ლავი "მეომრებმა" შეაჩერეს

AutoSharing Option
თანდათან შორდება პლეი ოფის ზონას "ფინიქს სანზი". გუშინ ელვინ ჯენტრის გუნდმა ყველა კომპონენტში დათმო შეხვედრა "ორლანდოს" წინააღმდეგ. "მეჯიქმა" პირველი მეოთხედიდან დაიწყო საჭირო ჰანდიკაპის შექმნა, თუმცა პირველ ნახევარში "მზეების" ჩამორჩენა არც ისე კატასტროფული იყო. იმ საღამოს ტრავმირებულ სტივ ნეშს აარონ ბრუქსი ცვლიდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - პირველ ტაიმში მის ანგარიშზე 19 ქულა იყო.

დიდი შესვენების შემდეგ ფლორიდელებმა მთლიანად ჩაიგდეს ხელთ ინიციატივა და მასპინძლები უშანსოდ დატოვეს. ისევ დომინირებდა ორივე ფარზე დუაიტ ჰოვარდი, თანაც ხარისხიანი მხარდაჭერა ჰქონდა ბრენდონ ბასისგან.
ბოლოს და ბოლოს უკვე მესამე მეოთხედის მიწურულისთვის მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. დანარჩენი დრო მოედანზე რეზერვისტები თამაშობდნენ.
"მილუოკიმ" შედეგიანობის საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა. "ბოსტონმა" "ირმების" წინააღმდეგ ფანტასტიკური დაცვა ითამაშა და მეტოქეს მხოლოდ 56 ქულის დაგროვების საშუალება მისცა. მატჩი 87:56 დასრულდა და სტუმრებმა დაამხეს შედეგიანობის წინა ანტირეკორდი, რომელიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იყო ძალაში. აღსანიშნავია, რომ მაშინაც ერთმანეთს "ბოსტონი" და "მილუოკი" ხვდებოდნენ და "ბაქსმა" 57 ქულა დააგროვა.

"ბოსტონი" განსაკუთრებული განწყობით შეხვდა ამ მატჩს, რადგან ბოლო ორი შეხვედრა წაგებული ჰქონდა. მასპინძლებმა განსაკუთრებით მოინდომეს დაცვაში და მხოლოდ ერთ მოთამაშეს, "მილუოკის" ღრმა რეზერვისტს ირლ ბერონს დააგროვებინეს ათი ქულა.

"ირმები" უბრალოდ პარალიზებულნი იყვნენ შეტევაში. 22 ზუსტი ტყორცნა 70 ცდიდან - "ბოსტონის" დომინირების თვალნათელი მაჩვენებელია. "მილუოკის" მეოთხე მეოთხედის სტარტისთვის თავის ანგარიშზე 40 ქულაც არ ჰქონდა. რაც შეეხება "კელტების" შეტევას, პერიოდულად ინდომებდნენ პოლ პირსი და რეი ალენი - როგორც ამას სიტუაცია მოითხოვდა. რაჟონ რონდოსა და კევინ გარნეტისთვის კი ეს თამაში უბრალო ვარჯიში გამოდგა.

ჩონსი ბილაპსის მწყობრში დაბრუნებამაც ვერ უშველა "ნიუ იორკს" შინ "ინდიანასთან" მატჩში. როგორც ჩანს, ლარი ბერდმა შეაგნებინა მოთამაშეებს, რომ "პეისერსის" ცუდ თამაშში არა მწვრთნელი, არამედ კალათბურთელები არიან დამნაშავეები. "ინდიანამ" საკმაოდ აქტიურად დაიწყო მატჩი და პირველივე წუთიდან თანდათან დაშორდა მეტოქეს.

სტუმართა რიგებში მთავარი მოქმედი პირი იყო ტაილერ ჰენსბრო. როგორ მრისხანედაც არ უნდა ეთამაშა "ნიქსის" წინა ხაზს ამარე სტაუდმაიერის ხელმძღვანელობით, "პეისერსის" მძიმე ფორვარდი ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს სამწამიან ზონაში. ასევე უნდა აღინიშნოს პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა. დენი გრეინჯერის გარეშეც "ინდიანაში" აღმოჩდნენ კალათბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ საჭირო მომენტში ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. "ნიქსის" ვარსკვლავებმა კი ასეთი მხარდაჭერა ვერ იპოვნეს - მარტო კარმელო ენტონიმ და სტაუდმაიერმა თამაშის მოგება ვერ შეძლეს.

შეწყდა კევინ ლავის ფანტასტიკური სერია. მას შემდეგ, რაც "მინესოტას" მძიმე ფორვარდმა 19 ნოემბერს "ლეიკერსთან" მატჩში ვერ შეძლო ორმაგი დუბლის შეასრულება, ლავი იმ დღიდან მოყოლებული ზედიზედ 53 შეხვედრაში აგროვებდა ერთდროულად მინიმუმ 10 ქულასა და 10 მოხსნას. კევინის შეჩერება "გოლდენ სტეიტმა" შეძლო. პირველ ტაიმში "მინესოტა" კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მესამე მეოთხედიდან მოყოლებული "მეომრებმა" შანსი არ დაუტოვეს არც ლავსა და არც მის გუნდს.

კლივლენდი-ოკლაჰომა 75:95
14:29, 24:21, 18:25, 19:20
კ: გიბსონი (13), სამუელსი (10+10 მოხსნა), ჰიქსონი (8+15 მოხსნა)
ო: უესტბრუკი (20+5 პასი), დურანტი (19), ჰარდენი (16+5 მოხსნა), მუჰამედი (11), იბაკა (8+14 მოხსნა+7 დაფარება)

ტორონტო-შარლოტი 90:95
22:24, 25:26, 24:26, 19:19
ტ: ბარნიანი (17), ბარბოზა (15), კალდერონი (13+7 პასი), დეროზანი (11), ევანსი (6+17 მოხსნა)
შ: ოგუსტინი (23), ჰენდერსონი (18), დიაო (15+6 პასი), ჯექსონი (15+5 მოხსნა+5 პასი)

ფინიქსი-ორლანდო 88:111
26:32, 26:29, 13:26, 23:24
ფ: ბრუქსი (19+10 პასი), პიეტრუსი (14), გორტატი (12), კარტერი (11), დადლი (10+7 მოხსნა)
ო: ჰოვარდი (26+15 მოხსნა+5 დაფარება), ბასი (17+6 მოხსნა), არენასი (16+5 მოხსნა), ნელსონი (14), თურქოგლუ (13+7 მოხსნა), ანდერსონი (11+6 მოხსნა), რიჩარდსონი (10+8 მოხსნა)

ბოსტონი-მილუოკი 87:56
20:9, 19:13, 21:16, 27:18
ბ: ალენი (17), პირსი (14), მერფი (12+7 მოხსნა), კრსტიჩი (11+14 მოხსნა), გრინი (11)
მ: ბერონი (10)

ნიუ იორკი-ინდიანა 93:106
21:29, 25:25, 26:31, 21:21
ნ-ი: სტაუდმაიერი (28+6 მოხსნა), ენტონი (25+5 მოხსნა), უილიამსი (13)
ი: ჰენსბრო (29+8 მოხსნა), ჯონსი (18), კოლისონი (16+8 პასი), ჰიბერტი (12+8 პასი+5 დაფარება)

გ. სტეიტი-მინესოტა 100:77
26:23, 23:21, 26:15, 25:18
გ-ს: კარი (24+9 მოხსნა+6 პასი), ელისი (16+5 პასი), რაიტი (16), ამუნდსონი (11+7 მოხსნა)
მ: ბიზლი (16+5 მოხსნა), უებსტერი (16), რიდნური (13+6 პასი), ლავი (6+12 მოხსნა+5 პასი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული