ჩაატარებს "ატლანტას" წინააღმდეგ.

* * *
"ჩიკაგომ" შინ დიდი ანგარიშით მოუგო "ორლანდოს" - 122:75. "ხარები" დომინირებდნენ მთელი მატჩის განმავლობაში და მხოლოდ ზრდიდნენ უპირატესობას. საბოლოო სხვაობა იყო - 47 ქულა - ეს "ჩიკაგოს" ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა ამ სეზონში.

"ბულზს" 40 მოგება აქვს და მერვე ადგილზეა აღმოსავლეთ
კონფერენციაში - "მაიამის" დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

* * *
თავად "მაიამიმ" ოვერტაიმში დაამარცხა "კლივლენდი" - 124:121. "კავალიერზი" ლიდერობდა სამი მეოთხედის განმავლობაში და ერთ მომენტში მისი უპირატესობა 15 ქულას შეადგენდა. მეოთხე მეოთხედში "მაიამიმ" ჯერ შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი ცოტა ხნით წინ გავიდა, მაგრამ "კლივლენდმა" შეძლო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა. თუმცა, იქ "ჰიტმა" უკეთ ითამაშა.

"კლივლენდმა" დაასვენა ლებრონ ჯეიმსი და კაირი ირვინგი და მათ არყოფნაში, საუკეთესო იყო დერონ უილიამსი - 35 ქულა.

"მაიამის" რჩება ერთი შეხვედრა "ვაშინგტონის" წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგოს და ამასთან, იმედი იქონიოს, რომ "ინდიანა" ან "ჩიკაგო" წააგებს რეგულარულის ბოლო შეხვედრას.

* * *
ამ წაგებით, "კლივლენდმა" პრაქტიკულად დაკარგა პირველი ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში, რადგან მისმა კონკურენტმა "ბოსტონმა" შინ უპრობლემოდ დაამარცხა "ბრუკლინი". საბოლოო ანგარიშმა (114:105) არ უნდა დაგვაბნიოს - თამაშის მსვლელობისას, "სელტიქსის" უპირატესობა 27 ქულამდე ადიოდა, "ნეტსი" კი ერთხელაც არ ყოფილა წინ.

"ბოსტონმა" ერთი მოგებით გაუსწრო "კლივლენდს" და თუ ბოლო შეხვედრას მოიგებს რეგულარულში, აღმოსავლეთში პლეი ოფის ყველა რაუნდში ექნება საკუთარი მოედნის უპირატესობა.

გუშინდელი მოგების შემდეგ, "ბოსტონმა" მოიპოვა ატლანტიკის დივიზიონის ტიტული.

* * *
იანის ანტენტოკუნმპომ 10 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა და სეზონში მესამე სამმაგი დუბლით მოაგებინა "მილუოკის". "ბაქსმა" სეზონში 42-ე გამარჯვებას მიაღწია, "შარლოტმა" კი, რომელმაც დაკარგა პლეი ოფში მოხვედრის შანსი, ზედიზედ მეოთხედ წააგო.

* * *
"დეტროიტმა" ბოლო მატჩი ჩაატარა თავის საშინაო არენაზე - "პელას ოფ ობერნ-ჰილსზე". მომავალი სეზონიდან გუნდი ახალ სტადიონზე გადადის, რომელსაც "ლიტლ სიზარსი" ჰქვია.

დეტროიტელები წაგებით გამოეთხოვნენ ძველ არენას. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ჩამორჩებოდნენ "ვაშინგტონს" და უშანსოდ იყვნენ.

* * *
პორტლენდელმა ნოა ვონლემ საფინალო სირენამდე წამით ადრე ჩააგდო ბაზერ-ბიტერი და თავის გუნდს "სან ანტონიოსთან" მატჩი მოაგებინა. "ბლეიზერსმა" ზედიზედ მესამედ და ბოლო 11 მატჩში მეცხრედ მოიგო, "სპურსმა" კი ამ სეზონში პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი.

* * *
შესანიშნავ ფორმაშია რეგულარულის ბოლოს "კლიპერსი", რომელმაც 29 ქულით გაანადგურა "ჰიუსტონი". კალიფორნიელებს ბოლო შეხვედრა შინ აქვთ "საკრამენტოს" წინააღმდეგ და მოგების შემთხვევაში, საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნებათ "იუტასთან" პლეი ოფის პირველ რაუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული